საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ავიაკომპანიებთან ბაზარზე მათი დაბრუნების, – აღნიშნულია  სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ  პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში. როგორც აღნიშნული მოხსენებიდან ირკვევა, შესაბამისი მიმართულებებისა და სიხშირეების აღდგენის მიზნით. ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიების მოსაზიდად მომზადდა სააეროპორტო მომსახურებების ფასდაკლების განახლებული კონცეფცია, ე. წ. ,,all inclusive“ ტარიფებით;

“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 18 აპრილიდან ფრენები განაახლა ევროპულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ Wizz Air-მა, ხოლო 2 მაისიდან ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan შემოვიდა საქართველოს ბაზარზე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ყაზახეთის სამი მიმართულებით, კვირაში 6 სიხშირით იფრენს.  მიუხედავად პანდემიისა, საქართველოს ბაზარზე შემოვიდა კიდევ ორი ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, გერმანული ავიაკომპანია Eurowings და უკრაინული ავიაკომპანია Bees Airlines. მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში საშუალოდ 150 რეისი სრულდება, ზაფხულის პიკურ პერიოდში კი  350-დან 360-მდე რეგულარული ფრენის შესრულება იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეების გადაადგილებასა და ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენას ქვეყანაში. 

დასასრულს უახლოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოები. დასრულდა საბარგო სისტემის მონტაჟი. ასევე დასრულდა საინჟინრო-კომუნიკაციების გაყვანილობის მოწყობა, დამონტაჟდა სარეგისტრაციო დახლები. 2021 წლის თებერვალში დაიწყო ძველი და ახალი ტერმინალების გადაერთების სამუშაოები. ზაფხულის სანავიგზაციო სეზონზე პირველი მგზავრები ტერმინალის განახლებულმა ნაწილმა მიიღო. გადაერთების სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულად ოპერირებაში შევა განახლებული, 30 ათას კვ მეტრამდე თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტის აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა საჭირო აღჭურვილობით. აეროპორტს 7 გასასვლელი (ე. წ. Gate) ექნებადა საათში 1 200 მგზავრის გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ ზრდის”, – აღნიშნულია მოხსენებაში.

ამასთან,  2021 წლის 25 მარტს გაიხსნა ახალი ტერმინალი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. შენობის საერთო ფართი 7 885 მ2-მდე გაიზარდა (არსებულ ტერმინალს დაემატა 3 800 მ2). აღსანიშნავია, რომ როგორც ქუთაისის, ისე ბათუმის აეროპორტების მშენებლობა პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა. გაფართოების შედეგად ბათუმის აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდა და წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

Facebook კომენტარები