განახლება: Ryanair-ის გამოკითხვის ფინალში ბარსელონას თბილისმა მოუგო

ბოლო რამდენიმე დღეში რაინეარის ინსტაგრამის სტატისტიკაში ერთი პატარა ქვეყნიდან წარმოუდგენლად დიდი აქტივობა დაფიქსირდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ირლანდიის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ინსტაგრამის სთორიში გამოკითხვა შემოგვთავაზა, რომ გაერკვია, რომელი იყო მოგზაურებისთვის 2020 წელს მოსანახულებლად ყველაზე სასურველი ადგილი.

წესები მარტივი იყო:

  • მონიშნავდი ქალაქს, სადაც 2020 წელს გინდოდა მოგზაურობა;
  • შერჩეული 8 ფავორიტი ადგილიდან საბოლოოდ რაინეარი ერთს ამოარჩევდა, მარტივი — სთორიზე ხმის მიცემის — პრინციპით.

ონლაინ არმია

თავდაპირველად იტალიის დედაქალაქს დაგვაპირისპირეს და გამოკითხვის დასაწყისში შედეგებიც ისეთი შეფარდებით იყო, როგორიც მსოფლიოში რომსა და თბილისს შორის არსებული ცნობადობა.

ყველაფერი უწყინარი იდეით დაიწყო: “მოდი მთლად სამარცხვინო შედეგითაც არ წავაგოთ”. თუმცა, მას შემდეგ, რაც პოპულარულ ქართულ ფეისბუქჯგუფებში გამოკითხვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ქართველები ონლაინ დაირაზმნენ.

საბოლოოდ, რომს დამაჯერებელი შედეგით მოვუგეთ და შეჯიბრიდანაც გამოვრიცხეთ:

მერვედფინალში რაინეარმა საბერძნეთის ქათქათა კურორტს შეგვაჯიბრა, რომელიც სულაც არ ჩაგვითვლია რთულ მოწინააღმდეგედ — გოგო-ბიჭებმა ასეთი გამარჯვება დავდეთ:

ფეისბუქის ქართულ კუთხეში კონკურსის შესახებ ინფორმაცია ელვის სისწრაფით გავრცელდა. შემდეგი “სასურველი ქალაქი”, რომელიც თბილისს შეეჯიბრა, არც მეტი არც ნაკლები საფრანგეთის დედაქალაქი იყო.

ქვეყანამ, 3,7-მილიონიანი ერით, ბევრად უკეთ იმუშავა, ვიდრე ტურისტებით განებივრებულმა ქვეყნებმა — პატრიოტებმა აღადგინეს დახურული ინსტაგრამები, შექმნეს ახალი ანგარიშები, შევიდნენ ოჯახის წევრებისა და მეგობრების პროფილებით და ხმა მისცეს თბილისს. საბოლოოდ, პარიზიც კი კონკურსის მიღმა დავტოვეთ.

პარიზიც სერ.

პარიზი, საფრანგეთი

პარიზი, საფრანგეთი

ფოტო: Luciano Mortula / Shutterstock

შეიძლება უამრავმა მოგზაურმა დარწმუნებით თქვას, რომ რომში, პარიზში და სანტორინში გართობის უკეთესი საშუალებები არსებობს (ვიდრე თბილისში), მაგრამ, ჩვენდა საამაყოდ უნდა აღინიშნოს, რომ მობილიზება არ გვაკლია და ონლაინ ომებში უპირობო ლიდერები ვართ.

და რაინეარის გამოკითხვასა და სეფას ბიჭებს თუ დავუჯერებთ, თბილისის ანძა აუცილებლად ჯობია ეიფელს.

საბოლოოდ, ერთ კვირაში ფეისბუქ-ინსტაგრამის ქართველმა მოქალაქეებმა შთამბეჭდავი შედეგი დადეს და ტურიზმის განვითარების მიმართულებით ექსპერტებად იქცნენ.

როგორც აღმოჩნდა, რაინეარის სოციალური მედიის მენეჯერი შთაბეჭდილებების ქვეშ მოექცა და ავიახაზების ფეისბუქგვერდზე სტატია გამოაქვეყნა:

  • სათაურით: საქართველოს მომაჯადოებელი ქალაქი თბილისი
  • პოსტზე აღწერა: დაამატე 2020 წელს სანახავი ადგილების სიაში

შემდეგი გამოწვევა ესპანეთის მზიანი კუნძული, მალიორკა გახლდათ, თუმცა მანაც კი ვერ გაუძლო რაინეარის მიერ სამების ფოტოთი შეჯამებული თბილისის კონკურენციას.

მოკლედ, პრეზიდენტი კი ამბობს რომ ჯარი არ გვყავს და არც გვეყოლება, მაგრამ ვირტუალურ ბრძოლებში უძლიერესები ვართ. ადრე თუ ხმამაღალი სადღეგრძელოს თქმა იყო პატრიოტიზმის გამოხატულება, ახლა ყველაფერი ინსტაგრამკლიკებზეა დამოკიდებული.

ესეც გამანადგურებელი შედეგი:

ასე აღმოვჩნდით ფინალში და ამ წუთებში, თვით მის უდიდებულესობა ბარსელონას ვერკინებით. რაინეარი საბოლოო გამარჯვებულს ხვალ, დიდი ზარ-ზეიმით გვაუწყებს.

ზაფხულში, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ, როცა რუსეთმა საქართველოში ფრენები აკრძალა, ქვეყანა ტურისტების ნაკადის შემცირების საფრთხის წინაშე დადგა. ამას, თავის მხრივ, შეეძლო, რომ ეკონომიკაზე დიდი დარტყმა მიეყენებინა და ყველა მივხვდით, რომ მოქმედების დრო იყო.

სწორედ მაშინ დაიწყო ონლაინ კამპანიები — #SpendYourSummerInGeorgia [გაატარე ზაფხული საქართველოში], რომელიც საბოლოოდ #Spend4SeasonsInGeorgia-ად [გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში] იქცა და უკვე თითქმის 300 000-კაციანი ჯგუფის შექმნით დასრულდა.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერნეტსივრცეში საკუთარ ქვეყანას არავის დავაჩაგრინებთ.

Facebook კომენტარები
kompensacia frenebze
kompensacia frenebze