შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრიტანელ მოგზაურს, როუან კემპბელს მოპარული ველოსიპედი დაუბრუნეს.

თბილისში ველოსიპედის მოპარვის შესახებ ინფორმაცია 25 იანვარს გავრცელდა. როგორც მოგზაური ამბობდა, ველოსიპედზე დამაგრებული იყო ჩაფხუტი და ორი ჩანთა. როგორც უწყებაში ამბობენ, ველოსიპედი ცოტნე დადიანი ქუჩაზე იპოვეს.

“არ მეგონა თუ ეს მოხდებოდა, თუმცა ფაქტია, რომ ველოსიპედი დამიბრუნეს. ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა”, — ამბობს როუან კემპბელი.

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

მას შემდეგ რაც ველოსიპედის მოპარვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ბრიტანელ მოგზაურს ახალი აჩუქეს. გარდა ამისა, მან საჩუქრად სასტუმროსა და ჰოსტელში ორღამიანი ვაუჩერიც მიიღო.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

როუან კემპბელი სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა. მან 11 ქვეყანა და 7 500 კილომეტრი გაიარა და ველოსიპედი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოპარეს. ინფორმაცია თავად კემპბელმა ფეისბუქის ჯგუფ Spend 4 Seasons in Georgia-ში გაავრცელა.

Facebook კომენტარები