ცნობილი ჟურნალი Vogue იმ ქვეყნების სიას გვთავაზობს, რომლებიც 2017 წელს აუცილებლად უნდა მოინახულოთ. მათ შორის საქართველო პირველ ადგილზეა.

ჟურნალისტი წერს, რომ “საქართველო ცნობილია ვენახებითა და საქვეყნოდ განთქმული გემრიელი ღვინით, თუმცა ეს მხოლოდ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მოინახულოთ”.

ჯენ მერფი აღნიშნავს, რომ თბილისი ახალგაზრდული სულით ბრუკლინს ჰგავს, თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმრო რუმსი კი საუკეთესო მეგზური იქნება ქვეყნის სამზარეულოსა და მუსიკის გასაცნობად.

სტატიაში ნახსენებია ბასიანიც, რომელსაც საზღვარგარეთ უკვე იცნობენ ელექტრონული მუსიკის მოყვარულები. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ინგლისელმა პროდიუსერმა და მუსიკოსმა Låpsley-მ თბილისის ღამის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმი შექმნა, სადაც ბასიანს ქლაბინგის მექა უწოდა.

ჯენ მერფის აზრით, თბილისში ჩამოსული ტურისტები აუცილებლად უნდა ესტუმრონ ყოფილ საბჭოთა ქარხანასაც, სადაც ამჟამად მულტიკულტურული სივრცეა შექმნილი არტისტებისთვის (ფაბრიკა).

სტატიაში ნახსენებია ქართული სამზარეულოც, რომელსაც ავტორი გვერდს ვერ აუვლიდა.

Vogue-ს სიაში ასევე მოხვდნენ: ომანი, მალაიზია, მადაგასკარი, შრი-ლანკა, ტრინიდადი და ტობაგო, აიდაჰო, იორდანია, დანია და კოლუმბია.

Facebook კომენტარები