საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის მხოლოდ 38.17%-ით დაიბრუნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 1 მლნ 391 ათას 827 მგზავრს მოემსახურა, რაც 85.05%-ით მეტია 2020 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებთან შედარებით, თუმცა 61.83%-ით ნაკლები 2019 წლის იანვარ-აგვისტოსთან მიმართებაში.

2020 წლის 8 თვეში ქვეყნის აეროპორტები სულ 752 ათას 138 მგზავრს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 მლნ 646 ათას 210 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად 2021 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემები 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 61.83%-იან კლებას აჩვენებს. 

მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. თუმცა პანდემიის ფონზე მთელს მსოფლიოში არაპროგნოზირებადი ვითარებაა და მეოთხე ტალღის გამო დაწესებული შეზღუდვები რა შედეგ “დადებს” ჯერჯერობით უცნობია. 

2021 წლის იანვარ-აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 930 ათას 507 მგზავრს მოემსახურა, რაც 80,75%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის 8 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2020 წლის იანვარ-აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 514 ათას 814 მგზავრს, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში კი 2 მლნ 651 ათას 736 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 2019 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით მგზავრთნაკადის 64,91%-იანი კლებაა. 

სამაგიეროდ 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის სერიოზული ზრდა ფიქსირდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. იანვარ-აგვისტოში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 333 ათას 298 მგზავრი გაატარა, რაც 558,54%-ით მეტია 2020 წლის, ხოლო 24,98%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე. 2020 წლის 8 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 50 ათას 612 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 8 თვეში 444 ათას 252 მგზავრს მოემსახურა. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 2021 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით 77,72%-იანი კლებაა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 2020 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით მგზავრთნაკადის 34,17%-იანი კლება დაფიქსირდა, 2019 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით კი 77,72%-იანი. 2021 წლის იანვარ-აგვისტოში აეროპორტი 119 ათას 812 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 181 ათას 994 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 537 ათას 826 მგზავრს.  

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის “გამოცოცხლება” სახეზეა, რადგანაც გასულ წლებთან მიმართებაში მგზავრთნაკადის სხვაობა პროცენტულ ჭრილში მცირდება. ქვეყნის საავიაციო ხელისუფლება ბაზრის გამოცოცხლებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ არსებული მაჩვენებლებით მათ თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით მაღალია. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულის აქტიური სეზონი ივლისში დაიწყო და წლის მეორე ნახევარში მგზავრთნაკადის მონაცემები სავარაუდოდ გაუმჯობესებული იქნება.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 2020 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით მგზავრთნაკადის 42,12%-იანი მატებაა, ხოლო 2019 წლის იანვარ-აგვისტოსთან 46,56%-იანი კლება.

ამბროლაურის აეროპორტში 2020 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებლებთან შედარებით 75,44%-იანი მატება, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 3,30%-იანი კლება. ხოლო ნატახტარის აეროდრომში გასული წლის 8 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 106,28%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 28,22%-იანი კლება.

წყარო: https://avianews.ge/saqarthvelos-aeroportebma-postpandemiur-machvenebelthan-shedarebith-mgzavrthnakadis-mkholod-38-17-ith-daibruna/

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze