ჩრდილოეთ კორეა თანამედროვე სამყაროსთვის მისტიკური ადგილია. ქვეყანაში ტოტალიტარული მმართველობაა და ადამიანები უდიდესი შიშისა და ზეწოლის ქვეშ ცხოვრობენ. ამ ქვეყანაში მოგზაურობა დიდ საფრთხეს წარმოადგენს ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქისთვის.
თუმცა შეზღუდვები ყველას არ აჩერებს. Youtuber-მა ჯეიკობ ლაუკაიტისმა ჩრდილოეთ კორეაში შვიდი დღე გაატარა და მოგზაურობის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.
ვიდეოს დასაწყისში ტურისტი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობისთვის მნიშვნელოვანია კარგად მომზადება. ის გამოყოფს მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებიც მოგზაურობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ.
როგორც ჯეიკობი ამბობს, ჩრდილოეთ კორეაში დამოუკიდებლად მოგზაურობა წარმოუდგენელია. თქვენ სპეციალურ სააგენტოს უნდა მიმართოთ, რომელიც ამ ქვეყანაში ერთიდან ათ დღემდე მოგზაურობას უზრუნველყოფს.
ქვეყანაში ჩასვლისთანავე ტურისტებს პასპორტებს დროებით ართმევენ და სპეციალურ მოწმობას აძლევენ. მათ ადგილობრივი გიდები მთელი მოგზაურობის განმავლობაში აკონტროლებენ, სპეციალურად შერჩეულ დროს სხვადასხვა ადგილის დასათვალიერებლად მიჰყავთ და მხოლოდ იმას აჩვენებენ, რისი ჩვენებაც სურთ. ინიციატივის გამოჩენა დაუშვებელია. ყოველთვის, როცა ტურისტს ფოტოს გადაღება სურს, ნებართვა გიდისგან უნდა აიღოს. ამასთან, ჯარისკაცებისთვის, მუშებისთვის, მშენებლობებისთვის და ა.შ ფოტოს გადაღება აკრძალულია. ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ქვეყანაში გაღმერთებული ჰყავთ, ამიტომ ნებისმიერი სახის უპატივცემულობა მათი ფოტოს ან ქანდაკების მიმართ უდიდეს დანაშაულად ითვლება.
და ბოლოს... ერთადერთი ადგილი, სადაც შედარებით თავისუფლად შეგიძლიათ იგრძნოთ თავი, სასტუმროა.
"ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობა, რადგან მთელ მსოფლიოში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე განუმეორებელი და იდუმალი ქვეყანა. ბოლო ორი წლის განმავლობაში 45-მდე ქვეყანა ვნახე და რაც უფრო მეტს ვმოგზაურობდი, უფრო მეტად მინდოდა ჩრდილოეთ კორეაში წასვლა. წელს ვეღარ მოვითმინე და შვიდდღიანი ტური დავჯავშნე", - ამბობს ჯეიკობი
ვიდეოში ნაჩვენებია ჩრდილოკორეელების ურბანული ცხოვრება. ტურისტი აღნიშნავს, რომ მეტროში ჩასვლისას ადამიანები უცხოელის დანახვაზე იმალებოდნენ და ცდილობდნენ, მისთვის მზერა აერიდებინათ.
ქალაქის დათვალიერებისას ჯეიკობი ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს, ტრიუმფალურ თაღსაც ესტუმრა. ეს ნაგებობა იაპონიის ანექსიისგან თავის დაღწევისა და დამოუკიდებლობის აღსანიშნავად აიგო.
ჯეიკობმა ადგილობრივ ბავშვებთან ერთად ქალაქის მთავარ მოედანზე ფეხბურთიც ითამაშა და კინოჩვენებასაც დაესწრო.
"ეს იყო კომედია ფხენიანში ცხოვრების შესახებ. მისი ერთ-ერთი ავტორი უცხოელია, რომელიც ბოლო 22 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეაში მუშაობდა", - ამბობს ვიდეობლოგერი.
სასტუმროში დაბრუნებისას ჯეიკობმა ქალაქის მთავარ მოედანზე ათასობით ადამიანი დააფიქსირა, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის გრანდიოზული მარშისთვის ემზადებოდნენ.
მეორე დღეს ჯეიკობმა სხვა ღირშესანიშნაობებიც მოინახულა, როგორებიცაა "კორეელი მუშათა პარტიის" მონუმენტი და Juche Tower.
მოგზაურობის პერიოდში ჯეიკობი ეწვია ადგილობრივ საბავშვო ბაღებს, სკოლებს, ბაზარს, ქუჩებს და ა.შ. ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ქალაქში ყველგან ლიდერების პროპაგანდისტული პლაკატები, ლოზუნგები და მოწოდებებია გამოკრული.
მოგზაურობის დასასრულს ჯეიკობი ადგილობრივ პარკს ესტუმრა.
"გიდმა გვითხრა, რომ შესაძლებლობა გვქონდა ადგილობრივი პარკი მოგვენახულებინა, სადაც მხოლოდ ჩრდილოკორეელები იკრიბებიან ხოლმე. გავოგნდი, როდესაც ვნახე, როგორ ცეკვავდა ათასობით ადამიანი პარკში. მთელი მოგზაურობის განმავლობაში ერთხელაც არ მოგვცემია შანსი, რომ ადგილობრივებთან გაგვესაუბრა... დასასრულს, გიდმა გვითხრა, რომ წინ მცირე სიურპრიზი გველოდა. იახტაზე წაგვიყვანეს და ულამაზესი ფეიერვერკი გაუშვეს"
ვიდეოს ბოლოს ჯეიკობი მოგზაურობას აჯამებს:
"ის შვიდი დღე, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში გავატარე, ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. სიმართლე რომ გითხრათ, ქვეყანა გაცილებით უკეთესი ჩანდა, ვიდრე მოველოდი. თუმცა მათ მხოლოდ ის მაჩვენეს, რისი ჩვენებაც უნდოდათ. გიდები მეგობრული ადამიანები ჩანდნენ, რომლებსაც მთელი გულით უყვართ საკუთარი ქვეყანა. იქაური წესები ძალიან მძიმეა. ჩრდილოეთ კორეიდან დაბრუნებულს ოთხი დღის განმავლობაში არ მჯეროდა, რომ შემეძლო ის მეკეთებინა, რაც მსურდა.
ჩემთვის თავისუფლება ყველაფერია. თავისუფლება ნიშნავს იმუშაო იქ, სადაც გინდა. წაიკითხო ის, რაც გსურს. წახვიდე იქ, სადაც მოინდომებ. რთული იყო იმ ადამიანების ნახვა, რომლებიც ამ ყველაფერს მოკლებულნი არიან მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებულ ადგილას დაიბადნენ", - ამ სიტყვებით დაასრულა ჯეიკობმა ვიდეო.
ამ თემაზე: