2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ანტალიიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს განახორციელებს.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, Turkish Airlines-ი ანტალია-თბილისი-ანტალიის საჰაერო ხაზზე ფრენებს 28 მარტიდან შეუდგება. 

GCAA-ს ინფორმაციით, Turkish Airlines-ი საწყის ეტაპზე რეისებს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს, ხოლო შემდგომ სიხშირეების რაოდენობას 4-მდე გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ GCAA-ს საიტზე განთავსებული ინფორმაცია წარმოადგენს Turkish Airlines-ის განაცხადების დასტურს, ანუ რა მიმართულებებზე და რა განრიგით გასცა მარეგულირებელმა კონკრეტულ ავიაგადამზიდავზე რეისების განხორციელების ნებართვა. 

სააგენტო მგზავრებს ასევე აფრთხილებს, რომ “გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”. 

Facebook კომენტარები