იტალიის მთავრობამ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანა მოგზაურობაზე შეზღუდვებს 3 ივნისიდან მთლიანად მოხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შემსუბუქება, ასევე, შეეხება რეგიონებს შორის გადაადგილებასაც, რაც მანამდე მკაცრად იყო შეზღუდული. ეს ქვეყნის 2 თვით ჩაკეტვის შემდეგ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ეკონომიკის გახსნაში.

იტალიამ შეზღუდვების შემსუბუქება მაისის თვეში დაიწყო. დოკუმენტს ხელი პრემიერმა მოაწერა და განაცხადა, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება, რათა ქვეყანამ მეორე ტალღა თავიდან აირიდოს.

BBC წერს, რომ 4 მაისს გაიხსნა ქარხნები და პარკები, 18 მაისს გაიხსნება რესტორნები და მაღაზიები, მაგრამ ისინი დაიცავენ სოციალურ დისტანციას. იმავე დღეს ემზადებიან კათოლიკური ეკლესიებიც, თუმცა საეკლესიო მსახურებაზე მკაცრი სოციალური დისტანცია იქნება და მომლოცველებმა ეკლესიაში პირბადით უნდა იარონ. მსახურების აღდგენა სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვისაც დასაშვები იქნება.

ამასთან, კვირის დასაწყისში იტალიის მთავრობამ დაამტკიცა 55 მილიონი ევროს მოცულობის სტიმულირების პაკეტი, რომელიც პანდემიის ეკონომიკური გავლენის შემსუბუქებას ისახავს მიზნად.

იტალიაში კორონავირუსის 223 885 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილია 31 610 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 120 205.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze