ავიაკომპანია Eurowings-ი მორიგი ევროპული “ლოუქოსტერია”, რომელიც ხელბარგის გაბარიტების კორექტირებას ახდენს. ცვლილება, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება სატარიფო სქემა Basic-ის ხელბარგს შეეხება. 

დღეისათვის Eurowings-ის სატარიფო სქემა Basic საშუალებას იძლევა მგზავრმა ბორტზე აიტანოს ხელბარგი, რომლის წონაც 8 კგ იქნება, ხოლო ზომა მაქსიმუმ 55х40х23 სმ.

მგზავრს შეუძლია შეიძინოს დამატებითი პრიორიტეტული ჩასხდომის სერვისი, რომლის ღირებულებაც 6 ევროა და დამატებით ბორტზე აიტანოს, წონის შეზღუდვის გარეშე, მცირე ზომის ნივთი, რომლის ზომებია 40x30x10 სმ.

თუმცა 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედებული საბარგო პოლიტიკის თანახმად, Eurowings-ის მგზავრს, რომელსაც სატარიფო სქემა Basic-ის ბილეთი აქვს ბორტზე შეუძლია აიტანოს 40х30х25 სმ ზომის ჩანთა, რომლის წონაც შეზღუდული არ არის.

თუ კი მგზავრს სურს ბორტზე აიტანოს ჩანთა, რომლის ზომაცაა 55х40х23 სმ, მაშინ მანდ დამატებით 10 ევრო უნდა გადაიხადოს. ასეთ შემთხვევაში ჩანთის წონა 8 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

„მგზავრები, რომლებიც აირჩევენ მეორე დიდი მოცულობის ხელბარგის დამატებას, ასევე ისარგებლებენ “პრიორიტეტული ჩასხდომით”, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეეძლებათ თვითმფრინავში ასვლა, როგორც ერთ -ერთ პირველ “სტუმარს”. აღნიშნული უზრუნველყოფს მათ მიერ ბარგის სწრაფ და მარტივ შენახვას“, აცხადებენ Eurowings-ში.

ავიაკომპანიის ინფორმაციითვე, შემცირებული ხელბარგით გადამწყვეტ წვლილს შეიტანს ბორტზე პროცესების კიდევ უფრო დაჩქარებაში.

Eurowings არის ერთ -ერთი ყველაზე პუნქტუალური და საიმედო ავიაკომპანია ევროპაში – მაგალითად, 2021 წლის ივნისში, ავიაკომპანიამ მგზავრები დანიშნულების ადგილას დროულად მიიყვანა 93%იანი მაჩვენებლით

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ახალი წესების შემოღება თვითმფრინავის სალონში ბარგის თაროების დაკავების შემცირების სურვილით ახსნა, რამაც უნდა დააჩქაროს მგზავრების ჩასხდომა და გადმოყვანა.

ახლა, თუ სალონში სივრცე ამოიწურება, დიდი ხელბარგის ჩაბარება ხდება ბარგის სახით ბორტზე. ამან შეიძლება ფრენის შეფერხება გამოიწვიოს.

ცნობილია, რომ 2018 წელს ევროპის უმსხვილესმა “ლოუქოსტერებმა” Ryanair-მა და Wizz Air-მა იმავე მიზეზით შეამცირეს ნებადართული ხელბარგის ზომა. თუმცა, მოგვიანებით მათ ანგარიშებში ავიაკომპანიებმა აღიარეს, რომ სალონში დამატებითი ხელბარგის გადაზიდვის სერვისის გაყიდვამ მათ მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 4 ივლისიდან დაიწყო. Eurowings-ი დუსელდორფი-თბილისი-დუსელდორფის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს.

Eurowings-ის სატარიფო პოლიტიკა 3 სახის ავიაბილეთზეა გათვლილი: BASIC, SMART და BOZclass.

გერმანული “ლოუქოსტერი” Eurowings GmbH Lufthansa Group-ში შემავალი ერთ-ერთი ავიაკომპანიაა, რომლის ავიაპარკიც 139 საჰაერო ხომალდს აერთიანებს. ის ძირითადად ევროპაში ასრულებს რეისებს და 210-ზე მეტ მიმართულებაზე ოპერირებს.  აღსანიშნავია, რომ  Eurowings-ი ევროპის შიგნით მიმართულებების რაოდენობით მესამე ადგილზეა.

​2014 წლის ოქტომბრამდე Eurowings-ი Lufthansa Regional-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებდა, ხოლო შემდგომ Germanwings-ის სახელით გააგრძელა მუშაობა. 2015 წლის ოქტომბრიდან Lufthansa-მ Germanwings-ის ბაზაზე ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი დააფუძნა.

წყარო: https://avianews.ge/eurowings-i-sataripho-sqema-basic-is-bilethebze-khelbargis-gabaritebis-koreqtirebas-akhdens/

Facebook კომენტარები