ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-ს საჰაერო ხომალდს ახალი დიზაინი აქვს. Boeing-747-236SF, რომლის საბორტე ნომერიცაა 4L-GEN, ჯაკარტიდან თბილისში სულ ახლახანს დაბრუნდა, სადაც ხომალდმა ტექნიკური მომსახურება გაიარა და სამშობლოში ახალი დიზაინით დაბრუნდა.
როგორც Geo Sky-ს ვიცე პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ AviaNews-თან საუბრისას განმარტა, საჰაერო ხომალდის ახალი დიზაინი თავად ავიაკომპანიის კორპორატიულ ფერებშია გადაწყვეტილი. ავიაკომპანიის მენეჯმენტმა საბოლოო ვარიანტი საკმაოდ ბევრი ვარიანტიდან შეარჩია, რომელიც Geo Sky-ს ქართველმა დიზაინერმა შესთავაზა.
პერიოდული ტექნიკური მომსახურების მიზნით 4L-GEN ჯაკარტაში ივლისის ბოლოდან იმყოფებოდა.
“ჩვენი საჰაერო ხომალდების, Boeing-747-ის ტექნიკური მომსახურება ხორციელდება უშუალოდ Boeing-ის მიერ. ზოგადად, Boeing-747-ის ტექნიკური საბაზისო მომსახურება 3600 საათში ერთხელ უნდა განხორციელდეს. რატომ ჯაკარტა? ჯაკარტაში არის მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და უდიდესი საწარმო, სადაც Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურებები წარმოებს. იქედან გამომდინარე, რომ ხშირად გვიწევს ჩინეთის მიმართულებით რეისების განხორციელება ჯაკარტა, ანუ აზია ტექნიკური მომსახურების კუთხით ჩვენთვის უფრო ხელსაყრელია ვიდრე აშშ”, განმარტა შალვა კინკაძემ.
მისივე თქმით, Geo Sky-ის მეორე ბორტი Boeing-747-281BF სარეგისტრაციო ნომრით 4L-GEO უკვე ჯაკარტაში იმყოფება, სადაც დღეიდან მისი პერიოდული ტექნიკური მომსახურება იწყება. იმავდროულად მოხდება მისი ახალი დიზაინით ბრენდირება და დაახლოებით ერთ თვეში საჰაერო ხომალდი საქართველოში დაბრუნდება და ტვირთების მომსახურებას შეუდგება.
“ეს თვეებია ფაქტობრივად ერთი ბორტით გვიწევდა ოპერირება. ახლა 4L-GEO-ს ჯაკარტაში გამგზავრებისა და 4L-GEN-ს საქართველოში დაბრუნების შემდეგ Geo Sky-ს გარკვეული პერიოდი ისევ ერთი საჰაერო ხომალდით უწევს ოპერირება. დაახლოებით 30 დღეში 4L-GEO საქართველოში დაბრუნდება.
ჯერჯერობით საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნა ისევ საკმაოდ მაღალია. გეტყვით, რომ ჩვენი ავიაკომპანიის შემთხვევაში მოთხოვნა ბევრად მეტია, ვიდრე ავიაკომპანიას მომსახურების გაწევა შეუძლია. თუმცა იმისათვის, რომ მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ და მეტ ტვირთს მოვემსახუროთ გვჭირდება მეტი საჰაერო ხომალდი. დღეს მსოფლიოში ისეთი მდგომარეობაა, რომ თავისუფალი სატვირთო Boeing-747-ის მოძიება საკმოდ ძნელია. გარკვეული ვარიანტები არსებობს, მაგრამ პროცესი დროში საკმაოდ ჭიანურდება”, – განმარტავს შალვა კიკნაძე.
წყარო: https://avianews.ge/geo-sky-operirebas-akhladbrendirebuli-sahaero-khomaldebith-agrdzelebs/