საქართველოში ბევრი თვალისმომჭრელი სილამაზის ტბაა, თუმცა შეგვხვდება ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ სურათებზეა ლამაზი. გადავწყვიტეთ, იმედგაცრუებისგან დაგაზღვიოთ და შემოგთავაზოთ 5 ტბა, რომლის ნახვაც ნამდვილად შეგიკრავთ სუნთქვას.
1. ტობავარჩხილი
ტობავარჩხილი — ვერცხლის ტბა, იგივე დიდი ტობა. ბუნების ეს სასწაული წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, თუმცა სანამ ტბამდე მიაღწევ, გასაოცარი და მრავალფეროვანი თავგადასავალი გელოდება. გზად მღვიმეებს, მინერალურ წყლებს, ხავსიან მასივებს, აგრეთვე ალპურ ტბებსა და ჩანჩქერებს შეხვდებით. სწორედ ეს ტბა აგრილებს და ამარაგებს მდინარე ხობისწყალს ჩხოროწყუში. ასევე ის კვებავს მდინარე მაგანას, რომელიც ულამაზეს ჩანჩქერსა და კანიონს ქმნის.
გზა სულ ზევით და ზევით უნდა განაგრძო და რაც უფრო შორს და მაღლა ახვალ, სულ უფრო მეტი სიმწვანე და ველური ბუნება შეგხვდება. საკუთრივ ტბა ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარეობს.
ტბაზე ასასვლელად მარშრუტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სოფელ მოხურში იწყება, ხობისწყლის ხიდთან. აქედან ავტომობილით გაივლი მღვიმეს, კანიონს, მდინარეს, ჩანჩქერს, ხასხასა მწვანე ტყეს, მინერალურ წყლებს და ახვალ მწყემსის ყოფილ სადგომთან ნათიფირუში, რომელიც ახლა ტურისტული თავშესაფრის როლს ასრულებს. მეორე დღეს ფეხით განაგრძობ, გზად შეგიძლია მწყემსების მიერ ალპურ მდელოებზე იქვე მომზადებული უგემრიელესი ელარჯი მიირთვა. გზად ასევე გაივლი კურორტ სქურს. მარშრუტი 5-დღიანია და მის გასავლელად კარგი ფიზიკური მომზადება და სიმხნევე დაგჭირდება, თუმცა თუ ამისთვის მზად ხარ, ის იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებს.
ტბაზე ასვლამდე ღამე ჩხოროწყუში ან სადმე მის სიახლოვეს — ზუგდიდში ან მარტვილში — უნდა გაათიო, სადაც შეგიძლია საშენო სახლი Myhome-ზე იპოვო.
2. აბუდელაურის ფერადი ტბები
აბუდელაურის ფერადი ტბები მართლაც მომაჯოდოებელ სანახაობას ქმნის ჭაუხის უღელტეხილიდან. მარშრუტი იწყება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთადან და გზას საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი უღელტეხილისკენ მიუყვება. ჯუთა საქართველოს და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელია, რომელიც ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარეობს და დაბა სტეფანწმინდიდან 20 კილომეტრის მანძილით არის დაშორებული. ხოლო საკუთრივ ჭაუხის უღელტეხილის სიმაღლე 3 338 მეტრია და ის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს, რომელიც იმის გარდა, რომ ევროპისა და აზიის კარიბჭეა, საქართველოში ყაზბეგს ყოფს პირაქეთა ხევსურეთისგან.
მარშრუტი სამდღიანია და უმჯობესია, ჯუთადან გზა დილით გათენებისთანავე დაიწყო. მოიმარაგე სასმელი წყალი, რადგან ყაზბეგის მხარეს სუფთა წყალი არ შეხგვდება, გზა კი შორი და მომქანცველია. ამასთანავე გაითვალისწინე, რომ გზად ალპური მზე, მტრულად განწყობილი მწერები და კიდევ უამრავი წვრილ-წვრილი სირთულე გელოდება. უღელტეხილზე ასვლისთანავე, როგორც კი ხევსურეთის მხარე გამოჩნდება, მიხვდები, რომ განვლილი გზა ამად ღირდა, და უკან დარჩება ყაზბეგის პირქუში ბუნება. ახლა უკვე წინ სამი ფერადი ტბა, აყვავებული მდელოები, ჭრელი პეპლები და ხევსურეთის ზღაპრული სამყაროა.
