არც თქვენ გამოგეპარებოდათ ის ამბავი, რომ ჩვენთან, 1 თებერვლიდან, საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვები მოიხსნა. ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რითმს ვუბრუნდებით და მალე ისევ დავიპყრობთ მსოფლიოს, ისევ გავფრინდებით და მოგზაურობის მოგონებებს ისევ ძალიან ბევრს დავიგროვებთ.

დღევანდელი სტატია კი გვინდოდა მიგვეძღვნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოგზაურობას ახლა იწყებენ.

მაშ ასე, 10 რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ, როცა პირველად მოგზაურობთ:

1. ჩაალაგეთ მსუბუქად

ზუსტად ვიცით, გამგზავრებამდე, ჩაბარგებისას ის შეგრძნება, როდესაც გინდა ტანსაცმელები ერთმანეთს შეუხამო და რაც შეიძლება მეტი შესაძლო ვარიანტი წაიღო, რომ იქ არჩევანის საშუალება გქონდეთ, თუმცა დაგვიჯერეთ, სჯობს წაიღოთ ცოტა და კომფორტული, ვიდრე ბარგი ისეთი სამოსით გაავსოთ, რომელიც შეიძლება არც კი ჩაიცვათ.

თანაც, იქაც ხომ უნდა იშოპინგოთ არა? მერე გამომგზავრებისას ბარგის წონას რომ გადააჭარბოთ? ან ზომებში ვერ ჩაჯდეთ?

ამიტომ გირჩევდით, მაშინ, როდესაც მთელი დღეები უცხო ქალაქი ფეხით უნდა შემოაიროთ, რაც შეიძლება მსუბუქი, მარტივი და კომფორტული ტანსაცმელი ჩააწყვეთ.

2. მოგზაურობის განმავლობაში, არ არის აუცილებელი გაჰყვეთ თქვენ მიერ წინასწარ შედგენილ გეგმებს

გამგზავრებამდე, ყოველთვის ვინიშნავთ ხოლმე ადგილებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ვნახოთ, რესტორნებს, სადაც აუცილებლად უნდა ვჭამოთ და ლოკაციებს სადაც ფოტოები უნდა გადავიღოთ, თუმცა, ყველაფერი ხდება!

არ შეშინდეთ, თუ გეგმები შეგეცვალათ, რაღაც დაწესებულება დაკეტილი დაგხვდათ, ან მუზეუმთან დიდი რიგი და დათვალიერებას ვერ ასწრებთ, ეგ არაფერია. ინტუიციას გაჰყევით, გააგრძელეთ ფეხით სიარული, აღმოაჩინეთ ახალი ადგილები და ვინ იცის, შეცვლილი გეგმა იქნებ უკეთესიც აღმოჩნდეს?

ამიტომ გირჩევდით, მოგზაურობის ყველა დღეს ნუ გაწერთ, სიახლეებს, იმ ქალაქის ყოველდღიურობას აჰყევით და ასე ბევრად კარგ დროს გაატარებთ

3. გაატარეთ სამოგზაურო დღეები მშვიდად, აუჩქარებლად

დღეებს ბევრი აქტივობით ნუ დაგეგმავთ. გვესმის, რომ სანახავი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ თუ დაიღალეთ, გადაიტვირთეთ და დაიქანცეთ, ასეთ მოგზაურობას რა აზრი აქვს? ამიტომ ჯობია, დრო სწორად გადაანაწილოთ და მუზეუმიდან მუზეუმში კი ნუ ირბენთ, არამედ ერთი ადგილიდან მეორემდე მშვიდად ისე გადაადგილდეთ, რომ ქალაქის აღქმა მთელი თავისი დიდებულებით შეძლოთ.

4. ყოველთვის იქონიეთ “ზედმეტი” თანხა

ან, როგორც ჩვენთან იციან, “შავი დღისთვის” შემონახული თანხა. როგორც გითხარით, მოგზაურობისას ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ ჯობია დაზღვეული იყოთ და იცოდეთ, რომ ყოველი შემთხვევისთვის, გარკვეული რაოდენობის თანხა გაქვთ.

5. ესტუმრეთ მუზეუმებსა და გალერეებს ლანჩის დროს

რა თქმა უნდა, თავს ვერ დავდებთ, რომ ასეთ ადგილებში რიგი საერთოდ არ დაგხვდებათ, თუმცა სპეციალურ ტურებსა და ტურისტების გარკვეულ ჯგუფებს, აუცილებლად აქვთ შესვენების, ლანჩის დრო და ყველაზე ჭკვიანურია ასეთ დროს ამ შესაძლებლობის გამოყენება და მუზეუმსა თუ გალერეაში შედარებით ნაკლებ დროში შეღწევა.

6. ბიბლიოთეკებს, სტარბაქსსა და მაკდონალდს უფასო WIFI აქვთ

ახლა შეიძლება გაგეცინოთ, თუმცა დაგვიჯერეთ ეს მეექვსე პუნქტი მოგზაურობისას აუცილებლად გამოგადგებათ და მეტიც, შეიძლება მადლობაც კი გადაგვიხადოთ.

7. არ იმგზავროთ ტაქსით!

არასდროს, არასდროს იმგზავროთ ტაქსით. საზღვარგარეთ ამ ტრანსპორტს ყოველთვის ყველაზე მაღალი ტარიფები აქვს და ტურისტის ბიუჯეტისთვის ნამდვილად შეუფერებელი. ამიტომ გირჩევდით, ქალაქი ფეხით, მეტროთი და ავტობუსით მოგეარათ.

8. გადმოწერეთ მოგზაურობისთვის აუცილებელი აპლიკაციები

აქვე გეტყვით, რომ ჩვენთვის საუკეთესო აპლიკაცია maps.me არის, რომელიც მოგზაურობისას ყველაზე კომფორტულია, თანაც მის გამოსაყენებლად ინტერნეტი არ დაგჭირდებათ.

9. გაიცანით ადგილობრივები

ეს ჩვენი მეგობრული რჩევა იქნება

ქალაქის გულის ცემა ყველაზე უკეთ ადგილობრივებს ესმით. მოგზაურობისას, საერთოდ სხვა მუხტი აქვს, როდესაც არატურისტულ, ისეთ ადგილს აღმოაჩენ, რომელიც არასდროს გაგეგო, ან ისეთ ადგილას შეჭამ, რომელსაც ვერასდროს მიაგნებდი.

მარტივად რომ ვთქვათ, ადგილობრივების დახმარებით, შენც თავს იმ ქალაქის ნაწილად გრძნობ, რომელიც ამ რამდენიმე დღეში უკვე ძალიან შეიყვარე. გაიცანით, გაერთეთ, აღმოაჩინეთ ახალი ადგილები და სულ სხვანაირი ქალაქი

10. შეიძინეთ ფრენის ბილეთები გამგზავრებამდე 2-3 თვით ადრე

ესეც ჩვენი ბოლო და ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა. მოგზაურობის დაგეგმვა ფრენის ბილეთებით იწყება და ხშირ შემთხვევაში მათ გამგზავრებამდე 2-3 თვით ადრე, შედარებით შეღავათიან ფასებში ნახავთ ხოლმე.

და აქვე გეტყვით, რომ ბილეთების შეძენა 2-3 თვით ადრე, ან თუნდაც გვიან, ან სულაც, წინა დღეს და მოკლედ, ნებისმიერ დროს, რა თქმა უნდა, უკვე ჩვენთანაც შეგიძლიათ – www.fly.tkt.ge

Facebook კომენტარები