მადრიდი მსოფლიოს ერთ-ერთი
ულამაზესი ქალაქია, რომელსაც დიდი
კულტურული და
მხატვრული მემკვიდრეობა აქვს. აქ ერთმანეთს ორგანულად ერწყმის ბიზნეს-ცენტრები და შუა საუკუნის არქიტექტურა, ევროპის საუკეთესო ღამის კლუბები, უმსხვილესი აუთლეთები, მშვენიერი პარკები,
და რა თქმა უნდა, უამრავი მუზეუმი.

მადრიდის
ისტორიას, როგორც სამეფო ქალაქისა და ესპანეთის იმპერიის ცენტრისას, კარგად
ირეკლავს ამ ქალაქის კულტურა და იერსახე. სამეფო სასახლე, ფართო მოედნები და
მონუმენტური შენობები, რომლებსაც მონარქები აგებდნენ გასაოცრად დიდი ეკლესიები –
მადრიდში უამრავ სანახავ ადგილს იპოვით, ისევე როგორც შუა საუკუნეების ნაგებობები.
თუმცა დღეს ქალაქი ისეთივე კოსმოპოლიტური და ენერგიით სავსეა, როგორც ბერლინი ან
ლონდონი.

მადრიდელები („მადრილიენოს“) ადრე თავს „გატოს“ – „კატებს“ უწოდებდნენ. ამ ქალაქის დღის რუტინა ნელა და უხალისოდ მიედინებოდა სიცხის გამო; დღესაც კი ბევრი მადრიდული საწარმოს ზაფხულის გრაფიკში გრძელი შესვენებებია გამოცხადებული. სამაგიერო საღაამობით… სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით მადრიდში ყველაზე მეტი ბარია და ქალაქი ძალიან აქტიური ღამის ცხოვრებით ცხოვრობს. „მადრილიენოს“ ტოროლასავით ალიონზე არ დგებიან და მიჩვეული არიან დილის 5-7 საათამდე გართობას. ასე რომ, დასვენების დღეებში თამამად შეგიძლიათ გრან-ვიაზე ღამით გაისეირნოთ. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი სასტუმრო რომელიმე კლუბური ცხოვრების ცენტრის გვერდით არ მდებარეობდეს.

როგორ ჩავიდეთ მადრიდში

საქართველოს აეროპორტებიდან მადრიდში მხოლოდ გადაჯდომით იმგზავრებთ. გარდა ამისა, იბერიის ნახევარკუნძულის თითქმის შუაგულში მდებარე ქალაქში ადვილად ჩახვალთ მატარებლით ან ავტობუსით. ბარსელონადან მადრიდის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლები კურსირებს, ხოლო ლისაბონიდან ან თუნდაც პარიზიდან – მთელი მატარებელი-სასტუმრო.

The Cheapest Flights for this Month from თბილისი to მადრიდი

ავიაბილეთები 1 თვის განმავლობაში თბილისიდან მადრიდი, 1 გზა

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მიმართულება და თარიღი

მადრიდის რაონები

პირობითად მადრიდი შეიძლება დავყოთ ორ
ძირითად ტურისტულ ზონად. პირველი – ძველი ტრადიციული ცენტრია, სადაც მდებარეობს
ქალაქის გული – პუერტა-დელ-სოლის უძველესი მოედანი და გრან-ვიას ქუჩა, აგრეთვე
მე-17 საუკუნის მიმდებარე რაიონები – ავსტრიული (აშენდა ჰაბსბურგების მეფობის
დროს), არგუელიეს, ჩუეკა, მალასანია და ჩამბერი.

მეორე ზონა – მადრიდის ახალი კვარტლები:
კოსმოპოლიტური კასტელიანა ბიზნეს-ოფისებითა და ელიტური სასტუმროებით, ბაროკოს
სტილის სახლებით სავსე და მკაცრად დაგეგმარებული რაიონი სალამანკა – ქალაქის საუკეთესო
მაღაზიებისა და რესტორნების მამული, ჩრდილოეთ რაიონი ჩამარტინი – ამ ქვეყნის
ძლიერთა ადგილი ბოჰემური ცხოვრების მომხიბლავი ატმოსფეროთი.

