საქართველოს საავიაციო ბაზრის აღდგენა და COVID-პანდემიანდე არსებული მაჩვენებლებთან დაბრუნება აქტიურად გრძელდება. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე AviaNews-თან საუბრისას აცხადებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ავიაკომპანიების 64%-ი და მგზავრთნაკადის 27%-ი დაიბრუნა, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა ავიაკომპანიების 72%-ი და მგზავრთანაკადის 59%-ი. საავიაციო კრიზისის პიკში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც პანდემიის გამო რეგულარული ფრენები შეჩერებული იყო TAV Georgia-ს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი არ შეუჩერებია. ხოლო რაც შეეხება თბილისს, წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი სამიმოსვლო ბილიკი ემატება, რომლის საშუალებითაც ასაფრენ/დასაფრენი ზოლის გამტარუნარიანობა გაიზრდება.
– როგორ მიდის თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის და სიხშირეების აღდგენის პროცესი? და არსებული ტემპით, როდისთვის ივარაუდება 2019 წლის ნიშნულზე გასვლა?
– თბილისში, 2021 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, 2019 წელს იმავე პერიოდში არსებული ავიაკომპანიების 64%-ი, ხოლო მგზავრთნაკადის 27%-ი დავიბრუნეთ. დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები კვირაში 320 რეისი (სამგზავრო, ჩარტერი, სატვირთო) სრულდება. (შედარებისთვის 2019 წელს დღეში 100-120 რეისი სრულდებოდა).
დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 32 ავიაკომპანია 35 მიმართულებით. 2021 წელს თბილისში ოპერირება ოთხმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო. მათ შორის არის Eurowings-ი, რომელიც ფრენებს დუსელდორფიდან კვირაში ორჯერ ასრულებს და ახლად დაფუძნებული Bees Airline, რომელიც კიევიდან და ხერსონიდან თბილისის მიმართულებით კვირაში ხუთჯერ ოპერირებს.
უფრო პოზიტიური ციფრები გვაქვს ბათუმში, სადაც ზაფხულის სეზონი საკმაოდ დიდი დატვირთვით მიმდინარეობს. 2021 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები ხუთმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო (Air Astana, Bees Airline, LOT Airlines, Aircompany Armenia). ასევე რამდენიმე წლიანი შუალედის შემდეგ აეროპორტს დაუბრუნდნენ ავიაკომპანიები Ukraine International Airlines-ი, Pegasus Airlinesი. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საშუალოდ კვირაში 105 რეისი სრულდება.
შიდა და რამდენიმე სარეპატრაციო ფრენას თუ არ ჩავთვლით, 2020 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფაქტიურად დაკეტილი იყო. აეროპორტი 10 თვის განმავლობაში შეზღუდულად ოპერირებდა რაც აისახა ციფრებში. ამის მიუხედავად TAV Georgia-მ არ შეცვალა გადაწყვეტილება გაეფართოებინა ტერმინალი და ფინანსური კრიზისის ფონზე 17 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. დღეისათვის ბათუმში დაფიქსირებული რეისებისა და მგზავრთანაკადის მზარდი დინამიკა მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიამ პანდემიის მიუხედავად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს, ბათუმში 21 ავიაკომპანია ფრენებს 16 მიმართულებით ასრულებს. კომპანიის მიერ შემუშავებული სწორი მარკეტინგული და პოსტ კრიზისული გეგმის შედეგად ჩვენ ავიაკომპანიების 72%-ი, ხოლო მგზავრთანაკადის 59%-ი დავიბრუნეთ იმის მიუხედავად, რომ 2021 წლის პირველი სამი თვე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები არ სრულდებოდა.
– როგორც არაერთხელ ითქვა TAV Georgia იმ პერიოდის, როდესაც პანდემიის გამო რეგულარული ფრენები შეზღუდული იყო და აეროპორტი ფაქტობრივად გაჩერებული, ფორსმაჟორად აღიარებს და ამის ხარჯზე ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივებას ითხოვს. რა ეტაპზეა აღნიშნული მოლაპარაკებები?
– მოლაპარაკებები მთავრობასთან ამ ეტაპზე გრძელდება. პანდემიის პერიოდში თბილისის აეროპორტი ფუნქციონირებდა შეზღუდული ოპერირების რეჟიმში, თბილისში სრულდებოდა მხოლოდ სარეპატრაციო და სატვირთო რეისები, ხოლო ბათუმის აეროპორტი ფაქტიურად დაკეტილი იყო. შესაბამისად, სახელმწიფოსთნ გაფორმებული კონტრაქტზე დაყრდნობით, ჩვენ ვითხოვთ ამ პერიოდის ფორს მაჟორად აღიარებას.
– ზოგადად TAV Georgia დაინტერესებულია თუ არა საქართველოს მთავრობასთან მორიგი ახალი ხელშეკრულების გაფორმებით და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების კიდევ რამდენიმე წლით მართვაში აღებით?
– ამ ეტაპზე ჩვენთვის ყველაზე მთავარი ქართული საავიაციო ბაზრის, პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების დაბრუნებაა. პრიორიტეტია ასევე ავიაკომპანიების ბაზარზე დაბრუნება და მგზავრებისთვის, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის, უსაფრთხო/კომფორტული გარემოს შექმნა. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს, იმ შემთხვევაში თუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების რეალური საჭიროება დადგება, რაც აუცილებლად მოხდება პანდემიის დასრულების შემდეგ, ჩვენ მზად ვართ სახელმწიფოსთან ვაწარმოოთ მოლაპარაკებები აეროპორტის განვითარების გეგმაზე.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყოველწლიურად სრულდება ინფრასტრუქტურული პროექტები. წელს აეროდრომს ემატება ახალი სამიმოსვლო ბილიკი (Golf), რომლის საშუალებითაც ასაფრენ/დასაფრენი ზოლის გამტარუნარიანობა გაიზრდება. ჯამში აეროპორტს ექვსი სამიმოსვლო/სამანევრო ბილიკი ექნება. აღნიშნულ პროექტში ტავ ჯორჯია 2,5 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
– როგორც მახსოვს თქვენი მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ პანდემიის პერიოდში TAV Georgia ავიაკომპანიებს გარკვეული დროით შეღავათებს შესთავაზებდა. გრძელდება თუ არა თქვენი მხრიდან ეს პროექტი, რამდენად მიმზიდველია ის ავიაკომპანიებისთვის, როგორია ინტერესი?
– პანდემიის მიუხედავად ჩვენ გუნდს არ შეუწყვეტია ავიაკომპანიებთან ყოველდღიური მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენთვის ყველა ავიაკომპანია, თანასწორად პრიორიტეტულია. მათი ბაზარზე დაბრუნება თუ შემოსვლა სწორედ აქტიური მოლაპარაკებების შედეგია. პანდემიამ დააზარალა არამარტო აეროპორტები, არამედ ავიაკომპანიებიც, შესაბამისად ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ ეკონომიკურ კრიზისს ჩვენს სფეროში და დღემდე ახალ თუ უკვე არსებულ ავიაკომპანიებს ოპერირებისთვის ხელსაყრელ პირობებს ვთავაზობთ.
წყარო: https://avianews.ge/vithvalistsinebth-arsebul-ekonomikur-kriziss-chvens-spheroshi-da-aviakompaniebs-operirebisthvis-khelsaqhrel-pirobebs-vthavazobth-thea-zaqaradze/