ევროკავშირმა იმ ქვეყნების სია 11-ით გაზარდა, ვინც ევროკავშირის და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში შეუზღუდვად შესვლას შეძლებენ. ამ სიაში კვლავ ვერ მოხვდა საქართველო, რომელიც კოვიდუსაფრთხო სტატუსის მისაღებად კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. უსაფრთხო ქვეყნების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება შენგენის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება COVID-19-ის შემთხვევათა მცირე რაოდენობის გამოვლენის მიხედვით იქნა მიღებული. შესაბამისად, ამ სიაში მოხვდნენ სომხეთი და აზერბაიჯანი, რადგან ბოლო პერიოდში შემთხვევების რაოდენობა აქ ათეულებს არ სცილდება. რამდენიმე დამატებულ ქვეყნებში კი ვირუსის გამოვლენის ერთეული შემთხვევებია ან საერთოდ არ არის.
დამატებული 11 ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:
- სომხეთი;
- აზერბაიჯანი;
- ბოსნია და ჰერცოგოვინა;
- ბრუნეი;
- კანადა;
- იორდანია;
- კოსოვო;
- მოლდოვა;
- მონტენეგრო;
- კატარი;
- საუდის არაბეთი.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ამ სიაში არიან შემდეგი ქვეყნებიც:
- ალბანეთი;
- ავსტრალია;
- ისრაელი;
- იაპონია;
- ლიბანი;
- ახალი ზელანდია;
- ჩრდილოეთ მაკედონია;
- რუანდა;
- სერბეთი;
- სინგაპური;
- სამხრეთ კორეა;
- ტაივანი;
- ტაილანდი;
- ამერიკის შეერთებული შტატები.
კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სია ევროკავშირის და შენგენის ქვეყნებში შესასვლელად პირველად შარშან გაკეთდა. მას შემდეგ სია პერიოდულად იცვლება კოვიდსტატისტიკიდან გამომდინარე. ევროკავშირის საბჭოს შეთანხმებით, ელჩები 2 კვირაში ერთხელ იკრიბებიან და ქვეყნებში არსებული კოვიდსტატისტიკის გათვალისწინებით იღებენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, სიაში დამატების თუ გამოკლების შესახებ.
ამ ჩამონათვალში დამატების ნაბიჯი არის ევროკავშირის გახსნის სტრატეგიის ნაწილი, რომლის მეშვეობითაც ნელ-ნელა გაიხსნება მესამე ქვეყნების მოგზაურებისთვის.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი რეკომენდაციას აძლევს წევრ სახელმწიფოებს, გახსნან თავიანთი საზღვრები ამ ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება დააწესონ გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, როგორიცაა კორონავირუსის უარყოფითი ტესტი ან თვითიზოლაცია. გარდა ამისა, წევრ სახელმწიფოებს იურიდიულად არ ეკისრებათ ევროკავშირის საბჭოს სიის გამოყენება და შეუძლიათ, საკუთარი სია გააკეთონ.