Ice ‘N Rolls – ასე ჰქვია კომპანიას, რომელიც გიორგი რაზმაძემ და ნიკა ჩუგოშვილმა დააფუძნეს. ორივე მათგანი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან და სწავლის პარალელურად, ბიზნეს საქმიანობასაც ეწევიან. ახალგაზრდებმა ბიზნესში ჩართვა არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს და მათი პროდუქტი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. „ყველაზე ქართული ნაყინი“ ასე აფასებს გიორგი რაზმაძე Ice ‘N Rolls-ის პროდუქტს, რომელიც ქართველებისთვის აქამდე სრულიად უცნობი სახის ნაყინს ამზადებს.

ფოტო: ADvan/ედვენი

როგორ გაჩნდა კომპანიის ჩამოყალიბების იდეა?

იდეა მე და ჩემს მეგობარს მესამე კურსის დასაწყისში, დაახლოებით ერთი წლის წინ გაგვიჩნდა. ინტერნეტით ვნახეთ რამდენიმე ვიდეო მსგავსი ნაყინის შესახებ, რომელიც ძალიან პოპულარული იყო როგორც უცხოეთში, ისე საქართველოშიც. ამის შემდეგ, დავფიქრდით, ხომ არ გვეცადა, რომ გაგვეკეთებინა ამ ნაყინების ირგვლივ რაიმე თემა. შემდეგი ეტაპი იყოს ბაზრის შესწავლა – ვმუშაობდით ამ საკითხზე და ვფიქრობდით, რამდენად გაამართლებდა. რიგი დეტალების განხილვის შემდეგ, დაახლოებით ზამთრის პერიოდში, უკვე დავიწყეთ აპარატის შეძენაზე მუშაობა. ჩამოვაყალიბეთ ბრენდი, სხვადასხვა დეტალებიც დავალაგეთ და სეზონისთვის დავიწყეთ მზადება. ჩვენი გეგმა იყო, რომ გაზაფხულის მეორე ნახევრისთვის უკვე მზად გვქონოდა ყველაფერი და ერთი ლოკაცია მაინც გაგვეხსნა.

ყველაფერი კარგად წავიდა და ექვს მაისს გავიხსენით. ჩვენი პირველი ლოკაცია East Point-შია. ამას გარდა, სხვადასხვა ფესტივალებზეც ვიყავით წარმოდგენილი და ახლა გაფართოებაზეც ვფიქრობთ.

რითი გამოირჩევა თქვენი პროდუქტი ბაზარზე არსებული სხვა ნაყინებისგან?

ჩვენი ნაყინი, პირველ რიგში, იმით გამოირჩევა, რომ ადგილზე მზადდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ უყუროთ, როგორ ამზადებენ ყველაფერს თქვენი შეკვეთისთვის. ამას გარდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი არჩევანი. ჩვენ იმდენი სახის ინგრედიენტი გვაქვს, რომ ყოველდღე შეგიძლიათ უნიკალური ნაყინი მიიღოთ, რომელიც აქამდე არასდროს გაგისინჯავთ. ნებისმიერ დროს, როცა ნაყინისთვის მოხვალთ ჩვენთან, სულ ახალი და ახალი გემო დაგხვდებათ.

ნაყინის დამზადებაში თავად მომხმარებელი აქტიურად არის ჩართული. ინგრედიენტებს თავად ირჩევს – თუ სურს შეურევს მარწყვს და შოკოლადს, ან მარწყვსა და ქინდერს. ეს მისი გემოვნების საკითხია. ამას გარდა, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი უნიკალური პროდუქტი – ალკოჰოლური ნაყინები.

ბოლო დროს უამრავი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც გვსაყვედურობს ესა თუ ის ინგრედიენტი რატომ არ გაქვთო. სწორედ მათთვის, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პრობლემა სხვაგვარად გადავჭრათ. თუ ვინმეს სურს ისეთი ინგრედიენტის დამატება, რომელიც ჩვენ არ გვაქვს, შეუძლია მოგვიტანოს და ნაყინად ჩვენ დავუმზადებთ. იყო შემთხვევა, როცა რამდენჯერმე დონატები მოგვიტანეს და უგემრიელესი ნაყინი შევქმენით.

