საქართველო ICAO-ს გლობალური შეტყობინების ახალ ფორმატს ნერგავს, რომელის მთავარი მიზანიც ფრენის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

ამ მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) ნორმატიული აქტების პროექტების გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში ბრძანების პროექტი – „ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ხელოვნურ საფარზე არსებული მდგომარეობის შეფასებისა და შეტყობინების წესი” – წარმოადგინა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული წესი ადგენს ხელოვნურ საფარზე არსებული მდგომარეობის შეფასებისა და შეტყობინების მოთხოვნებს. ნორმატიული აქტის მიზანია ფრენის უსაფრთხოების გაუმჯობესება და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ დადგენილი გლობალური შეტყობინების ახალი ფორმატის (GRF – Global Reporting Format) საქართველოში დანერგვა, ასევე, ICAO-ს ოფიციალური გამოცემა PANS 9981-ის (აეროდრომები) მოთხოვნების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა.

🔵 წესის მოთხოვნების შესაბამისად, სერტიფიცირებული სამოქალაქო აეროდრომის ექსპლუატანტები უზრუნველყოფენ სამანევრო არის/სამუშაო მოედნის შეფასებას და საფრენოსნო მახასიათებლების გაანგარიშების მიზნით, ადზ-ს მდგომარეობის შესახებ შეტყობინების (დეტალური სტანდარტული შეტყობინება ადზ-ს ზედაპირის მდგომარეობის და საჰაერო ხომალდის ასაფრენ-დასაფრენ მახასიათებლებზე მისი გავლენის შესახებ) ახალი ფორმატით პილოტისთვის გადაცემას – ჰაერსანაოსნო ინფორმაციის (AIS) და საჰაერო მოძრაობის (ATS) სამსახურების მეშვეობით. ნორმატიული აქტის ამოქმედება 2021 წლის 5 ნოემბრიდან იგეგმება.

წესის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ GCAA-ს ვებ-გვერდზე https://gcaa.ge/draft-regulations/

შენიშვნები და წინადადებები კი შეგიძლიათ წარადგინოთ მიმდინარე წლის 30 ივნისამდე, შემდეგ მისამართზე: [email protected]

წყარო: https://avianews.ge/saqarthvelo-asaphren-dasaphreni-zolis-mdgomareobis-shetqhobinebis-akhal-phormats-nergavs-gcaa-m-tsesis-proeqti-tsaradgina/

Facebook კომენტარები