ტურისტებს გაუჭირდებათ საცხოვრებელი რაიონის
არჩევა. მოკლედ რომ ვთქვათ, შეიძლება ასე დავახასიათოთ ქალაქის რაიონები: ძველი
მადრიდი – ძველი სასტუმროები: ან საუკუნოვანი ისტორიისა და მაღალი ფასების მქონე
სასტუმროები, ან ბიუჯეტური აპარტამენტები და პანსიონები ძალიან მისაღები ფასებით. ახალ
მადრიდში, როგორც წესი, ძვირადღირებული და ელეგანტური სასტუმროებია; ხელმომჭირნე
ტურისტები აქ იშვიათად ცხოვრობენ, რადგან დაბალი ფასები უბრალოდ არსადაა.

მადრიდის ცენტრი

ავსტრიულ რაიონს სახელი ესპანეთის მეფეთა
საპატივცემულოდ ეწოდა, რომლებიც ქვეყანას მე-17 საუკუნეში მართავდნენ. მისი
მთავარი თავისებურებაა – დახვეწილი ქუჩები, პატარა მოედნები, ყველაზე მეტად
დასამახსოვრებელი ეკლესიები. მის ცენტრში მდებარე პლაზა-მაიორი ღამის მადრიდის
ყველაზე მეტად მხიარული ადგილია. აქ სავსეა კაფეები, მაღაზიები, სადაც ყველაფერი
იყიდება – მე-20 საუკუნის დასაწყისის უცნაური ქუდებიდან დაწყებული იშვიათი
მონეტებით დამთავრებული. სასტუმროებიც ბევრია, ძვირიც და იაფიც, მაგრამ გაითვალისწინეთ,
რომ ცენტრში ცხოვრებას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს – მოედანზე 24 საათის
განმავლობაში ხმაურია.

პლაზა-მაიორის დასავლეთით, ვიწრო თაღში Cuchilleros,
მადრიდის ყველაზე აუთენტური დაწესებულები მდებარეობს – ტაბერნასი და მესონესი,
სადაც საათობით შეიძლება ფინჯან ყავას უჯდეს კაცი. კავა-ბაჰას ქუჩაზე კი, რომელიც
აქვე იწყება, ესპანეთის დედაქალაქის მოდური ღვინის ბარების, მყუდრო ტავერნებისა და
რესტორნების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა.

პუერტო-დელ-სოლიდან („მზის კარიბჭე“)
შეგიძლიათ ესპანეთის ყველა კუთხეში გაემგზავროთ. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობებია
– მაღაზიები და მსხვილი უნივერმაღები, ასევე მრავალი ბარი და ღამის კლუბი. და რა
თქმა უნდა დათვისა და მარწყვის ხის ქანდაკება, რომელიც შეხვედრების საყვარელი ადგილი
და მადრიდის სიმბოლოა.

გრან-ვია ქალაქის მთავარი არტერიაა, სადაც
თითქმის ყველა ბანკისა და კორპორაციის შტაბ-ბინა, უნივერმაღები და კაფეები
მდებარეობს. ქუჩა სათავეს იღებს ესპანეთის მოედნიდან, სადაც აღმართულია ამაყი დონ
კიხოტისა და მისი ერთგული საჭურველმტვირთველის სანჩო-პანსას ქანდაკება, ხოლო
მთავრდება სიბელესის მოედანზე, რომელსაც ესპანური ფერწერის ყველა თაყვანისმცემელი
იცნობს. სწორედ აქ მდებარეობს მადრიდის „ხელოვნების ოქროს სამკუთხედის“ მწვერვალი.

გრან-ვიას სასტუმროები
არ არის ცუდი იდეა, ქუჩის გასწვრივ სამი მეტროს სადგურია და ინფრასტრუქტურაც
კარგად არის განვითარებული. მაგრამ ასევე არსებობს უარყოფითი მხარეები –
ავტომობილების ხმაური და მუდმივი გამონაბოლქვი.

