ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი სწრაფი კვების ობიექტის გახსნა იგეგმება. ამ მიზნით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აეროპორტში მდებარე 169,21 კვ/მ ფართობი აუქციონზე იჯარის წესით გასაცემად გამოიტანა. აუქციონი 6 აგვისტოსთვისაა ჩანიშნული და ობიექტის საწყისი საიჯარო თანხა 3000 ლარს შეადგენს. 
აუქციონის პირობების მიხედვით, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემული ფართში უნდა მოეწყოს მარკეტის ტიპის სწრაფი კვების ობიექტი. აღნიშნული გულისხმობს დახლებიდან და თაროებიდან პროდუქციის რეალიზაციას, ისევე როგორც მზა პროდუქციის თან წაღების სერვისისა (ე.წ. Take Away) და ადგილზე კვების მომსახურების მიწოდებას. ობიექტში კვების მომსახურება უნდა ხდებოდეს დახლიდან, თვითმომსახურებით, თუმცა მოიჯარის სურვილის შემთხვევაში, დასაშვებია კვების მომსახურების მიწოდება მაგიდასთან მომსახურებით. პროდუქციის რეალიზება, გარდა დახლიდან გასაყიდი საკვები პროდუქციისა უნდა ხდებოდეს თაროებიდან.

აუქციონში გამარჯვებულს უნდა გააჩნდეს საქართველოს ბაზარზე მსგავსი ტიპის ობიექტის, ერთი სავაჭრო სახელითა და ნიშნით ოპერირების გამოცდილება, უწყვეტად ბოლო 3 წლის მანძილზე. ამასთან, აუქციონში გამარჯვებისას უნდა გააჩნდეს მსგავსი ტიპის ობიექტი ამავე სავაჭრო სახელითა და ნიშნით საქართველოს მინიმუმ სამ რეგიონში, მათ შორის იმერეთში. ამასთან, კომპანიას ბოლო 3 წლის მანძილზე ცალ-ცალკე თითოეულ წელს, უნდა გააჩნდეს ბრუნვა არანაკლებ 3,000,000 ლარისა ან მეტი. ბრუნვა გულისხმობს შემოსავალს დღგ-ს გარეშე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და აუციონში გამარკვებულს შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება 5 წლის ვადით. თუმცა მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდეს არაუმეტეს 3 წლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებამდე, მეიჯარე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების ღირებულების გადახედვა. ასეთ შემთხვევაში, ახალი ფასი უნდა განისაზღვროს იმ დროისთვის არსებული საბაზრო პირობების გათვალისწინებით, მაგრამ არანაკლებ ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო თანხისა.

ქონების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ყოველთვიური მინიმალური საწყისი ფასი განისაზღვრება, წლიურ მგზავრთნაკადზე მიბმული სქემის შესაბამისად. კერძოდ:
·    0 – 500,000 მგზავრი: 3,000.0 (სამიათასი) ლარი თვეში (დღგ-ს ჩათვლით);
·    500,001 – 1,000,000 მგზავრი: 5,000.0 (ხუთიათასი) ლარი თვეში (დღგ-ს ჩათვლით);
·   1,000,001-დან და ზემოთ მგზავრი: 7,500.0 (შვიდიათასხუთასი) ლარი თვეში (დღგ-ს ჩათვლით).
·   აუქციონზე ვაჭრობა გაიმართება წლიური 0 – 500,000 მგზავრის შემთხვევაში გადასახდელ საიჯარო თვიურ მინიმალურ საწყის ოდენობაზე. 500,001 – 1,000,000, ისევე როგორც 1,000,001 და ზემოთ მგზავრთნაკადის შემთხვევაში, თვიური საიჯარო თანხის მინიმალური საწყისი ოდენობები დაკორექტირდება აუქციონში ნავაჭრის პროპორციულად და ხელშეკრულებაში დაფიქსირდება პროპორციულად გაზრდილი ოდენობები. 

მაგალითისთვის:
იმ შემთხვევაში თუკი აუქციონი დასრულდება 3,900.0 ლარზე, ზემოთმოცემული ფასები თითოეული გაიზრდება 30%-ით – მაგალითისთვის, 500,001 – 1,000,000 მგზავრზე, თვიური საიჯარო ქირა გახდება 6,500.0 ლარი. თვიური საიჯარო ქირა 100,000,001 და მეტ მგზავრზე გახდება 9,750.0 ლარი.

· 

წყარო: https://avianews.ge/quthaisis-saerthashoriso-aeroportshi-kidev-erthi-stsraphi-kvebis-obieqtis-gakhsna-igegmeba/

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze