საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებები და სიხშირეები გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიები Georgian Airways, El Al Israel Airlines, Israir Airlines და Arkia საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარული ოპერირების სიხშირეს ზრდიან. ამასთან ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გარდა, ბათუმის მიმართულებითაც განხორციელდება.

? ავიაკომპანია Georgian Airways-მა განაახლა თბილისი-თელ ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულება. ფრენები ყოველ ოთხშაბათს და კვირას სრულდება;

? მიმდინარე წლის 19 აპრილიდან, ავიაკომპანია El Al Israel Airlines თბილისი-თელ ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს იფრენს, ხოლო თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის მიმართულებით რეისებს 18, 22, 25 და 29 აპრილს შეასრულებს;

? ავიაკომპანია Arkia თელ ავივი – თბილისი – თელ ავივის საჰაერო ხაზზე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს იფრენს, ხოლო თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე – კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას.

? ავიაკომპანია Israir Airlines მიმდინარე წლის მაისიდან ზრდის ფრენის სიხშირეს და შესაბამისად, ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს კვირაში 8 სიხშირით შეასრულებს, ხოლო თბილისის მიმართულებით ივნისიდან ავიარეისებს კვირაში 5 სიხშირით განახორციელებს. ასევე ავიაკომპანია პერიოდულად გეგმავს დამატებითი რეგულარული ფრენების განხორციელებას როგორც თბილისის ასევე ბათუმის მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭათ.

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, – აფრთხილებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მგზავრებს.

Facebook კომენტარები
kompensacia frenebze
kompensacia frenebze