1-ლი ოქტომბრიდან Wizz Air Abu Dhabi ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით რეისებს იწყებს. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Wizz air-ის მიერ ევროპის გარეთ შექმნილი ავიაკომპანია არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქის მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულიად ახალი, არაევროპული მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს, რომ Wizz air-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს.
"8 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე გაფართოებას განაგრძობს. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა", — აღნიშნა თამარ არჩუაძემ.
ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისებს Airbus A321neo შეასრულებს.