გრან-ვიას ჩრდილოეთით ჩუეკას რაიონი მდენარეობს – ძალიან ატმოსფერული, ბოჰემური, მხიარული და განთქმული მადრიდის „გეი-საზოგადოებას“ შორის. მალასანია მძიმე როკის და გრანჟის მოყვარულებს მოეწონებათ, მისი მუსიკალური ბარები მთელ ესპანეთში განთქმულია, თუმცა თავად რაიონი საკმაოდ წესიერი და მყუდროა, რომელშიც მე-19 საუკუნის სახლებია განლაგებული. დახვეწილი, ელეგანტური და ტრადიციული რაიონი ჩამბერი შესანიშნავია ბავშვებთან ერთად მოგზაური ტურისტებისთვის. მისი იერსახე ცოტათი მოსაწყენია, მაგრამ თავად რაიონი მშვიდია – ფართო ქუჩები ისტორიული სახლებით, რომელთა უმეტეს ნაწილში უცხო ქვეყნის საელჩოები მდებარეობს.

ახალი მადრიდი

ახალი – თანამედროვეს არ ნიშნავს, „ახალი მადრიდი“
უწოდეს ყველაფერს, რაც მე-17 საუკუნის მადრიდის კედლებს გასცდა. კასტელიანა –
ყველაზე გრძელი და ყველაზე ელეგანტური გამზირია, რომელიც კასტილიის მოედნიდან
კოლუმბის მოედნამდე გრძელდება. ზაფხულობით კასტელიანის ღია ტერასებზე აქაურ
მაცხოვრებლებს საღამოების გატარება ძალიან უყვართ. ამ რაიონის ღირსშესანიშნაობებია
სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონი, საუკეთესო სასტუმროები და ძვირი მაღაზიები. მყუდრო
რეკოლეტოსი – ეს არის ანტიკვარიატისა და წიგნების მაღაზიები, ასევე ცნობილი
ეროვნული ბიბლიოთეკისა და მადრიდის უძველესი კაფის, „ხიხონის“, შენობა.

პასეო-დელ-პრადო,
რომელიც სიბელესის მოედნიდან ატოჩას სადგურამდე მიდის, ყველა ტურისტისთვის
კარგადაა ნაცნობი. სწორედ აქ მდებარეობს პრადოს მუზეუმი, სასტუმრო „რიტცი“, ასევე
ნეპტუნის ქანდაკება და რეტიროს პარკი საფეხმავლო ბილიკებით, ტერასებიანი კაფეებით,
შადრევნებით, ქანდაკებებით, მუსიკოსებითა და მხატვრებით.

სალამანკა და
კალე-სრეანო – ცენტრის აღმოსავლეთით მდებარე თანამედროვე და ძვირიანი რაიონებია. ტურისტების
მთავარი ადგილობრივი გასართობია – შოპინგი, ჩამარტინის კვარტალში მადრიდის
ჩრდილოეთით რკინიგზის სადგური მდებარეობს, რომელიც ასევე ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე
მოდური რაიონია.

იმისთვის, რომ ჯიბის ქურდების მსხვერპლი არ
გახდეთ, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ადამიანების თავმოყრის ადგილებში
(მაგალითად, პუერტა-დელ-სოლისა და პლაზა-მაიორის გარშემო მდებარე რაიონებში),
ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დიდ მაღაზიებში.

სად წავიდეთ
ინფორმაციისთვის

თუ მადრიდში დაიკარგეთ და არ იცით თუ როგორ მოხვდეთ ამა თუ იმ
ღირსშესანიშნაობასთან, გსურთ გაიგოთ იმ კულტურული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც
ამჟამად ქალაქში იმართება, ამ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მრავალ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრთაგან ერთ-ერთს, სადაც
უფასო ქალაქის რუკას მიიღებთ. მისამართი: მოედანი Plaza Mayor, 27 (კასა-დე-ლა-პანადერიას
შენობის სვეტებიანი დარბაზი); მოედანი Plaza de Colon (მიწისქვეშა გადასასვლელი Paseo
de la Castellana, Goya და Genova ქუჩებს შორის); Paseo del Prado ბულვარის
დასაწყისი; მოედანი Plaza de Callao, Calle de Preciados ქუჩის კუთხე და სხვ.

მადრიდის ტრანსპორტი

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა ძალიან კარგად არის განვითარებული და ქალაქის სიამაყეა. ესპანეთის დედაქალაქში იგი წარმოდგენილია მეტროთი და ავტობუსით.

