პანდემიის მიუხედავად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 17 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განახლებული ბათუმის აეროპორტის გახსნა ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც მკაცრი პროტოკოლების შესრულებისა და ვაქცინაციის ფონზე ეტაპობრივად შემსუბუქდა რეგულაციები.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც პანდემიის მიუხედავად 17 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რის შედეგაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი გაფართოვდა, გამტარუნარიანობა გაორმაგდა და 1 200 000 ტურისტს მოემსახურება წელიწადში”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქით, აეროპორტმა უკვე მიიღო პირველი ტურისტები ისრაელიდან. მთლიანობაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 30-მდე სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანია დაფრინავს და იფრენს მომავალში.

„მნიშვნელოვანია, რომ თავად ინვესტორებს სჯერათ, რომ ძალიან მალე ქვეყანა დაძლევს პანდემიას, აღდგება ტურიზმი, რომელიც ჩვენი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი საფუძვლიანი რწმენა, არამედ ინვესტორების რწმენა. სწორედ ამის დასტურია ეს შესანიშნავი პროექტი, რომელიც პანდემიის მიუხედავად, მოკლე დროში განხორციელდა და განახლებული ძალიან ლამაზი თანამედროვე შენობით უკვე უმასპინძლებს ტურისტებს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ განაპირობა, რომელმაც 2019 წელს 600 000-ს გადააჭარბა. მშენებლობის პროცესში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა.

პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა როგორც ჩამოფრენის, ისე გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 კვ.მ-დან 8000 კვ.მ-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა, სადაც დაინერგა ავტომატური კონვეიერული სისტემა და დამონტაჟდა დამატებით 1 ბარგის კარუსელი. სარეგისტრაციო დახლები 8-დან 14 მდე, საზღვრის დაცვის ჯიხურები ჩამოფრენაში 6-დან 12-მდე, გაფრენაში კი, 6-დან 8-მდე გაიზარდა. გაფრენის ზონაში დაემატა ავტობუსის 2 გასასვლელი, ჯამში მგზავრები ავტობუსის 6 გასასვლელით ისარგებლებენ.

ასევე გაფართოვდა „დუტი ფრის” ზონა, „ბიზნესლაუნჯი” და აეროპორტის მანქანების სადგომი. აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი კვების ობიექტები.

Facebook კომენტარები