აბუდელაურის ტბები ქართულ მითოლოგიაში ბევრ მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, სწორედ აბუდელაურის ლურჯ ტბაში მოკლა იახსარმა ან კოპალამ ერთ-ერთი დევი, სადაც ამჟამად საბანაკე ადგილი მდებარეობს, და თუ დევების არ გეშინიათ, მეორე ღამის გათევაც შეგიძლიათ. დილით უკვე დაიწყებ დაშვებას ხევსურეთის სოფელ როშკასკენ, სადაც გზად ფშავ-ხევსურული მითოლოგიის კიდევ ბევრი სხვა გმირი და არტეფაქტი შეგხვდება. როშკამდე მინდორში წააწყდები უზარმაზარ გახლეჩილ ლოდს, რომელიც დევების დედისთვის მოქნეულმა იახსარის მათრახმა გააპო. თუ მითები და ლეგენდები გიზიდავს ან ბავშვობიდან ნამდვილ ზღაპარში მოგზაურობაზე ოცნებობდი, აბუდელაურის ტბები ნამდვილად საშენო ადგილია.
ჯუთაში და მის სიახლოვეს საშენო სახლის პოვნა Myhome.ge-ზე შეგიძლია.
3. შავი კლდეების ტბა
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უამრავი თვალისმომჭრელი სილამაზის ტბაა, შავი კლდეების ტბის ბილიკი ნამდვილად გამორჩეულია ბიომრავალფეროვნებით. აქ გზაზე შეგხვდება თითქმის ყველა ცოცხალ არსება, რაც ჩვენს ქვეყანაში ბინადრობს. ტყის ცხოველების გარდა, აქ გადამფრენ ფრინველებსაც შეხვდები და ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია იშვიათი ფრინველების შესასწავლად. თუ ზოოპარკის გალიაში გამომწყვდეული ჯიხვი არ გაკმაყოფილებს და ნამდვილი, ბუნების თავისუფალი შვილის ნახვა გსურს, მაშინ ლაგოდეხისკენ გაეშურე და იქნებ გაგიმართლოს კიდეც. გამოცდილებით გეტყვი, რომ თუ შენს შესაძლებლობებთან შეჯიბრება არ გინდა, უმჯობესია, ცხენებით ახვიდე, რომელთა ქირაობაც ლაგოდეხში, ნაკრძალის ვიზიტორთა ცენტრში, შეგიძლია.
მარშრუტი აქაც სამდღიანია და ლაგოდეხის ნაკრძალის ვიზიტორთა ცენტრში იწყება. პირველ დღეს ადიხარ ტურისტილ ტავშესაფარ მეტეომდე, რომელიც ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე მდებარეობს. სწორედ აქ, ტყის ზედა საზღვრაზე, სადაც ალპური ზონა იწყება, ქოჩალოს ქედზე შეგიძლია, იხილო იშვიათი ჩლიქოსანი ცხოველები, კერძოდ, ირემი, არჩვი და ჯიხვი. ასევე ფრინველები — როჭო, კავკასიური შურთხი, ბატკანძერი და სხვადასხვა სახეობის არწივი. აქვეა ჯიხვების საძოვრებიც.
მეორე დღეს ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარ დემიდოვის ბინაში შეგიძლია, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. თვითონ ტბა 2 800 მეტრზე მდებარეობს. მესამე დღეს უკვე შეგიძლია, შთაბეჭდილებებით მდიდარი დაბრუნდეთ შინ.
ლაშქრობის დაწყებამდე საშენო ბინა ლაგოდეხში ან მის სიახლოვეს შეგიძლია Myhome.ge-ზე იპოვო.
4. მწვანე ტბა
შეგიძლია, ბათუმში ზღვაზე დასვენება მთის კლიმატით გაიმრავალფეროვნო. მწვანე ტბა, ფაქტობრივად, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს და ბათუმიდან ავტომობილით სულ 3 საათი დაგჭირდება. თუკი შავი კლდეების, აბუდელაურისა და ტობავარჩხილის ტბებისკენ მხოლოდ საფეხმავლო და საცხენოსნო გზებია, რაც ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს, მწვანე ტბამდე ბოლომდე შეგიძლია ავტომობილით მისვლა. გზად შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ღირსშესანიშნაობების — ხიხანის ციხის, მახუნცეთის ჩანჩქერის, კურურტი გოდერძისა და ბეშუმის ალპური ბაღის — დათვალიერება შეგიძლია.
