“სინათლის ქალაქი” მხოლოდ მაღალი კლასის რესტორნებთა და ბისტროებით არ იწონებს თავს. მისი მომხიბვლელობა დაბალბიუჯეტიან კვების ობიექტებშიცაა, რომელთა მონახულებისა და გემრიელი კერძების გასინჯვის გარეშე, პარიზიდან არ უნდა წამოხვიდეთ.

კაფე-რესტორნების საძებნელად ქუჩებში ბევრი რომ არ იხეტიალოთ, ამ სტატიაში შეგიგროვეთ 15 მადისაღმძვრელი და თან იაფი კერძი პარიზიდან. სია ასე გამოიყურება:

1. ცხარე ან ტკბილი კრეპი La Droguerie-ში

არჩევანი შენზეა, კრეპი შოკოლადით თუ შვეიცარული ყველით? ეს პატარა ფრანგული კრეპების რესტორანი Le Marais უბანში, 56 Rue des Rosiers-ზე, პარიზის მეოთხე ადმინისტრაციულ ქვედანაყოფში მდებარეობს.

2. ებრაული ქუჩის საჭმელი Miznon-ში

Miznon თელ-ავივური სწრაფი კვების ობიექტის ფილიალია, სადაც პიტა სენდვიჩებს ყიდიან. შიგთავსი ნებისმიერი სახის შეიძლება იყოს, დაწყებული კომბოსტოთი, დამთავრებული შემწვარი ბატკნის ხორცით. Miznon-ის მისამართია 22 Rue des Ecouffes (4e arrondissement).

3. ფრანგული ფუნთუშა ფისტათი Du Pain et des Idées-ში

თუ ფრანგული ცომეული და ტკბილეული გიზიდავთ, ამ ბულანჟერიას აუცილებლად უნდა ესტუმროთ. როგორც ამბობენ, აქ გამომცხვარი ფუნთუშა ფისტათი (pistachio escargot) დაბალი ფასის გარდა, განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა. საცხობი სენ მარტინის არხიდან რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს. ზუსტი მისამართი კი 34 Rue Yves Toudic (10e arrondissement) არის.

4. ცომის გუფთები Raviolis Chinois Nord-Est-ში

ამ მოკრძალებულ, ჩინურ კვების ობიექტში პელმენების მსგავს ცომის გუფთებს ღორის ხორცის ან კრევეტების შიგთავსით ამზადებენ. ათი ცალი გუფთა 5 ევრო ღირს და ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია დაბალ ფასად გემრიელად დანაყრებისთვის. მისი მისამართია 11 Rue Civiale (10e arrondissement).

5. ფალაფელი L’As du Fallafel-ში

პარიზში საუკეთესო ქუჩის საჭმელი სწორედ ამ ადგილას, L’As du Fallafel-ში მზადდება. რესტორნის უბრალო სასადილოსა და მზა კერძების ასაღებ ფანჯარასთან ყოველდღე უამრავი ადამიანი იყრის თავს და ფალაფელს თუ შემწვარი ბადრიჯნის პიტა სენდვიჩს მოუთმენლად ელოდება. ამ კვების ობიექტს პარიზში, 32-34 Rue des Rosiers (4e arrondissement)-ზე იპოვით.

6. ვაშლის ტარტი Poilâne-ში

Poilâne ქალაქის რამდენიმე წერტილში შეგხვდებათ, მაგრამ გამოცდილი ტურისტების შეფასებით, პირველი საცხობი, რომელიც პარიზის მეექვსე ადმინისტრაციულ ქვედანაყოფში მდებარეობს, მათ შორის საუკეთესოა. როგორც ამბობენ, ახლადგამომცხვარი პურისა და ვაშლის ტარტის სურნელი ქუჩიდანაც იგრძნობა. მისი მისამართია 8 rue du Cherche Midi (6e arrondissement).

7. სტეიკი და კარტოფილი Bistrot Victoires-ში

Bistrot Victoires საუკეთესო ადგილია ფრანგული ტრადიციული ბისტროს კერძების ხელმისაწვდომ ფასად გასასინჯად. სტეიკი და კარტოფილი, ლოკოკინა, ნელ ცეცლზე შემწვარი იხვი სწორედ ამ ადგილას შეგიძლიათ მიირთვათ ქალაქში საუკეთესო ფასად. მისი მისამართია 6 Rue de la Vrillière (2e arrondissement).

