როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, აქტიურად მიმდინარეობს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე 100 000-ს გადააჭარბა აცრილი ადამიანების რაოდენობამ, რაც იმედს გვაძლევს, რომ პანდემიას ბოლო უჩანს და ნელ-ნელა ჩვეულ რითმს დაუბრუნდება ჩვენი ცხოვრება.
და როდესაც ცხოვრების ჩვეულ რითმზე ვსაუბრობთ – რა თქმა უნდა მოვიაზრებთ მოგზაურობასაც, აბა, მის გარეშე ჩვენი ცხოვრება როგორ წარმოგვიდგენია?! ვაქცინაციის ერთ-ერთი დადებითი მხარე კი ის არის, რომ ის როგორც ცხოვრებას, ისე მოგზაურობას, ბევრად მშვიდსა და უსაფრთხოს ხდის.
ძალიან ბევრი კითხვა ისმის ვაქცინაციასა და მოგზაურობასთან დაკავშირებით და ვეცადეთ, რამდენიმე მათგანი გამოგვეყო და პასუხები გაგვეცა:
1. აუცილებლად უნდა ავიცრა, თუ სამომავლოდ მოგზაურობა მინდა?
არა! რა თქმა უნდა, ვაქცინაცია არც მოგზაურობის შემთხვევაშია სავალდებულო. თუმცა, სამომავლოდ, აცრილები საზღვარზე შესვლისას პრიორიტეტულები იქნებიან, რადგან მათ სპეციალური პასპორტი ექნებათ (ან თუ აღნიშნული პასპორტი ჩვენთან ძალაში არ შემოვა, გაკეთებული ვაქცინის ორივე დოზა მაინც პრიორიტეტულია), რაც მათ მოგზაურობას ბევრად კომფორტულს გახდის. მაგალითისთვის (და დღეის მონაცემებით) თუ თქვენ ჯერ არ აცრილხართ და გსურთ ავსტრიაში გამგზავრება, ქვეყანა აუცილებლად მოგთხოვთ სავალდებულო, 10 დღიან კარანტინს, ხოლო ვაქცინირებულ მოგზაურებს კი დათვალიერება ყოველგვარი იზოლაციის გარეშე, იმავე დღეს შეეძლებათ.
2. 2021 წელს მოვახერხებთ მოგზაურობას?
ამაზე ოფიციალური პასუხი არ გვაქვს, თუმცა ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ გითხრათ – დიახ! ამის თქმის შესაძლებლობას მსოფლიოში არსებული მონაცემებიც გვაძლევს, ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობაც და ისიც, რომ ნელ-ნელა საზღვრები იხსნება. ადრე თუ თითქმის ყველა ქვეყანაში ტურისტულად შესვლა შეზღუდული იყო, ახლა შეგვიძლია, წავიდეთ, მხოლოდ იმ პირობით, რომ წარვადგენთ PCR ტესტს და (ქვეყნის მოთხოვნებიდან გამომდინარე) აუცილებლობის შემთხვევაში, დროს იზოლაციაშიც გავატარებთ.
3. უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას მაინც უნდა ვატარო პირბადე?
დიახ! პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა აუცილებელია აეროპორტში და თვითმფრინავში მგზავრობისას. მნიშვნელობა არ აქვს, ხართ თუ არა აცრილი. რაც შეეხება უცხო ქვეყანაში გატარებულ დღეებს, ეს იმ ქალაქზეა დამოკიდებული, სადაც მიემგზავრებით. ზოგიერთ ქვეყანაში, ისევე, როგორც ჩვენთან, ისევ ძალაშია ქუჩაში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება. ასე რომ, გაუფრთხილდით თავს, გარშემომყოფებს და დაუჯერეთ იმ წესებს, რაც იმ ქვეყანაში მოქმედებს, სადაც მოგზაურობას აპირებთ.
4. ვაქცინაციის მხოლოდ ერთი დოზით შემიძლია გამგზავრება?
შეძლებით, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, თუმცა სასურველი არ არის, რადგან კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები 2 დოზას შეიცავს, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ერთხელ აცრით დაცული არ ხართ. მეტი რისკია როგორც დაავადების, ისე ამ დაავადების გავრცელების. ამიტომ, გირჩევდით, სრულად ჩაგეტარებინათ კურსი და შემდეგ გამგზავრებულიყავით.
5. ვაქცინაციის გაკეთების შემთხვევაში, საზღვარზე დამჭირდება PCR ტესტის წარდგენა?
არა! ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპის წამლის სააგენტოს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზებული ვაქცინით ხართ აცრილი – ანუ, უფრო მარტივად: PCR ტესტი საზღვარზე არ დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული ვაქცინით ხართ აცრილი.
6. და ახლა რა ვქნა?
ჩვენ, თქვენ ადგილას, მოგზაურობის დაგეგმვას დავიწყებდით. ვეწვეოდით fly.tkt.ge – ის და ზაფხულისთვის კარგ დასვენებას დავგეგმავდით.