სხვა მილიონობით ტურისტთან ერთად ქალაქი სტამბოლი ქართველი მოგზაურებისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია, რომელიც თავის უძველეს კულტურულ უნიკალურობასთან ერთად, ბევრ გურმანს მომაჯადოებელი სამზარეულოთი იზიდავს.
მართლაც რთულია არ მოგხიბლოს ადგილობრივმა თურქულმა სამზარეულომ, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიასავით მრავალფეროვანია: რომც სცადოთ, მარტო თურქული ჩაროზის, რაჰათლუკუმის სხვადასხვა სახეობის დაგემოვნებასაც კი ვერ აუხვალთ. თანაც ისე, რომ თითოეული მათგანის ერთი ლუკმაც კი საოცარ ნეტარებას მოგანიჭებთ და მისი გემო კიდევ დიდხანს დაგამახსოვრდებათ ტკბილ მოგონებად.
ასეთი გამორჩეული გემოებით სახელგანთქმული ქვეყნის ისტორიულ ქალაქ სტამბოლში კი ერთ ქართულ რესტორანსაც გადააწყდებით, რომელიც ნებისმიერ სტუმარს ტრადიციული ქართული სამზარეულოს გაცნობის საშუალებას ქვეყნიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით აძლევს.
თაქსიმის მოედანთან ახლოს მდებარე რესტორანს, რომელსაც გალაკტიონი ჰქვია, ერთ-ერთი ცნობილი კულინარიული გამოცემა Culinary Backstreets-ის ჟურნალისტი, ჯეფრი ბალინგერი ესტუმრა და შესაშურად საქებარი სტატიაც მიუძღვნა.
"გალაკტიონში შესვლისას რესტორნის ნაცვლად თავს მეოცე საუკუნის ლიტერატურულ სალონში გრძნობ — ვიწრო შესასვლელში ქართული, რუსული, თურქული და ინგლისური წიგნებია ჩამწკრივებული", — ასე აღწერს ავტორი სტუმრობის პირველ შთაბეჭდილებას.
მისი თქმით, ყოველ საღამოს რესტორნის მაგიდებთან შენიშნავთ თურქ და უცხოელ წყვილებს, ოჯახებსა თუ სტუდენტებს, რომლებიც ხელით მომზადებულ ხინკალსა და ქვევრის ღვინოს შეექცევიან.
რესტორნის მფლობელი ქართველი მწერალი და მასწავლებელი, ირაკლი კაკაბაძეა, რომელიც სტამბოლში საცხოვრებლად ხუთი წლის წინ გადავიდა და ლეგენდარული ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის რესტორანი გახსნა. მას ქართველი მკითხველები განსაკუთრებულად იცნობენ იაკი კაბეს ფსევდონიმით მიერ გამოქვეყნებული ტანკებით (იაპონური პოეზიის ცნობილი სალექსო ფორმა), რის გამოც ის ხშირად იაპონელი მწერალიც კი ეგონათ. კაკაბაძეს ასევე გამოცემული აქვს ლექსების კრებული სამწერტილები და რომანი გამოსვლის წიგნი.
როგორც ჟურნალისტს თავად მწერალი უყვება, თავდაპირველად რესტორანი ცოლისა და მეგობრის დახმარებით გახსნა, ამჟამად კი იქ უკვე ხუთი ადამიანი მუშაობს. გამორჩეული ქართული არომატების დაგემოვნების შესაძლებლობასთან ერთად რესტორნის სტუმრებს პერიოდულად შესაძლებლობა აქვთ ქართულ კულტურას უფრო ღრმად გაეცნონ — ირაკლი კაკაბაძე ცდილობს ხშირად გამართოს ქართული პოეზიის საღამოები თუ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები.
"კარგად ვიცნობ ქართულ სამზარეულოს და როცა აქ ჩამოვედი, გავაცნობიერე, რომ ქართული რესტორნის გახსნა დიდებული შანსი იქნებოდა", — ამბობს ირაკლი კაკაბაძე, რომელსაც რესტორნის სტუმრებისთვის ქართული ჭაჭა და ღვინო საქართველოდან ჩააქვს სტამბოლში. მეტიც — ქართული კერძების მოსამზადებლადაც კი მხოლოდ ქართულ სანელებლებს იყენებს.
სწორედ ამის დამსახურებაა, რომ აღფრთოვანებით აღწერს Culinary Backstreets-ის ჟურნალისტი, ჯეფრი ბალინგერი გალაკტიონის ხინკალსა თუ ხაჭაპურს: რესტორნის მესვეურები მაქსიმალურად ცდილობენ ქართული კერძების გემოებისა და არომატების ავთენტურად შენარჩუნებას.
შესაბამისად, თუ სტამბოლში მოგზაურობას დააპირებთ და მშობლიური გემოები მოგენატრებათ, აუცილებლად ესტუმრეთ გალაკტიონს, სადაც ქართული კერძებით მადიანად დანაყრების შემდეგ ანგარიშსაც კი გალაკტიონ ტაბიძის წიგნის დიზაინით მოგართმევენ.
დაიღალეთ იმის გამოცნობით, თუ როდისაა ბილეთები ყველაზე ხელმისაწვდომი? იაფი ავიაბილეთების მარტივად აღმოსაჩენად, შეგიძლიათ ავიაბილეთების კალენდარი გამოიყენოთ. კალენდარი ყველა ხელმისაწვდომ ვარიანტს გიჩვენებთ შერჩეული პერიოდისთვის და რაც უფრო მეტ თვეს აირჩევთ, მით უფრო მეტი შანსია, ბილეთებს შესაშურად იაფად გამოჰკრათ ხელი.