მეტრო

მადრიდის მეტრო ევროპაში სიდიდით მეორეა და თავისი ქსელით პრაქტიკულად მთელ ქალაქს მოიცავს (მეტროს სქემა). ეს იაფი და მოსახერხებელი გადაადგილების საშუალებაა. მეტროპოლიტენი მუშაობს 6:00 საათიდან 2:00 საათამდე, სამუშაო დღეებში
მატარებლების მოძრაობის ინტერვალი 3-5 წუთია, ხოლო 23:00 საათის შემდეგ და
კვირაობით – 10-15 წუთი.

ავტობუსი

მადრიდის ავტობუსები ტექნიკურად შესანიშნავად არის აღჭურვილი კონდიციონერით, ეტლებისთვის პანდუსით, აგრეთვე სპეციალური უსაფრთხოების ღვედით, რომელიც მოძრაობისას მათი ფიქსაციის
საშუალებას იძლევა). ავტობუსში ასვლა მხოლოდ წინა კარიდან ხორციელდება. თუ ბილეთი წინასწარ არ გიყიდიათ, მგზავრობის საფასურის გადახდა მძღოლთან შეგიძლიათ, მაგრამ ამ შემთხვევაში წვრილი ფული იქონიეთ თან, რადგან წესების თანახმად იგი არ
არის ვალდებული მსხვილი კუპიურის ხურდა დააბრუნოს.

ავტობუსის მარშრუტები მთელ დედაქალაქს და გარეუბნებს ფარავს. დღის ავტობუსი 6:00 საათიდან 0:00 საათამდე მოძრაობს, ღამის კი – 0:00 საათიდან 6:00 საათამდე. ღამით ავტობუსების
მოძრაობის ინტერვალი იზრდება.

მეტროთი ან ავტობუსით მგზავრობის ღირებულება 1,5-2 ევროა. მეტროთი ან ავტობუსით (Metrobus) 10 მგზავრობის აბონემენტის
შეძენა 11,20 ევრო დაგიჯდებათ. მისი შეძენა შესაძლებელია მეტროში, გაზეთების ან თამბაქოს ჯიხურებში. ფასები ვებ-გვერდზე
მითითებულია 2018 წლის ოქტომბრის მდომარეობით.

ტაქსი

ტაქსი მადრიდში ყოველ კუთხეშია. ავტომობილები,
როგორც წესი, თეთრი ფერისაა წინა კარებზე წითელი ზოლით. მწვანე შუქი ნიშნავს,
რომ ტაქსი თავისუფალია. მგზავრობის გადახდა ყოველთვის მრიცხველით
წარმოებს.

ჩასხდომის დროს ფიქსირებული
გადასახადია 2,10 ევროდან 3,40 ევრომდე, დღე-ღამის
მონაკვეთისა და კვირის დღის მიხედვით.

ველოსიპედის ქირაობა

მადრიდში უკვე დიდი
ხანია ფუნქციონირებს BiciMAD ელექტროველოსიპედების გაქირავების ოფიციალური კომპანია: დაახლოებით
120 პუნქტი
მთელ ქალაქში. ქირაობის ფასი არცთუ
ისე მაღალია – 2 ევრო საათში, მეორე და მომდევნო საათი – 4 ევრო. ეკოლოგიურად სუფთა ველოსიპედით ქირაობისთვის, აპლიკაცია ჩამოტვირთეთ,
ან გაქირავების პუნქტებში მდებარე სენსორული პანელები გამოიყენეთ.

აპლიკაციის მეშვეობით სულ რაღაც 0,1 ევროდ ველოსიპედს
ნებისმიერ სადგურზე დაჯავშნით, ყველაზე
პოპულარული
სადგურებია – ტრადიციულად პრადოსთან ან პუერტო-დელ-სოლის მოედანზე.

კავშირი და Wi-Fi

მადრიდში მდებარე სასტუმროების, ჰოსტელებისა და აპარტამენტების
უმეტესობა აღჭურვილია უსადენო ინტერნეტით. გარდა ამისა, ცენტრის თითქმის ყველა
კაფე და რესტორანი სტუმრებს უფასო Wi-Fi-ს სთავაზობს. დაწრმუნებული რომ იყოთ,
შეგიძლიათ ეს რუკა გამოიყენოთ.

