საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას მიაჩნია, რომ ევროკავშირში გამგზავრებისთვის პირობების გამკაცრება არაკონსტიტუციურია და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 2021 წლის 1 იანვრიდან სასაზღვრო პოლიცია მოქალაქეებს აუკრძალავს შენგენის ზონაში გამგზავრებას, თუკი ისინი არ დააკმაყოფილებენ კანონში მითითებულ კრიტერიუმებს. მაგალითად, თუკი იგი არ წარადგენს კონკრეტულ დოკუმენტაციას, როგორიცაა სასტუმროს ჯავშანი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, დაზღვევა და ა.შ.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მიღებული კანონი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მიმოსვლის თავისუფლებას, რომელიც მათ შორის მოიცავს საქართველოს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობას.

"მართალია აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური, თუმცა აუცილებელია ნებისმიერი შეზღუდვა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურ კრიტერიუმებს, ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი და იყოს თანაზომიერი. მიღებული კანონი პრობლემურია ორივე თვალსაზრისით", — აღნიშნულია მათ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად, ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ან მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

"წარმოდგენილი ღონისძიება არის უფლებაში ჩარევის საკმაოდ ინტენსიური ფორმა, რომელიც არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ მიდგომას და მეტიც ლახავს ადამიანის ღირსებას, რამეთუ საქართველოს მოქალაქეებს მიზნის მიღწევის საშუალებად აქცევს. სახელმწიფო ამბობს, რომ კონკრეტული მოქალაქეების მიერ შენგენის ზონის წესების შესაძლო დარღვევის გამო, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა მოექცეს შეზღუდვის ქვეშ და ამდენად დაზარალდეს. ინდივიდის ობიექტივიზაცია და ზოგადი პრევენციის მიზნით მისი სანქცირება კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს არაკონსტიტუციურად ცნობილი", — აღნიშნავენ GDI-ში.

მათივე თქმით, დაუშვებელია ისიც, რომ საქართველოს საზღვრის დატოვების კონკრეტულ წესებსა და პირობებს შსს-ს მინისტრი დაადგენს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პარლამენტმა ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის დელეგირება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არ უნდა მოახდინოს.

"გასათვალისწინებელია ის კონტექსტიც, რომელშიც საქართველო დღეს იმყოფება. სახელმწიფოში, რომელიც ჯერ კიდევ შეუმდგარი დემოკრატიული ინსტიტუტებით იმართება და მაღალია პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით პირთა მიმართ დისკრიმინაციის განხორციელების და დევნის რისკები, ამგვარი საკანონმდებლო ბერკეტები საშიშ იარაღს წარმოადგენს და ზრდის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის შემთხვევებს", — აღნიშნავენ ისინი.

GDI-ში არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze