ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვენა-ქუთაისი-ვენას, ბუდაპეშტი- ქუთაისი-ბუდაპეშტისა და ვროცლავი-ქუთაისი-ვროცლავის მიმართულებებით პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტიდან პანდემიის შემდეგ პირველ რეგულარულ პირდაპირი რეისს 19 ივნისს შეასრულებს, ვროცლავიდან — 26 ივნისს, ხოლო ვენიდან 29 ივნისს განახორციელებს. სამივე მიმართულებით რეისები კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულდება. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.
"როგორც იცით, დღეს და ხვალ პოლონეთის ორი ქალაქის, გდანსკისა და კატოვიცეს მიმართულებით განახლდება ფრენები ქუთაისიდან. ივნისიდან გვემატება უკვე პოლონეთიდან მესამე მიმართულება — ვროცლავი, ასევე ბუდაპეშტისა და ვენის მიმართულებები. რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისიდან ახლა უკვე პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა ევროპის 6 ქვეყნის 9 ქალაქში, ხოლო ცენტრალური აზიის 3 ქალაქშია შესაძლებელი", — განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37,5-ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ ტერმინალში არ დაიშვებიან. COVID 19-ის პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ჩარტერული, საწვრთნელი და არაკომერციული დაშვებები ხორციელდებოდა.