შესანიშნავი
ადგილი ქალაქის ხედით, სადაც მუშაობას შეძლებთ და ხმაურიან ხალხსა და ყავის მეათე
ჭიქაზე არ დაკარგავთ დროს – არის სიბელესის სასახლე ამავე სახელწოდების მოედანზე.
აქ ყველასთვის უფასო Wi-Fi ზონაა მოწყობილი კომფორტული დივნებითა და პანორამული
ფანჯრებით.

Madrid Card

მადრიდის სტუმრების ბარათი
თავის მფლობელებს უამრავ უპირატესობას ანიჭებს – ესპანეთის დედაქალაქის საუკეთესო
მუზეუმებში რიგში დგომის გარეშე შესვლა, 30%-მდე ფასდაკლება კაფეებსა და
მაღაზიებში, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო სარგებლობა და ექსკურციებიც
კი გიდის თანხლებით. 1 დღიანი Madrid Card-ის ღირებულება – 47 ევროა, 6-12 წლის
ბავშვებისთვის – 34 ევრო, 3 დღიანი – 67 და 44 ევრო შესაბამისად. ბარათის შეძენა შეგიძლიათ
ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან მადრიდის ერთ-ერთ საინფორმაციო ცენტრში.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მადრიდის მუზეუმების
მონახულების საშუალო ღირებულება 8-10 ევროა – ეს ბარათი საკმაოდ მომგებიანი იქნება
ცოდნისმოყვარე ტურისტებისთვის.

მადრიდის სასტუმროები

მადრიდს ყველა
გემოვნებისა და შესაძლებლობის სტუმარს შეუძლია შესთავაზოს სხვადასხვა განთავსების
ვარიანტი: იაფი და დემოკრატიული ჰოსტელებიდან დაწყებული, ძალიან ძვირი და მდიდრული
სასტუმროებით დამთავრებული (მაგალითად, რიტცი). ბოლო წლებში დედაქალაქში სულ უფრო მეტი
საშუალო ფასის კატეგორიის სასტუმროები იხსნება.

ოფიციალურად სასტუმროები „ვარსკვლავიანობის“
მიხედვით კლასიფიცირდება – ერთიდან ხუთამდე, მაგრამ ეს რეიტინგი შეიძლება მხოლოდ
სავარაუდო ორიენტირი იყოს და სასტუმროს მიერ შემოთავაზებულ პირობებზე საუბრობდეს.
სამწუხაროდ, განთავსების ფასები ყოველთვის არ შეესაბამება სასტუმროს ფასადზე
განთავსებულ ვარსკვლავების რაოდენობას.

ყველაზე იაფი განთავსების ვარიანტია „ოსტალესი“
(hostales). ისინი ერთიდან სამ „ვარსკვლავამდე“ კლასიფიცირდება და პატარა
მოკრძალებულ სასტუმროებს წარმოადგენს, რომლებიც, როგორც წესი, საცხოვრებელი
კორპუსების
ზედა სართულზე მდებარეობს. ამ სასტუმროებში ხშირად ნომერში არ არის აბაზანა.

მადრიდში სასტუმროს
არჩევისას მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, მისი ადგილმდებარეობაა. მთავარ
ღირსშესანიშნაობებამდე ფეხით სავალი მანძილი – დიდი უპირატესობაა.

ქსელში ძაბვა 220 ვოლტია. გამოიყენება
ევროროზეტი შტეფსელში შესაერთებელი ორკაპა მოწყობილობით. ინგლისური
ელექტრომოწყობილობებისთვის ადაპტერი დაგჭირდებათ, ამერიკულისთვის (110 ვ) –
ადაპტერი და ტრანსფორმატორი.

