გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში, ფიჭვების ტყეში, ლენინის ძეგლი დარაჯობს ლიმნისფერ შენობას, რომელსაც სხვადასხვა დროს გერმანიის უკანასკნელი იმპერატორი ვილჰელმ II, ნაცისტები და კომუნისტები იყენებდნენ.

მიტოვებული სამხედრო კომპლექსი "აკრძალული ქალაქის" სახელითაა ცნობილი და ვუნსდორფში მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე 40 000-მდე საბჭოელი სამხედრო ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდა, რის გამოც ბაზას აღმოსავლეთ გერმანიის "პატარა მოსკოვადაც" მოიხსენიებდნენ. ტერიტორია "რკინის ფარდის" ჩამოშლის შემდეგ დაცარიელდა.

ფოტო: Sean Gallup / Getty Images

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარზე ნახევარ მილიონამდე სამხედრო იყო განლაგებული, ტყეში ჩამალული სამხედრო ბაზა კი მათ მთავარ შტაბს წარმოადგენდა. აქ უამრავი სკოლა და მაღაზია იყო, დახლები კი საბჭოთა პროდუქტებით და ჟურნალებით იყო სავსე. "პატარა მოსკოვი" 17-კილომეტრიანი კედლის უკან იმალებოდა, ბერლინიდან სულ რაღაც ერთი საათის სავალზე.

მშობლიური საბჭოთა ნივთებისა და სურსათის მიუხედავად, აქ მყოფი რიგითი ჯარისკაცებისთვის ცხოვრება ძალიან მძიმე იყო. ბაზაზე მათ ორი ან სამი წლის განმავლობაში უწევდათ ყოფნა შვებულების ან ოჯახის წევრების მონახულების გარეშე. თუმცა, "პატარა მოსკოვიდან" ნამდვილ მოსკოვამდე ყოველდღიურად მატარებელი მაინც დადიოდა.

ფოტო: Sean Gallup / Getty Images

განსხვავებული ისტორია ჰქონდათ მაღალჩინოსან ოფიცრებს, რომელთაც თან ცოლები და შვილები ახლდათ. ისინი აქ 12 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და სამხედრო ბაზის მდიდრული ნაწილით, დიდი საცურაო აუზითა და თეატრით სარგებლობდნენ.

ეს ადგილი ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ დაცარიელდა, თუმცა ადგილობრივი თინეიჯერები აქაურობას გასართობად და დასალევად ხშირად სტუმრობდნენ. ამის დასტური ცარიელი ბოთლები და კედლებზე დატოვებული გრაფიტებია.

ფოტო: Sean Gallup / Getty Images

დღეს ბაზის კედლებზე კომუნისტური გმირების "ფრესკები" აქერცლილია. ფანჯრის დამპალი რაფებიდან სარეველებია აღმოცენებული. ოთახებში კი, სადაც ერთ დროს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ახლა ობია მოდებული.

დროის კვალდაკვალ...

სამხედრო ბაზა მე-20 საუკუნის დასაწყისში საზეიმოდ გახსნეს. მაღალჭერიანი ოთახი ჩამოშლილი სცენით, ერთ დროს, პირველი მსოფლიო ომის ოფიცრების სასადილო დარბაზი იყო. წლების შემდეგ იგივე ოთახი ნაცისტების კაზინოდ გადაკეთდა, სულ ბოლოს კი, მას საბჭოთა ოფიცრები საკონცერტო დარბაზად იყენებდნენ.

ფოტო: Sean Gallup / Getty Images

მოშორებით დანგრევის პირას მისული თეატრია, სადაც ასობით წითელი სავარძელი მტვრიან სცენას უყურებს. აქ ოფიცრები მოსკოვიდან ჩამოყვანილი "დიდი თეატრით", ბალეტითა და სამუსიკო გუნდების შესრულებით ტკბებოდნენ. გალავნის მიღმა მცხოვრებ ადგილობრივებს კი ბაზის შიგნით შესვლა ეკრძალებოდათ.

ფოტო: Sean Gallup / Getty Images

დასასრული

გიდის თქმით, ბერლინის კედლის დაშლას ვუნსდორფში მცხოვრები საბჭოელი ჯარისკაცები ტელევიზორით ადევნებდნენ თვალყურს და მანტრასავით იმეორებდნენ ფრაზას — "შეინარჩუნეთ სიმშვიდე".

ქალაქ ზოსენის მაშინდელი მერი, ვერნერ ლესე იხსენებს, რომ ოფიცრებმა ადგილის სასწრაფოდ დატოვების ბრძანება მიიღეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ვერნერმა, რამდენიმე ადგილობრივთან ერთად მისტიური კედლის მიღმა შეეხედა.

ჯარისკაცებმა იცოდნენ, რომ მალე ბაზის დატოვება მოუწევდათ, თუმცა არ იცოდნენ, ზუსტად - როდის. ზოგიერთმა ოჯახმა მაგიდაზე გაშლილი სადილი დატოვა. კატებისა და ძაღლების წაყვანა ყველამ ვერ მოასწრო.

სტუმრების ახალი თაობა

ამჟამად ყოფილი სამხედრო ბაზის რეკონსტრუქცია იგეგმება. მომდევნო წლებში აქ 700 ბინა აშენდება. ლიმნისფერი დიდი შენობა კი ჯერ კიდევ ელოდება მყიდველს.

გერმანიის ტყეებში აჩრდილად ქცეულ "პატარა მოსკოვს" ყოველ კვირა დღეს სტუმრობენ ტურისტები. ყოფილ სამხედრო ბაზაში ტურების დაგეგმვას Bücherstadt-Tourismus GmbH-ზე შეძლებთ და გაივლით იმ გზას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში კვალავდნენ "აკრძალული ქალაქის" მაცხოვრებლები.

გაინტერესებს, სად იპოვო ყველაზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის, საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროები, ჰოსტელები, Airbnb-ის ბინები და დაჯავშნოთ ავტომობილი.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze