ავიაკომპანია GEO SKY საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაში ეხმარება.

ავიაკომპანიამ უნივერსიტეტს უსასყიდლოდ გადასცა საკუთარი Boeing 747-200 ტიპის საჰაერო ხომალდიდან მოხსნილი ნაწილები, მათ შორის, ფრენის პარამეტრების საზომი ხელსაწყოები, სანავიგაციო მოწყობილობები, ზეთის და საწვავის წნევის მაჩვენებელი, საჰაერო მონაცემთა ციფრული კომპიუტერი, მეტეო-ნავიგაციური რადიოლოკატორი, ზემაღალი სიხშირის მიმღები და სხვა.

“აღნიშნული მოწყობილობების სწავლების პროცესში გამოყენება, მნიშვნელოვანია საინჟინრო და საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტთა პრაქტიკული და ლაბორატორიული კომპონენტების გავლის პერიოდში.

დამატებით, საინჟინრო ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მიმდინარე წელს შესაძლებლობა ექნებათ, საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღონ GEO SKY-ის Boeing 747-200 ტიპის საჰაერო ხომალდის დაშლის პროცესში, რაც ნამდვილად საუკეთესო შესაძლებლობაა მათი პრაქტიკული უნარების განვითარებისათვის”, – განმარტავენ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში.

ავიაკომპანია GEO SKY საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პარტნიორია და ხელს უწყობს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებას.

Facebook კომენტარები