Mastercard-ის გამოწვევის მესამე დღეს, ბათუმმა საბოლოოდ აიღო ნამუსზე ხელი და მთელი დღის განმავლობაში გაუჩერებლად წვიმდა. სანამ ჩამოვიდოდი, ვფიქრობდი, რომ ყოველ დილით ზღვაზე გავიდოდი, მაგრამ ჩემი ფიქრები ამაო აღმოჩნდა. არაუშავს, საბედნიეროდ, ბათუმში კიდევ ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს ადამიანმა.
გუშინ ძალიან ბევრი უცნაური ამბავი მოხდა.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, წვიმიან დილას როგორღაც შევეგუე. მოღუშულმა ამინდმა ლიტერატურისა და ბუნების სიყვარული შემახსენა, ამიტომ გადავწყვიტე რამდენიმე წიგნის შესაძენად გამომცემლობა წიგნები ბათუმშის კაფე-მაღაზიაში წავსულიყავი. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ არაჩვეულებრივ ადგილას სტუმრობა ერთი სიამოვნება იქნებოდა. მართალია, მისამართზე მიგნება თავიდან ძალიან გამიჭირდა, თანაც ძალიან დავსველდი, მაგრამ მივაგენი.
წიგნები ბათუმშის დამფუძნებლებს ინტერნეტით დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ გუშინ პირველად შევხვდი პირადად. თავიდან ვერ მიცნეს, მაგრამ როდესაც Facebook-ზე დავპოსტე ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ, ჩემს მაგიდასთან მოვიდნენ და გემრიელ ცივ ყავაზე დამპატიჟეს.
დადებითი ემოციებით დამუხტული ექვსი მაისის პარკში გადავედი და გასეირნება გადავწყვიტე. აქ, ტბასთან, მეთევზეები შევნიშნე და მათთან მივედი. ცოტა ხანი ვაკვირდებოდი როგორ თევზაობდნენ და მომინდა, მეც მესინჯა. მივედი ერთ-ერთ მეთევზესთან და ვთხოვე, იქნებ მეც მათევზაოთ-მეთქი.
მეთევზე სიამოვნებით დამთანხმდა. თან მესაუბრებოდა, საიდან ხარო, როდის ჩამოხვედიო, როდის მიდიხარო და ა.შ. მართალია, მთლად მოხუცი და ზღვასავით ყოვლისმომცველი სიუჟეტი არ შეკრულა, მაგრამ მეთევზე საკმაოდ საინტერესო კაცი აღმოჩნდა. როგორც მითხრა, აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო და ბათუმში სწორედ ომის დასრულების შემდეგ, დევნილის სტატუსით დასახლდა. მრავლობითი ჭრილობები მივიღეო და მუცელზე ნაიარევებიც მაჩვენა. ვკითხე, რა გასწავლათ აფხაზეთის ომმა-მეთქი და მიპასუხა, მშვიდობის ფასი მასწავლაო. დღეს რომ დადიან და ხან ვიღაცების გაგდებას ითხოვენ ქვეყნიდან, ხან ვიღაცების მოკვლას და წამებას, იმათ მშვიდობის ფასი არ იციანო. აფხაზეთი მენატრება, ჩემი სახლი და ეზოო. ბათუმშიც იმიტომ ვცხოვრობ, რომ ზღვის გარეშე სიცოცხლე არ წარმომიდგენიაო. სოხუმის ნოსტალგიას მეტნაკლებად მიქრობს ბათუმი, მაგრამ საკუთარი მიწა-წყალი მაინც სულ სხვააო.
ლიტერატურული გარემოთი და ბუნებით გული რომ ვიჯერე, სახლის გზას დავადექი. ამასობაში ბათუმში კოკისპირული წვიმა დაიწყო. ბათუმის ქუჩები იმდენად დამაბნეველი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ვერაფრით მივაგენი იმ გზას, საიდანაც აქ მოვედი. ერთი სიტყვით, დავიკარგე. რაც უფრო მეტს დავდიოდი, მით უფრო მეტად ვშორდებოდი ჩემს სასტუმროს. ნახევარსაათიანი სიარულის შემდეგ, ერთიანად გალუმპული და შელახული ვიყავი. გაკითხვა-გამოკითხვით, როგორც იქნა, მიმართულება სწორად განვსაზღვრე და კიდევ ერთ საათიანი სიარულის შემდეგ, ჩემი სასტუმროსკენ ავიღე გეზი.
გზად ერთი ინციდენტი შემემთხვა - რომელიღაცა ქუჩაზე, ქუჩის ძაღლი ცუდ გუნებაზე დამხვდა და კბილებს უხეშად მიღრიჭავდა. ვიფიქრე, მშვიდად გავივლი და არ შევიმჩნევ-მეთქი, მაგრამ ამაოდ. ძაღლი ნელნელა ჩემკენ წამოვიდა და ყეფა დამიწყო. მართალია მუხლები ამიკანკალდა და გაქცევას ვფიქრობდი, მაგრამ მჯეროდა, რომ თავს დამანებებდა. თურმე, სულ ტყუილად. ძაღლი ამედევნა და მეც სხვა გზა აღარ დამრჩენოდა, უკან მოუხედავად გავრბოდი. გული ისე მიცემდა, ვიფიქრე, ორი წუთიც და ამომივარდება-მეთქი. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ისე გადავირბინე, გზაზე არც გამიხედავს. ძაღლი სადღაც გამქრალიყო, მე კი უვნებელი გადავრჩი.
შუა დღისთვის, მაღაზიაში გადასულს, ერთი ახალგაზრდა ბიჭი შემომხვდა გზად, რომელმაც უცნაურად გამაჩერა. მხარე ხელი დამადო და გამიღიმა. ვიფიქრე ძველი ნაცნობი ხომ არაა-მეთქი და ის იყო, უნდა მეკითხა, უცებ მეუბნება:
- შენ ის არ ხარ, რა ქვია, მასტერქარდის გამოწვევაში რომ იღებ მონაწილეობას?
კი, ეგ ვარ-მეთქი ვპასუხობ და ვა, საღოლ, ასწორებსო. ძმურად ერთი ლუდი მიკისრეო, რა. ცხადია, გამიხარდა, რომ ჩემი მოგზაურობის შესახებ კითხულობს ადამიანი, რომელმაც სახეზეც მიცნო და მისთვის ლუდი არ დამიშურებია. ის კი არა, შაურმაზეც დაგპატიჟებ-მეთქი ვუთხარი, მაგრამ იუარა.
გახარებული სასტუმროს ნომერში დავბრუნდი და ჯაზ ფესტივალისთვის დავიწყე მზადება. გუშინ ფესტივალის ფარგლებში Mathew Hartnett და De La Soul გამოდიოდნენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ საღამო ენერგიულად ჩაივლიდა. ამაში კი, ნამდვილად არ შევმცდარვარ.
ადგილზე მისულს, Mathew Hartnett-ის კონცერტი დაწყებული დამხვდა. უამრავი ხალხი სცენასთან შეკრებილიყო და ჯაზის ჰანგებზე ცეკვავდა. Mastercard-ის ბარათით კოქტეილი შევუკვეთე და ამასობაში, მეგობრებსაც შევხვდი. მუსიკის ფონზე კოქტეილების სმა კარგახანს გაგრძელდა. ახლა უკვე აღარც მახსოვს, რამდენი ჭიქა კოქტეილი დავლიეთ, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, არ ვიცი რამდენად გაგაოცებთ, მაგრამ მოსაყოლად კი ნამდვილად ღირს.
მეგობრებმა იმდენი დავლიეთ, რომ შეზარხოშებულებს, De La Soul-ის გამოსვლის შემდეგ კლუბ Take Five-ში მოგვინდა შესვლა. აღმოჩნდა, რომ კლუბში After Party იმართებოდა და შესაბამისად, ჩვენი შესვლა გამორიცხული იყო. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, დაცვამ წარბები უშნოდ დაგვიგრიხა და ჩვენც გავეცალეთ მიმდებარე ტერიტორიას.
საღამო არაჩვეულებრივად მიდიოდა. წვიმასაც გადაეღო და გართობაში ხელს არაფერი გვიშლიდა. გართობა ერთ-ერთი კლუბში განვაგრძეთ, სადაც კოქტეილები კიდევ დავამატეთ და იქ უკვე, ჩემს გონებაში ბინდი ჩამოწვა. ბუნდოვნად მახსოვს ზუსტად რა მოხდა, მაგრამ რატომღაც ქობულეთში წასვლა გადავწყვიტეთ. მახსოვს, რომ სამნი გავედით გზაზე და მანქანებს ვაჩერებდით, რათა ქობულეთში წავეყვანეთ.
ერთ-ერთმა მძღოლმა ჩაგვიყვანა კიდეც ქობულეთში, მაგრამ ამ მომენტიდან ჩემს ლიმბურ სისტემას მხოლოდ ნაწყვეტი კადრები შემორჩა. როგორც დღეს გაირკვა, ბათუმში მოსმენილი ლეგენდის თანახმად, ქობულეთში ზღვა სულაც არ ყოფილა ამღვრეული და ბანაობა თავისუფლად იყო შესაძლებელი. ჩვენც ამ ლეგენდას აყოლილები და თანაც, ბათუმის ზღვაზე გაბრაზებულები, ქობულეთისკენ გავეშურეთ. იქ ჩასულს, ბათუმზე არანაკლებად მღელვარე ტალღები დაგვხვდა და იმედგაცრუებულები, ქობულეთის ერთ-ერთ კლუბს შევეკედლეთ და გართობა განვაგრძეთ.
დილით რომ გამოვფხიზლდით, მივხვდით, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. კოქტეილების მიღების შედეგად, თავი ახლაც მძიმედ დამაქვს. დილას, მზის სხივებმა, ქობულეთის ბულვარში გამოგვაფხიზლა. სამივე მეგობარი ვცდილობდით აღგვედგინა ინფორმაცია, როგორ მოვხვდით აქ, თუმცა სრულყოფილად არც ერთს გვახსოვდა. ტელეფონები სამივეს დამჯდარი გვქონდა, ამიტომ სამახსოვრო ფოტოს გადაღება ვერ მოვახერხეთ, თუმცა ეჭვი მეპარება, საჯაროდ დასადები ფოტო გამოსულიყო.
ამასთან, ჩემს ინტერნეტ ბანკში შეხედვა ძალიან მეშინოდა, რადგან ჩემი Mastercard-ის ბარათი, ფაქტობრივად, მთელი ღამის განმავლობაში გულუხვად გასცემდა ფულს.
ბათუმში სამარშრუტო ტაქსს გამოვყევით, რომელშიც ფული ჩემმა მეგობარმა გადაიხადა. ახლა ვზივარ, და ამ ამბავს გიყვებით, ამასობაში კი ორი ბოთლი მინერალური წყალი გამომეცალა.
#ბარათისამარა ცხოვრება ჯერ კიდევ გრძელდება. გამოწვევის დასრულებამდე, ზუსტად ერთი დღეა დარჩენილი.