მწვანე ტბა ზღვის დონიდან 2 058 მეტრზე მდებარეობს. ის იდეალური ადგილია მშვიდი დასვენებისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ბუნებასთან ურთიერთობისთვის. ტბის სანაპირო მთებით შემოსაზღვრულ ქარისგან დაცულ ადგილას არის გაშენებული, სადაც პიკნიკის მოწყობაც შეგიძლია. აქ ადვილად იპოვი მყუდრო დასაბანაკებელ ადგილს და დაისვენებ.
თუ ხულოში დარჩენას გადაწყვეტ, საშენო სახლის პოვნა Myhome.ge-ზე შეგიძლია.
5. მადათაფა
ეს ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, საქართველო-სომხეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს ზღვის დონიდან 2 108 მეტრზე. მადათაფისა და ხანჩალის ტბები მდიდარია ბიომრავალფეროვნებით. ხანჩალის ტბა, რომელიც გზად უნდა გაიარო და მადათაფიდან დაშორებულია 22 კილომეტრით, ლაკლაკების, უიშვიათესი რუხი წეროებისა და ყანჩების სახლია. რუხი, იგივე არჩიბალდის, წერო მსოფლიოში სულ 70 წყვილია დარჩენილი, აქედან საქართველოს 20 სტუმრობს, 12 წყვილი კი სწორედ ხანჩალის ტბაზე გვხვდება. ორივე ტბასთან აყვავებული მინდვრები და ხელუხლებელი ფერადი სამყარო გელოდება. ხანჩალს არ აქვს ლამაზი სანაპირო, მისი ნახვა ზედხედით, სოფელი პატარა ხანჩალიდან სჯობს, სადაც ვეფხვის კანიონის ვიზიტორთა ცენტრიცაა.
მადათაფასთან მდებარეობს სასაზღვრო სოფლები ჟდანოვკა და სამება. სამებაში შეგიძლია ცხენების ქირაობა და არა მხოლოდ ტბის დათვალიერება, არამედ მადათაფის ვულკანური წარმოშობის მთაზე ასვლაც, რომელიც ზღვის დონიდან 2 714 მეტრზე მდებარეობს. აქედან ჯავახეთის პლატოსა და სამსარის ქედის თვალწარმტაცი პანორამა იშლება. მთის მწვერვალზე შეინიშნება წრიული მეგალითური ნაგებობის კვალი.
მადათაფისკენ გზად ულამაზესი საღამოს ტბისა და საქართველოს ყველაზე დიდი ტბა ფარავნის მონახულება შეგიძლია. გარდა ამისა, მარშრუტში არ გამოტოვო დუხობორების სოფლები. დუხობორები ძველი რუსული რელიგიური კონფესიაა, რომელიც მეფის რუსეთის დროს მართლმადიდებლურ ეკლესიას კლერიკალიზმისა და სხვა მანკიერებების გამო დაუპირისპირდა, რის გამოც იმპერატორმა ისინი პერიფერიებში გადაასახლა. დუხობორების სოფლების გამორჩეული ფერადი არქიტექტურა და სალოცავი სოფელ გორელოვკაში ნამდვილად დიდ კონტრასტს ქმნის გავრცელებულ ქართულ და სომხურ არქიტექტურასთან და ჰარმონიულად ერწყმის ადგილობრივ ლანდშაფტს.
წრიული მარშრუტი იწყება სოფელ სამებიდან და მიუყვება ტბის აღმოსავლეთ სანაპიროს. მადათაფას კონცხის შემაღლებაზე მოწყობილია საპიკნიკე ადგილი და ფრინველებზე სათვალთვალო კოშკი, საიდანაც ტბასა და მის აღმოსავლეთ სანაპიროს ყურეებზე პანორამული ხედი იშლება.
ჯავახეთში საშენო სახლის პოვნა Myhome.ge-ზე შეგიძლია.