საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 50%-იანი კლებაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 361 ათას 177 მგზავრს მოემსახურა, რაც 49,79%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-მაისის მონაცემებთან შედარებით.
2020 წლის 5 თვეში ქვეყნის აეროპორტები სულ 719 ათას 295 მგზავრს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 მლნ 914 ათას 974 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად 2021 წლის იანვარ-მაისის მონაცემები 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 81,14%-იან კლებას აჩვენებს.
მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხნა დაიწყო. თუმცა პანდემიის ფონზე მთელს მსოფლიოში არაპროგნოზირებადი ვითარებაა და მესამე ტალღის გამო დაწესებული შეზღუდვები რა შედეგ “დადებს” ჯერჯერობით უცნობია.
2021 წლის იანვარ-მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 290 ათას 181 მგზავრს მოემსახურა, რაც 40,26%-ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის 5 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2020 წლის იანვარ-მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 485 ათას 729 მგზავრს, 2019 წლის იანვარ-მაისში კი 1 მლნ 485 ათას 118 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2021 წლის იანვარ-მაისში 2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით მგზავრთნაკადის 80,46%-იანი კლებაა.
მგზავრთნაკადი გაიზარდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. იანვარ-მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 56 ათას 710 მგზავრი გაატარა, რაც 16,44%-ით მეტია 2020 წლის, ხოლო 58,28%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე. 2020 წლის 5 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 48 ათას 703 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 5 თვეში 135 ათას 926 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 2021 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით თითქმის 94%-იანი კლებაა. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-მაისში 2020 წლის იანვარ-მაისთან შედარებით მგზავრთნაკადის 93,53%-იანი კლება დაფიქსირდა, 2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით კი 95,93%-იანი. 2021 წლის იანვარ-მაისში აეროპორტი 11 ათას 744 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-მაისში 181 ათას 453 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 288 ათას 626 მგზავრს.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის “გამოცოცხლება” სახეზეა, რადგანაც გასულ წლებთან მიმართებაში მგზავრთნაკადის სხვაობა პროცენტულ ჭრილში მცირდება. ქვეყნის საავიაციო ხელისუფლება ბაზრის გამოცოცხლებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ არსებული მაჩვენებლებით მათ თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით მაღალია.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 48,39%-იანი კლებაა (865 მგზავრი), ამბროლაურის აეროპორტში კი პირიქით 2020 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლებთან შედარებით 14,81%-იანი მატება (406 მგზავრი), ხოლო ნატახტარის აეროდრომში 17,73%-იანი კლება (1 271 მგზავრი) დაფიქსირდა.
წყარო: https://avianews.ge/ramdeni-protsentith-aghdga-mgzavrthnakadi-saqarthvelos-aeroportebshi-statistika/