დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით სხვადასხვა რეკომენდაციებს ავრცელებს, მათ შორის მოგზაურებისთვის.
პირველ რიგში, ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას, მოერიდონ მოგზაურობას, თუ მაღალი ტემპერატურა აქვთ, სიმპტომების შემთხვევაში კი აუცილებლად მიმართონ ექიმს.
მათთვის, ვინც სამოგზაუროდ წავა მნიშვნელოვანია რამდენიმე წესის დაცვა: მოერიდეთ კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აქვს სიცხე და ხველება; დაიცავით დეზინფექციის წესები და მოერიდეთ ცხვირის, პირისა და თვალების ხშირ შეხებას.
გასტრონომიული ტურიზმის მოყვარულებმა უნდა გაითვალისწინონ და მიირთვან მხოლოდ თერმულად კარგად დამუშავებული საკვები. ცხოველების მოყვარულებმა კი ახლო კონტაქტისგან უნდა შეიკავონ თავი.
ცენტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია დაცემინებისა და ხველის დროს სწორად მოქცევა და ერთჯერადი ხელსახოცების გამოყენების წესის დაცვა. კერძოდ, დაცემინებისა და ხველის დროს სახის მიდამო იდაყვით უნდა დაიფაროთ და არა ხელით, ცხვირსახოცი კი დაუყოვნებლივ უნდა გადააგდოთ და ხელი დაიბანოთ.
ასევე, პირბადის გამოყენებისას აუცილებელია პირისა და ცხვირის მიდამოების კარგად დაფარვა. დაცემინების ან ხველის შემთხვევაში კი საჭიროა პირბადის გადაგდება.
თუ სიმპტომები გამოვლინდება ან მგზავრობისას ცუდად იგრძნობთ თავს, მნიშვნელოვანია, რომ დროულად მიმართოთ ეკიპაჟს და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს სრულად გააცნოთ თქვენი მოგზაურობის ისტორია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს სპეციალურ რეკომენდაციებს უხანში ან ჩინეთში წამსვლელთათვისაც. თუ უკვე იმოგზაურეთ უხანში და გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები:
- მაღალი ტემპერატურა;
- ხველა;
- სუნთქვის გაძნელება.
მაშინ უნდა მოერიდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
სიმპტომების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ:
- 15 05 — (24/7 განმავლობაში) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
- 116 001 — (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
- +995 599 65 05 85 — ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, კონსული ბ-ნი ჟენ იენკანგი.