შოპინგი

მადრიდი უკვე დიდი
ხანია შოპინგის თვალსაზრისით არ ჩამოუვარდება თავის სახელოვან იტალიელ მეზობელს – მილანს.
დაე, ესპანელი დიზაინერები ჯერ არ არიან ისე სახელგანთქმული, როგორც მათი
თანამოძმეები იტალიის „ჩექმიდან“ და ძვირადღირებულ ბრენდებს ჯერ კიდევ პარიზში
აწარმოებენ, მადრიდი – ეს არის არაჩვეულებრივი სტილის, ნათელი ფერებისა და უცნაური
დიზაინის სამშობლო, განსხვავებული სტილის მოყვარულებმა კი ეს დიდი ხანია იციან. დღეს
მადრიდში შოპინზე არა მხოლოდ ხამონის, ზეთისხილისა და ღვინის, არამედ მრავალფეროვანი
ტამსაცმლის მოყვარულები ჩადიან.
სად უნდა ვეძებოთ? ყველაზე ფეშენებელური სავაჭრო უბანია სალამანკა. აქ ყველაზე
ძვირადღირებული და ექსკლუზიური ბრენდებია თავმოყრილი, ისევე როგორც საიუველირო
მაღაზიები და მრავალი ანტიკვარული მაღაზია.

ფუენკარალესა და ჩუეკეს რაიონებში გირჩევთ ეწვიოთ მაღაზიებს უცნაური
სტილის ავანგარდული კოლექციებით, ასევე ცნობილ ბაზარს, სადაც ხშირად ფილმები და
სპექტაკლები იმართება. მას-მარკეტის ბრენდებმა თავისი მაღაზიები არგუელეს
კვარტალში გახსნეს – ესენია Zara, Mango, Massimo Dutti და სხვ. მსხვილი სავაჭრო
ცენტრები მოძებნეთ ორენსესა და ასკეში, მაგალითად, „ლა ესკინა“ ან „ელ კორტე
ინგლეს“.

გრან-ვიაზე
შოპინგი – მხოლოდ
შეძლებული
ტურისტებისთვის ან მხოლოდ და მხოლოდ სუვენირების შეძენისთვის არის შესაფერისი.

რა დავაგემოვნოთ

მადრიდული სამზარეულო ყველაფერ საუკეთესოს აერთიანებს, რაც კი ესპანურ
სამზარეულოს გააჩნია – დაწყებული ანდალუზიური გასპაჩოთი (ტომატის ცივი წვნიანი),
დამთავრებული ვალენსიური პაელიით (ბრინჯი ზღვის პროდუქტებით), და განთქმული
ხამონით – ღორის ბარკლით. აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ რვაფეხასგან დამზადებული
განთქმული გალიციური კერძი, ბასკების ქვეყნის საყვარელი გამხმარი ვირთევზა და
ასტურიული ღორის სტეიკი. მაგრამ მადრიდს საკუთარი განსხვავებული კერძებიც აქვს,
მაგალითად ბატკნისა და ბოსტნეულისგან მომზადებული „კოსიდო“ – ღორის შებრაწული
ყურები, არა, არ მოგესმათ, ყურები, ასევე „კალიოსი“ – საქონლის ხაში. და
მიუხედავად მისი ზღვიდან შედარებით დაშორებული მდებარეობისა, მადრიდში თევზსაც
დიდი პატივს სცემენ – თინუსი და ზღვის პროდუქტები თითქმის ყველგან გვხვდება.

მადრიდის მკვიდრნი დიდი გურმანები არიან და ეს არ არის ხუმრობა. აქ
დაიწყო და შემდეგ სამუშაოდ დაბრუნდა შთაგონების ძიებაში აზიასა და პაპუას სიღრმეში
გამგზავრებული ათეულობით შეფ-მზარეული, რომელთა სახელებიც დღეს მთელმა გასტრონომიულმა
სამყარომ იცის. ისინი მუდმივად ხსნიან და ხურავენ ახალ რესტორნებს, იგონებენ ულტრამოდურ
კონცეპციებს, რომლებსაც „ახალი მსოფლიო“ უერთდება. ერთი სიტყვით, „მადრილიენოს“
საკმაოდ მკაცრად ეპყრობიან საკვებთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც არამომთხოვნი ტურისტების
ინტერესებშია: აქ გაოცდებით და გემრიელადაც მიირთმევთ.

