საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 93%-იანი კლებაა. ​AviaNews-ის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 42 956 მგზავრს მოემსახურა, 2020 წლის იანვარ-თებერვალში კი 596 801 მგზავრს, შესაბამისად კლება 92,80%-ის დონეზეა.

2021 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებლები კი 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 93,14%-ით ნაკლებია. 

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის კლება პირდ​აპირ კავშირშია COVID-19-ის პანდემიასთან, რომელმაც პირდაპირ დაარტყა საავიაციო ინდუსტრიას, ტურიზმს და ასე შემდეგ.

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე 2020 წლის 21 მარტიდან ქვეყანა იძულებული გახდა საჰაერო სივრცე რეგულარული ფრენებისთვის ჩაეკეტა.

ვირუსის გავრცელების ფონზე იძულებითმა ჩაკეტვამ რამდენიმე თვე გასტანა. რეგულარული ფრენების გახსნა ეტაპობრივად მიმდინარეობს და ცხადია შემცირებული ფრენების ფონზე მგზავრთნაკადმაც იკლო.

2021 წლის იანვარ-თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 42 018 მგზავრს მოემსახურა, რაც 89,48%-ით ნაკლებია აეროპორტის მიერ 2020 წლის იანვარ-თებერვალში გატარებულ მგზავრთნაკადთან (399 565 მგზავრი) შედარებით. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 99,79%-ით შემცირდა. 2021 წლის იანვარ-თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 327 მგზავრი გაატარა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 154 281 მგზავრი. 

ორ თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 373 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 99,07%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში აეროპორტის მიერ გატარებულ მგზავრთნაკადთან. 2020 წლის იანვარ-თებერვალში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 40 249 მგზავრს მოემსახურა. 

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 2021 წლის ორი თვის დაჯამებული მონაცემებით 85 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 254 მგზავრით, შესაბამისად 93,65%-ით ნაკლებია ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2020 წლის იანვარ-თებერვალში აეროპორტი 1 339 მგზავრს მოემსახურა. 

ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ 2 თვეში 34 მგზავრი მიიღო, რაც 108 მგზავრით ნაკლებია (-76,06%) ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.

2021 წლის იანვარ-თებერვალის განმავლობაში, ნატახტარის აეროდრომი 92,80%-ით ნაკლებ მგზავრს მოემსახურა. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის 2 თვეში ნატახტარის აეროდრომი სულ 42 956 მგზავრს მოემსახურა, 2020 წლის 2 თვეში კი 596 801 მგზავრს. 

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze