„მნიშვნელოვანია, რომ COVID-პანდემიის მიუხედავად, არა მხოლოდ არსებული ავიაკომპანიები აღადგენენ ფრენებს, არამედ ახალი ავიაკომპანიები ემატება ჩვენს ბაზარს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ უფრო ოპტიმისტურად შევხედოთ მომავალ ტურისტულ სეზონს,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
შეკითხვაზე, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას შეეხებოდა, მინისტრმა უპასუხა, რომ ასეთ ავიაგადამყვანთა დიდი ნაწილი ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებენ, მაგრამ, მისი თქმით, ახალი ავიაკომპანიების მომსახურებისთვის ასევე მზადაა თბილისისა და ბათუმის აეროპორტები.
ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაცია, მათ შორის, ტურიზმის სექტორის, უფრო გაამყარებს აღნიშნული სექტორის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი ყაზახეთიდან საქართველოში 3 მიმართულებით (ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი) იფრენს. ასევე რეგულარულ რეისებს ახორციელებს უკრაინის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი. მალე საქართველოს ბაზარზე პირველად შემოვა გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდავი Eurowings-ი.