მადრიდის კაფეები და რესტორნები

მსოფლიოს გურმანებს შორის მადრიდი დიდი ხანია
განთქმულია თავისი მიშლენის ვარსკვლავების მფლობელი რესტორნებით, გასტროპაბებითა
და ყველა სახის სასაუზმოებით. მადრიდში პრაქტიკულად წარმოუდგენელია გემრიელად არ
მიირთვათ. სადილის საშუალო ქვითარი დამოკიდებული იქნება დაწესებულების დონეზე:
ძალიან ძვირი – 50 ევროდან, უბრალოდ კარგი რესტორანი – 25-40 ევრო, სტანდარტული
კაფე კი – 15-25 ევრო ერთ პერსონაზე, ხოლო მსუბუქი წახემსება და ფასტ-ფუდი – 5-დან
10 ევრომდე დაგიჯდებათ. ყველაზე ეკონომიური, თუმცა საკმაოდ ნოყიერია, რა თქმა უნდა,
თუ არ გავითვალისწინებთ ჰამბურგერს – „მენიუ დელ დია“ ან „მენიუ ტურისტიკო“ –
ორი-სამი კერძი არჩევანის გარეშე და „კომპოტი“.

აქ მსუბუქად საუზმობენ – ყავა და ფუნთუშა,
7:30 საათიდან 10:00 საათამდე. როგორც წესი, სადილის საათებია 14:00 საათიდან
16:00 საათამდე, ვახშმობენ – 20:00-21:00 საათამდე და შუაღამემდე. ბევრი რესტორანი
კვირაში ერთი დღე იხურება.

რესტორნების ყველაზე დიდი არჩევანი პუერტა-დელ-სოლისა
და გრან-ვიას ირგვლივაა. როდესაც მაგიდას აარჩევთ ყურადღება იმასაც მიაქციეთ,
არიან თუ არა აქ ადგილობრივი მაცხოვრებლები, ესპანელებს გემრიელი ჭამა უყვართ და
თუ არიან, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ნამდვილად გემრიელ კერძებს ამზადებენ.

მადრიდის გასართობი საშუალებები და ღირსშესანიშნაობები

მადრიდისა და მთელი
ესპანეთის ცენტრად ითვლება პუერტა-დელ-სოლი სამი ქანდაკებითა და ძველი ფოსტის
სახლით. ის ფაქტი, რომ „მზის კარიბჭე“ (როგორც ესპანურიდან ითარგმნება მოედნის
სახელი) მთელი იბერიის ნახევარკუნძულის შუაგულად ითვლება – უკვე საკმარისი მიზეზია
მის სანახავად. თუმცა, აქ გარდა ნულოვანი კილომეტრისა, მადრიდის სიმბოლოც მდებარეობს
– დათვი, რომელიც უკვე 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მარწყვის ხეს სევდიანად
უცქერს.

კოლონადებით
გარშემორტყმულ ცენტრალურ მოედანზე – პლაზა-მაიორზე შუა საუკუნეებში ბაზარი
ეწყობოდა, კორიდები ტარდებოდა და ადამიანებს კოცონზე დაწვით სჯიდნენ. ახლა მოედანზე
ყველაზე თვალსაჩინო შენობებია მეფუნთუშეს სახლი, რომლის ფასადი ფრესკებით არის
გაფორმებული, და ყასაბის სახლი, სადაც ამჟამად მუნიციპალური სამსახურებია
განთავსებული. მოედნის ცენტრში აღმართულია ფილიპ III-ის ცხენოსანი ქანდაკება.
პლაზა-მაიორის აღმოსავლეთით მდებარეობს პლაზა-დე-ლა-პროვინსიას მოედანი, სადაც „სანტა-კრუსის“
სასახლეა განთავსებული, რომელშიც ამჟამად ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა.
ახლომახლო მდებარეობს ვილიას თვალწარმტაცი მოედანი მუნიციპალიტეტის ლამაზი შენობით,
სადაც კონსისტორია აწყობდა სხდომებს და ლა-ვილიას ციხე მდებარეობდა.

