სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, ჩვენმა ქვეყანამ ევროპის მასშტაბით უვიზო მიმოსვლის უფლება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ სასწრაფოდ უნდა შევადგინოთ იმ ადგილების სია, რომელთაც გამარტივებული წესებით ვიხილავთ. უვიზოდ მოგზაურობა საშუალებას გვაძლევს, ნაკლები დრო, ენერგია და ფული დავხარჯოთ ლეგენდარული ადგილების მოსანახულებლად.
ეს კონკრეტული სტატია კი ყველაზე მეტად კინომოყვარულებს დააინტერესებთ. მაშ ასე, მოემზადეთ და ჩაინიშნეთ ის ადგილები, რომლებიც ეკრანზე გინახავთ და აუცილებლად უნდა მოინახულოთ რეალურად.
რომაული არდადეგები
რომაული არდადეგები ყველას გექნებათ ნანახი, თუ ასე არ არის, მაშინ რაღას უცდით?! ოდრი ჰეპბერნის განუმეორებელი პერსონაჟი, პრინცესა ანა, აუცილებლად მოგანდომებთ იტალიის დედაქალაქში მოგზაურობას.
რომში ჩასვლის შემდეგ ოდრის მსგავსად თქვენც ისეირნებთ ქუჩებში, მიირთმევთ გემრიელ იტალიურ ნაყინს, შეამოწმებთ საკუთარ ან შეყვარებულის გულწრფელობას ბოკა დელა ვერიტას დახმარებით და ტრევის შადრევანში მონეტას ისვრით. თქვენი ცხოვრება ფილმს დაემსგავსება.
მუსიკის ჰანგები
მუსიკის ჰანგები ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მიუზიკლად ითვლება. ის ავსტრიაშია გადაღებული, უმეტესად კი ზალცბურგში.
ფილმიდან აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ ზალცკამერგუტი თავისი არაერთი ტბითა თუ მწვერვალით, შეუმჩნეველი არ დაგრჩებოდათ არც კლოსტერის ჰოგლვორტი და რეზიდენსპლაზა. ასე რომ, თუ მუსიკის ჰანგები თქვენი საყვარელი ფილმია, შეგიძლიათ მოგზაურობის დაგეგმვა დაიწყოთ.
მზის ამოსვლამდე
რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმი მზის ამოსვლამდე უმეტესად ვენაშია გადაღებული. ამბავი, რომელიც ითან ჰოუკისა და ჯული დელფის სასიყვარულო ისტორიას აღწერს, ბუდაპეშტიდან პარიზამდე ვითარდება.
ვენა ამ ტრილოგიაში ერთ-ერთ გამორჩეულ და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. კადრში ვენის თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა ჩანს: სასახლეები, მუზეუმები და პატარა კაფეებიც კი. ვინ იცის, იქნებ ვენა თქვენთვისაც აღმოჩნდეს ყველაზე რომანტიკული მოგზაურობის ადგილი.
ტოსკანის მზის ქვეშ
ტოსკანის მზის ქვეშ ზუსტად ის ფილმია, რომელიც დაუფიქრებლად მოგანდომებთ იტალიაში მოგზაურობას, განსაკუთრებით კი ზაფხულში, როდესაც ტოსკანის მზის ქვეშ მზესუმზირები ყვავიან.
მთავარი პერსონაჟის თავგადასავლის კვალდაკვალ ჩვენ მთელი არსებით შევიგრძნობთ ქალაქების, სოფლებისა და ადამიანების ურთიერთდამოკიდებულებას.
ამელი
ამ შემთხვევაში ამელი არა ადგილების, არამედ მუსიკის გამო შევარჩიეთ. წარმოიდგინეთ იენ ტიერსენის მუსიკა პარიზის ქუჩებში ხეტიალის დროს.
ჭამე, ილოცე, გიყვარდეს
ღირსშესანიშნაობების გარდა რაიან მერფის ფილმში კარგად ჩანს, რომ თუ გვინდა, ხალხს გავუგოთ, უნდა ვისწავლოთ როგორ მეტყველებს ქუჩა.
თუ ნამდვილი იტალიური პიცის გასინჯვა გსურთ, ნეაპოლს უნდა ეწვიოთ. ზემოთ ჩამოთვლილი იტალიური ადგილების გაერთიანებაც ამავე მოგზაურობაში შეგიძლიათ.
ევროტური
ევროტური ერთ-ერთი პირველი ფილმია, რომელიც ევროპაში თავისუფლად მოგზაურობაზე გვახსენდება. ლონდონი გამორიცხეთ და ჯერჯერობით ვატიკანს, პარიზს, ბერლინსა და ბრატისლავას დასჯერდით.
მამა მია
საბერძნეთში აფროდიტას, იგივე სიყვარულის კუნძულზე მოგზაურობა ნამდვილად საინტერესო იქნება. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ რომ ჩვენამდე აქ მერილ სტრიპი დარბოდა სიმღერ-სიმღერით.
რა თქმა უნდა, აქ ყველა ის ფილმი არ ჩამოგვითვლია, რომელთა ინსპირაციაც ევროპის სხვადასხვა ქალაქი გახდა. სხვა თუ არაფერი, ფედერიკო ფელინისა და ვუდი ალენის შემოქმედებაში ქალაქები ხშირად დამოუკიდებელ, ცალკე პერსონაჟებად წარმოგვიდგებიან. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, აქ ჩამოთვლილი მაგალითებიც საკმარისია ბარგის ჩასალაგებლად. თქვენ ევროპა გელოდებათ!