ახალმა უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანა ავიაკომპანია Bees Airline-მ თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო. ფრენის განხორციელების უფლება ავიაკომპანიამ უკრაინის მარეგულირებლისგან უკვე მიიღო.
კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებაზე Bees Airline ოპერირებას 30 აპრილიდან შეუდგება. საწყის ეტაპზე ავიაკომპანია ოპერირებას კიევსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით მოახდენს, ხოლო ივნისიდან კი სიხშირეების რაოდენობას 3-მდე გაზრდის. ავიაბილეთების ფასი 50 დოლარიდანაა.
ავიაკომპანიის სატარიფო პოლიტიკა კი 3 სატარიფო გეგმაზეა გათვლილი, ესენია – LIGHT, SMART და FLEX.
![](https://aeronews.ge/wp-content/uploads/2021/05/bees-airline-e1839b-e18399e18398e18394e18395e18398e18393e18390e1839c-e18397e18391e18398e1839ae18398e183a1e18398e183a1e18390-e18393e18390_60acc47d4d6da.jpeg)
რაც შეეხება კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე ოპერირებას, Bees Airline ავიაბილეთებს უკვე 9 ივნისის თარიღიდან ყიდის. ბილეთის ფასი (ერთი გზა) 35 დოლარიდანაა.
![](https://aeronews.ge/wp-content/uploads/2021/05/bees-airline-e1839b-e18399e18398e18394e18395e18398e18393e18390e1839c-e18397e18391e18398e1839ae18398e183a1e18398e183a1e18390-e18393e18390_60acc47e14960.jpeg)
აღსანიშნავია, რომ Bees Airline-ს ავიაპარკი ამ დროისათვის ორ საჰაერო ხომალდს აერთიანებს. როგორც ცნობილია, უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ორი Boeing 737-800 NG შეიტანა, რომლის ოპერირებასაც Bees Airline ახდენს. საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის ნომრებია: UR-UBA (ადრინდელი სარეგისტრაციო ნომერი UR-PSC, ხოლო ექსპლუატანტი FlyUIA) და UR-UBB (ადრინდელი სარეგისტრაციო ნომერი UR-PSD, ხოლო ექსპლუატანტი FlyUIA). ორივე საჰაერო ხომალდის გამოშვების თარიღია 2010 წელი.
Bees Airline-მ ორივე საჰაერო ხომალდი ლიზინგით კომპანია San Сlemente Leasing LLC-სგან მიიღო.
Bees Airline-ს გენერალური დირექტორის განმარტებით, 2021 წლის ბოლომდე Bees Airline-ს ავიაპარკი 4 ერთეულ Boeing 737-ს გააერთიანებს, 2022 წლის ბოლომდე კი ავიაკომპანია 6 საჰაერო ხომალდს გაუწევს ოპერირებას. Bees Airline რეგულარულ ფრენებს ლოუქოსტერ სეგმენტში შეასრულებს, თუმცა იმავდროულად ორიენტირებული იქნება ჩარტერული ფრენების შესრულებაზეც. Bees Airline-ს ბაზირების აეროპორტი კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტი (კოდი: IEV) იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, Bees Airline-ს მფლობელი ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი სმირნია.