შენგენის 7-მა ქვეყანამ საზღვარი სინოვაკით აცრილებისთვისაც გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას SchengenVisaInfo ავრცელებს. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, ესპანეთი და შვეიცარია.

ამ ქვეყნებში შესასვლელად სინოვაკით აცრილებისთვის მთავარი მოთხოვნაა, რომ ისინი სრულად უნდა იყვნენ აცრილები და ფლობდნენ სათანადო დოკუმენტს, სადაც ასახული იქნება ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, მასპინძელი ქვეყნისთვის მისაღებ ენაზე. შესაბამისად, მათ ქვეყანაში შესვლის შემდეგ აღარ მოუწევთ თვითიზოლაციაში ყოფნა.

ამჟამად ყველა ევროპული ქვეყანა აღიარებს და საზღვრის კვეთისთვის შეზღუდვები მოხსნილი აქვს ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) მიერ დამტკიცებული ვაქცინებით — AstraZeneca, Pfizer, Moderna, and Johnson and Johnson აცრილებისთვის. თუმცა, გარკვეული შეზღუდვები აქვთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებულ Sinovac-თან დაკავშირებით.

Sinovac არის ჩინური წარმოების ვაქცინა, რომელიც გადაუდებელი გამოყენებისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1 ივნისს დამტკიცდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად ხდება მისი გამოყენება, მათ შორის საქართველოში.

ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ სინოვაკს ვალიდურად აღიარებს კიდევ 5 ქვეყანა, რომლებიც შენგენის ზონაში არ არიან, მაგრამ ევროპის კონტინენტზე მდებარეობენ. ეს ქვეყნებია — ალბანეთი, სერბეთი, მაკედონია, საქართველო და სომხეთი.

გარდა შენგენის ზონის დასახელებული 7 ქვეყნისა, საზღვარი სინოვაკით აცრილებისთვის გახსნილი აქვს მსოფლიოს კიდევ 45 ქვეყანას.

Facebook კომენტარები