თუმცა, მადრიდის მთავარი სასახლე, რა თქმა
უნდა, სამეფო სასახლეა, რომელიც ვერსალის სასახლეს მოგაგონებთ. კლასიკური ბაროკოს
სტილში აგებული, სვეტებით გარშემორტყმული და გრანიტითა და თეთრი ქვით არქიტექტურულ
სტილში შეხამებული, იგი ქალაქის ფაქტობრივად მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

მადრიდის მუზეუმები

ესპანეთის დედაქალაქში
უამრავი მუზეუმი და გალერეაა: პრადოს ეროვნული მუზეუმის გარდა, რომლის შედევრების
ჩამოთვლას გოიას ან ბოსხის ნებისმიერი თაყვანისმცემელი შეძლებს, ყურადსაღებია სხვა
სამხატვრო კოლექციებიც. მაგალითად, დედოფალი სოფიას ავანგარდული ხელოვნების ცენტრი
ან ცნობილი ტისენ-ბორნემისის მუზეუმი. ეს სამი კოლექცია მადრიდის „ხელოვნების
ოქროს სამკუთხედად“ ითვლება, რომელიც აუცილებლად უნდა იხილოთ.

ესპანეთის დედაქალაქის მუზეუმების კიდევ ერთი
თავისებურება – ვიწრო თემატიკაა. აქ არის აერონავტიკის მუზეუმი და სახანძრო
მუზეუმი, ასევე, მაგალითად, რკინიგზის მუზეუმი. მათ ფონზე გამოირჩევა მადრიდის
ახალი კულტურული სიმბოლო – Caixa Forum. იგი ყოფილი ელექტროსადგურის შენობაშია
განთავსებული, სადაც ულტრამოდურ გამოფენები, რომელთა სანახავად მთელი ესპანეთი ჩამოდის.

მადრიდი ბავშვებისთვის 

ზოგადად ესპანელებს
უყვართ ბავშვები, მადრიდში კი ეს სიყვარული კულტად არის ქცეული. აქ არის
სასტუმროები, სადაც განთავსებულია ბავშვთა მისაღები დახლი, საბავშვო კაფეების რეკორდული რაოდენობა სათამაშო
ოთახებით (მათ „ludoteca“-ს უწოდებენ), ასევე მაღალი სკამ-მაგიდები თითქმის ყველა
კვების ობიექტში. დიახ, ბენზინგასამართ სადგურებშიც კი. ზედმეტია იმაზე საუბარი,
რომ მუზეუმების
უმეტესობა აღჭურვილია დედათა და ბავშთა ოთახებით, სადაც შეგიძლიათ გამოკვებოთ 0 თვისა
და მეტი ასაკის ბავშვი (პრადოსა და ტისენ-ბორნემისის ჩათვლით).

ბავშვების მხატვრული
პროგრამით გადაღლის შემდეგ, მშობლები უბრალოდ ვალდებულნი არიან მათ გართობის
საშუალება მისცენ. მაგალითად, რეტიროს პარკში შესაძლებელია ნავით სეირნობა, საბავშვო
სათამაშო მოედნებზე თამაში, კუებსა და ფრინველებზე თვალყურის დევნება ცნობილი ბროლის
სასახლეში. ცოტათი უფრო აქტიურად შეგიძლიათ დაისვენოთ უზარმაზარ პარკში „კასა-დე-კამპო“,
სადაც ბავშვებს შეუძლიათ ატრაქციონებზე გაერთონ, ხოლო ცოტა მოგვიანებით მშობლებთან
ერთად „ტელეფრიკო ” – საბაგირო გზით გაისეირნონ.

ასევე გირჩევთ ეწვიოთ მადრიდის ზოოპარკს, სადაც არც ისე დიდი ხნის წინ პატარა სპილო დაიბადა, რომელმაც მთელი ქალაქი მოხიბლა. „ფაუნიას“ პარკში (ქალაქის ცენტრიდან 7 კილომეტრში) შეგიძლიათ მოხვდეთ ამაზონის ნამდვილ ჯუნგლებში ან პოლარულ ეკოსისტემაში. დაბოლოს, საბავშვო კულტურული პროგრამა რკინიგზის მუზეუმში დაასრულეთ, რომელშიც განთავსებულია ძველებური ვაგონები და ძრავები, ან საზღვაო მუზეუმში გემის საოცარი მოდელებით.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze