რამდენიმე დღის წინ უცნაური დილა გათენდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც დამირეკავდნენ და მეტყოდნენ, სამოგზაუროდ გიშვებთ, ოღონდ ნაღდი ფულის გარეშეო. როგორც ჩანს, ყველაფერი ხდება. ასეთია თანამედროვე ცხოვრება – გამოწვევებითა და უცნაურობებით სავსე.

Mastercard-მა თავისი ახალი გამოწვევის ფარგლებში (რომელსაც #ბარათისამარა ჰქვია), რამდენიმე ბლოგერი და ჟურნალისტი შეგვკრიბა, რომლებიც საკმაოდ რთული გამოცდის წინაშე დაგვაყენა. ერთი შეხედვით, დავალება მარტივია – ჯაზ-ფესტივალის დღეებში, ოთხი დღის განმავლობაში უნდა ვიცხოვროთ ბათუმში ისე, რომ ნაღდი ფული არ გამოვიყენოთ და მხოლოდ ბარათით ვისარგებლოთ. ალბათ იფიქრებთ, მთავარია ფული გქონდეს და ბარათით სარგებლობა რა პრობლემააო. სინამდვილეში, ყველაფერი არც თუ ისე მარტივადაა.

ცხადია, რომ ამ გამოწვევას სიამოვნებით დავთანხმდი. ხანმოკლე ფიქრის შემდეგ, რა დროშიც რისკები კარგად ავწონ-დავწონე, გადავწყვიტე მორიგი უცნაური გამოცდილებისთვის კარი არ მიმეჯახუნებინა და ბარგის შეკვრა დავიწყე. ჩანთაში ტანსაცმელი ჩავაწყვე, ელვა შევუკარი და ღრმად ჩავფიქრდი, კიდევ რისი წაღება დამჭირდებოდა. ავიღე ტელეფონის დამტენი, Mastercard-ის ბრენდირებული Power Bank და პლასტიკური ბარათი. ახლა ზუსტად ვიცი, რომ მზად ვარ.

ვინაიდან ყველაფერი ძალიან სპონტანურად მოხდა, მატარებლის ბილეთების დაჯავშნა ვერაფრით მოვასწარი, ამიტომ იძულებული გავხდი, ალტერნატიული მეთოდებით მეცადა მხურვალე ასფალტის ალში გახვეული თბილისიდან ბათუმისკენ გამგზავრება. დიდი არჩევანი არ მქონია – ან სამარშუტო ტაქსი უნდა შემერჩია ან მინი-ვენი. ჩემი გეგმა ასეთი იყო: მინდოდა მძღოლებისთვის შემეთავაზებინა, რომ მგზავრობის საფასურის ნაცვლად, მათთვის საწვავი ჩამესხა. თავდაპირველად მძღოლებმა ეჭვის თვალით შემათვალიერეს და ახსნა-განმარტებები მომთხოვეს. ერთ-ერთმა ისიც კი მითხრა, 40 ლარის ბენზინი ჩამისხი და გაგიყოლებო, ამ დროს კი მგზავრობა 25 ლარი ღირდა.

ვინაიდან, ნებისმიერი რაციონალური ადამიანი უარს იტყოდა 15 ლარის ჰაერში გაფლანგვაზე, მეც არ დავთანხმდი. ბოლოს, იღბალმა მაინც გამიღიმა: ერთ-ერთმა სამარშუტო ტაქსის მძღოლმა, რომელმაც ადგილები ვერაფრით შეავსო, უფასოდ მგზავრობა შემომთავაზა, ოღონდ თუ გზადაგზა შეივსებოდა, ადგილის დათმობა მომიწევდა. დასაკარგი რა მქონდა? – არც არაფერი.

თბილისიდან შუა დღის სამ საათზე დავიძარით. დასავლეთისკენ მიმავალი გზა მანქანებით დახუნძლული იყო, თუმცა განცდა, რომ რამდენიმე საათში ზღვის სანაპიროზე ფეხშიშველა გავისეირნებდი, საცობისგან მიღებულ ტრავმებს მარტივად შველოდა. საბედნიეროდ, მგზავრობამ ისე ჩაიარა, რომ ადგილის დათმობა არ მომიხდა.

პირველად ბარათით ბათუმში ჩამოსვლისას ვისარგებლე, როცა მაღაზიაში მისულმა, ერთი შეკვრა სიგარეტი და ცივი წყალი ვიყიდე. ალბათ არაფრით გაგიკვირდებათ, რომ სუპერმარკეტში ბარათის გამოყენება გაცილებით უფრო კომფორტულია, ვიდრე ნაღდი ფულის.

ნამდვილი გამოწვევა ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო. უნდა მომეძებნა დასარჩენი ადგილი – სასტუმრო ან კერძო ბინა. ჯაზ-ფესტივალის მოახლოებამ ბათუმს თავისი მაინც დაატყო. თითქმის ყველა სასტუმროში, ადგილები შევსებული და წინასწარ დაჯავშნული დამხვდა. საბოლოოდ, კეთილი ადამიანების დახმარებით, მაინც შევძელი პატარა და მყუდრო სასტუმროში ერთი ოთახის გამონახვა. ბარათით გადახდა არ გამჭირვებია – ბათუმში ყველა სასტუმროში მოქმედებს საბარათე სისტემა.

ახლა უკვე, ყველაფერი რიგზეა. მე ბათუმში ვარ, ჭერიც ნაპოვნი მაქვს და მზად ვარ გამოწვევებისთვის. ნამდვილი თავგადასავალი დღეიდან იწყება. თუ გაინტერესებთ, როგორია ცხოვრება ნაღდი ფულის გარეშე და როგორ შევძლებთ ბარათის ამარა დარჩენილი ადამიანები ოთხი დღის გატარებას, მაშინ თვალი გვადევნეთ Facebook-ზე ჰეშტეგით #ბარათისამარა , #Mastercard, #Cashlesschallenge.

Facebook კომენტარები