ჩვენს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიები არსებული მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სიხშირეს ზრდიან, – წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. 

ქვრივიშვილის განმარტებით, 20 ივნისიდან 24 ოქტომბრამდე, ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი დაამატებს 1 სიხშირეს ნურსულთანი – ქუთაისი – ნურსულთანის საჰაერო ხაზზე. შესაბამისად, რეისები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით შესრულდება

“ამასთან ავიაკომპანია ზრდის ფრენის სიხშირეს აქტაუ – ქუთაისი – აქტაუს მიმართულებით და 5 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე, ავიარეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს, ნაცვლად 3 სიხშირისა;

15 ივლისიდან 25 ივლისამდე პერიოდში, ავიაკომპანია FlyDubai დუბაი – თბილისი – დუბაის მიმართულებით 19 დამატებითი რეისის შესრულებას გეგმავს

1-ლი ივლისიდან 11 სექტემბრამდე, ავიაკომპანია Qatar Airways-ი დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით კვირაში 3 სიხშირეს დაამატებს და ამ პერიოდის განმავლობაში, ჯამში რეისები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება;

1-ლი ივლისიდან 29 აგვისტომდე, ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი ტაშკენტი -თბილისი – ტაშკენტის მიმართულებით კვირაში 1 სიხშირის დამატებას გეგმავს და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ფრენები კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება.

1-ლი ივლისიდან 12 სექტემბრამდე, ავიაკომპანია Belavia მინსკი – ბათუმი – მინსკის საჰაერო ხაზზე 4 სიხშირის დამატებას გეგმავს. ჯამში, აღნიშნული მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში 18 სიხშირით განხორციელდება;

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 24 ივნისიდან ამატებს კიდევ 1 სიხშირეს ოდესა – თბილისი – ოდესის საჰაერო ხაზზე. ფრენები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით სრულდებოდა. გაზრდილი სიხშირით ოპერირებას ავიაკომპანია სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი გეგმავს)”, აცხადებს ქვრივიშვილი.

წყარო: https://avianews.ge/22493-2/

Facebook კომენტარები