8. ვიეტნამური კერძი Dong Huong-ში

ვიეტნამური კვების ობიექტები პარიზში ბევრ ადგილას შეგხვდებათ, თუმცა ეს დაწესებულება, სადაც გემრიელ ნუდლსებს ამზადებენ, მათ შორის ყველაზე ხელმისაწვდომია. მენიუში თითქმის ყველა კერძი 10 ევროზე ნაკლები ღირს. Dong Huong-ის მისამართია 14 Rue Louis Bonnet (11e arrondissement).

9. კუსკუსი Le Petit Bleu-ში

პარიზში უამრავი მოროკოელი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრგან გადააწყდებით რესტორნებს, სადაც ტაჯინსა და კუსკუსს ამზადებენ. Le Petit Bleu კი საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ადგილია კუსკუსის გასასინჯად, მერგეზის სოუსით, ქათმით, ბოსტნეულით და ლეღვით. ამ რესტორანს 23 Rue Muller (12e arrondissement)-ზე იპოვით.

10. ტონკაცუ Abri-ში

Abri იაპონიით შთაგონებულ რესტორნებს შორის ნამდვილი ლიდერია. აქ შესვლა საკმაოდ რთულია, რადგან ექვს-კერძიანი სადილი ძალიან იაფი ჯდება და ბევრი ხალხი სტუმრობს. თუმცა თუ ორშაბათს ან კვირას შეივლით, ღორის ხორცის წვნიანი კატლეტით დანაყრებას ომლეტთან, კომბოსტოსთან და რძიან პურში მოქცეულ ყველთან ერთად მოახერხებთ. მისი მისამართია 92 Rue du Faubourg Poissonnière (10e arrondissement).

11. ფრანგული ხახვის სუპი Les Philosophes-ში

დედამიწაზე ცოტა რამ არის ისეთივე სასიამოვნო, როგორც ფრანგული ხახვის სუპი ყველთან ერთად. Les Philosophes-ში მის მომზადებას ფილოსოფიურად უდგებიან, ფასი კი გამორჩეულად დაბალია. ამ რესტორნის მისამართია 28 Rue Vieille du Temple (4e arrondissement).

12. ნაყინი Glace Bachir-ში

პარიზის სანაყინეებზე მსოფლიოში ლეგენდები დადის. თუ მაღალი კლასის სანაყინეებში მისვლას ვერ მოახერხებთ, ამ პატარა ლიბანურ ნაყინის მაღაზიას აუცილებლად უნდა ესტუმროთ და რძის კრემის ნაყინი ფისტასთან ერთად გასინჯოთ. სანაყინის პოვნა ამ მისამართზე შეგიძლიათ: 58 rue Rambuteau (3e arrondissement).

13. სენდვიჩი Chez Aline-ში

როგორც ამბობენ, ყველაფერი გენიალური მარტივია. სწორედ ასეთია Chez Aline-ში მომზადებული სენდვიჩი, რომელიც თხელი ჟამბონით და ხრაშუნა ბაგეტით მზადდება. Chez Aline-ის მისამართია 85 Rue de la Roquette (11e arrondissement).

14. პიცა Pizza Rossi-ში

საკუჭნაოს ზომის ამ პიცერიაში მარგარიტა და ჭიქა ღვინო 10 ევრო ღირს. ის ადვილად მისაგნებია და Strasbourg Saint-Denis-ის მეტროს გაჩერებასთან მდებარეობს. მისი მისამართია 24 Rue Blondel (2e arrondissement).

15. ბან მი Thieng Heng-ში

ამ ვიეტნამურ სენდვიჩის მაღაზიას შორიდანვე გრძელი რიგით იცნობთ, თუმცა, როგორც ამბობენ, ლოდინად ნამდვილად ღირს. ახლადგამომცხვარ ბაგეტში შემწვარი ღორის ხორცის, ხრაშუნა ბოსტნეულის, მჟავეულისა და ქინძის ნაზავს დებენ. Thieng Heng-ის მისამართია 50 Avenue d’Ivry (13e arrondissement).

დაიღალეთ იმის გამოცნობით, თუ როდისაა ბილეთები ყველაზე ხელმისაწვდომი? იაფი ავიაბილეთების მარტივად აღმოსაჩენად, შეგიძლიათ ავიაბილეთების კალენდარი გამოიყენოთ. კალენდარი ყველა ხელმისაწვდომ ვარიანტს გიჩვენებთ შერჩეული პერიოდისთვის და რაც უფრო მეტ თვეს აირჩევთ, მით უფრო მეტი შანსია, ბილეთებს შესაშურად იაფად გამოჰკრათ ხელი.

Facebook კომენტარები