1-ლი სექტემბრიდან, ძალაში შედის “შეთანხმება საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ”, რაც ორივე ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზის გარეშე იმგზავრონ.
ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტისას გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ორი ქვეყნის მოსახლეობას როგორც საქართველოში, ასევე ჩრდილოეთ მაკედონიაში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმისგან ათავისუფლებას.
შეგახსენებთ, რომ მაისში ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტისას ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ტურისტული და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.
„საქართველოს პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელიც ესტუმრა სკოპიეს და ეს ჩემთვის დიდი პატივია. ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ 2 წელიწადს ითვლის, თუმცა ამ მოკლე დროში ვნახეთ, რომ არსებობს ურთიერთობის გაღრმავების და განმტკიცების საჭიროება.
მსოფლიო დადგა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე პანდემიის გამო. უკვე წელზე მეტია, რაც მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის. პანდემიამ გააჩერა საერთაშორისო ურთიერთობები. ჩვენ ვიაზრებთ, რომ მხოლოდ სოლიდარობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი, რომ გადაიჭრას გლობალური კრიზისი. სოლიდარობა ასევე უნდა აისახებოდეს ვაქცინებზე წვდომის კუთხით.
საქართველოს და მაკედონიას უამრავი რამ აქვს საერთო. მათ შორის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის არჩეული გზაა. იმ მიზნით, რომ ამ მიმართულებით წარმატებას მივაღწიოთ, ჩვენ ვაფასებთ ჩრდილოეთ მაკედონიის მზადყოფნას, გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება. დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ასევე სამაგალითოა საქართველოსთვის.
ბატონ პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოკუპაციაზე, ბორდერიზაციის პროცესზე, გატაცებებზე, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებაზე. ასევე ვისაუბრეთ ესკალაციასა და დაძაბულობაზე. ასევე განვიხილეთ რეგიონსა და უკრაინაში არსებული სიტუაცია, ასევე რუსეთის მიერ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში მილიტარიზაციის პროცესი. აღნიშნულ ესკალაციაზე რეაგირების ერთადერთი გზა არსებობს. 14 ივნისს ნატო-ს სამიტის გზავნილები უნდა იყოს მკაფიო, ეს იქნება მნიშვნელოვანი უკრაინისთვისა და საქართველოსთვისაც. ესკალაციაზე ერთადერთი პასუხი არაკონფრონტაციული ნაბიჯები უნდა იყოს. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება.
ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში შესვლისას ვიზის მიღების ვალდებულებისგან ათავისუფლებს. ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლას, გავაძლიერებთ ურთიერთობას ტურიზმის და ეკონომიკის მიმართულებით. დღეს ასევე ოფიციალურად გაფორმდა მნიშნელოვანი მემორანდუმი კულტურის სფეროში, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრებმა. ეს არის ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყების სიმბოლო.
შეხვედრისას ბატონ პრეზიდენტს შევთავაზე, გავაერთიანოთ ჩვენი პატარა სახელმწიფოები, რათა მოვახდინოთ ჩვენი ხედვების კონსოლიდაცია გლობალური გამოწვევების წინაშე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, გარემოს დაცვა. პატარა სახელმწიფოებმა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა, რათა მსოფლიომ მათი ხმის გაგება შეძლოს. ვისაუბრეთ საკითხებზე, რომელიც ორივე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია და გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ყალბი ახალი ამბების პრობლემა. ვისურვებ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები გაძლიერდეს ჩვენი პირველი ვიზიტის შემდეგ და იმედი მაქვს, ბატონო პრეზიდნენტო, უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანას ესტუმრებით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
წყარო: https://avianews.ge/1-li-seqtembridan-dzalashi-shedis-shethankhmeba-saqarthvelosa-da-chrdiloeth-makedoniis-respublikas-shoris-vizis-mighebis-valdebulebisgan-gathavisuphlebis-shesakheb/