ფოტო: Ice ‘N Rolls

აღსანიშნავია, რომ Ice ‘N Roll-ის ნაყინის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი კახური ჩურჩხელა და ხვანჭკარაა. გიორგი და ნიკა პირველები იყვნენ, ვინც ტრადიციული ქართული ელემენტების გამოყენება უგემრიელესი ნაყინის შესაქმნელად გადაწყვიტეს. გემო და არომატი სიტყვებით რთული ასახსნელია, თუმცა გეტყვით, რომ ჩურჩხელიანი ნაყინი იმაზე უფრო მომაჯადოებელია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

როგორი რეაქცია ჰქონდა მომხმარებელს, როდესაც გაიგეს, რომ ხვანჭკარისა და ჩურჩხელისგან ნაყინს ამზადებდით?

თავდაპირველად, როდესაც ხვანჭკარისა და ჩურჩხელის ნაყინი გავაკეთეთ, რომელსაც ანალოგი არ აქვს, ხალხს არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა. ყველას ეგონა, რომ პროდუქტი უცხოელებზე იყო გათვლილი. არადა, პირველ რიგში, რასაც ვქმნით, ქართველებისთვის ვაკეთებთ. გვინდა, რომ ჩვენმა ნაყინმა ქართველები მოხიბლოს და შემდეგ ყველა დანარჩენი. პირველი ეტაპის შემდეგ, როდესაც უკვე პროდუქტის გაპიარება დავიწყეთ, ბევრმა გასინჯა ქართული ღვინისგან გაკეთებული ნაყინი. თუკი თავიდან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, გასინჯვის შემდეგ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

ფოტო: Ice ‘N Rolls

სიმართლე გითხრათ, თავიდან ალკოჰოლურ ნაყინებზე, ინტერესი ძალიან მწირი იყო. ცხადია, ალკოჰოლი და ნაყინი ერთმანეთთან არ ასოცირდებოდა, რის გამოც ხილის ნაყინები უფრო აქტიურად იყიდებოდა. ეს ეტაპიც გავიარეთ და მომხმარებელი დარწმუნდა, რომ ალკოჰოლური ნაყინებიც არანაკლებ გემრიელია. ამ ეტაპზე ჩვენ მრავალი სახეობის ალკოჰოლური ნაყინი გვაქვს და მათგან ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ ხვანჭკარისაა. ამასთან, გამოვარჩევდით ბეილისის ნაყინსაც.

მომზადების მეთოდი

Ice ‘N Rolls ინოვაციურ ნაყინს ტაილანდური ტექნიკით ამზადებს, თუმცა ტაილანდური მხოლოდ მეთოდია, დანარჩენი კი მათი ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენს. დამზადების პროცესში გამოყენებულია სტანდარტული ვანილის სითხე, რაშიც ხდება სხვადასხვა ინგრედიენტების შერევა. მომხმარებელი მიდის მომსახურე პერსონალთან და არჩევს იმ ინგრედიენტებს, რომლის შერევაც სურს. ინგრედიენტების შერჩევის შემდეგ ხდება მათი ვანილის სითხეში გაზავება და საბოლოო ჯამში მიიღება ნაყინის როლები. ამ ყველაფერს კი სულ რაღაც ერთი წუთი მიაქვს.

კომპანია სამი თვეა რაც ბაზარზე გამოჩნდა. ამ ხნის განმავლობაში, როგორც გიორგი რაზმაძე ამბობს, მათი პროდუქტის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება.

“სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჩვენი ნაყინები. ვინაიდან, ჩვენს მომხმარებლებს არჩევანის მრავალფეროვნება აქვს, ვფიქრობთ, რომ ერთხელ მოსვლის შემდეგ, კვლავ დაბრუნდება ახალი გემოს აღმოსაჩენად. კომპანიის განვითარებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მთავარია, რომ მომხმარებელი კმაყოფილი იყოს იმით, რასაც ვაკეთებთ“, ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

Ice ‘N Rolls მომავალში მრავალი სიახლის დანერგვას აპირებს, თუმცა ამის შესახებ წინასწარ საუბარი არ სურთ. ერთი რამ ცხადია – კომპანია მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს და სულ ახალი და ახალი ინგრედიენტების დამატებას აპირებს. ამასთან, კომპანიის გეგმებში რამდენიმე ახალი ლოკაციის დამატებაც შედის. ამ ეტაპისთვის კი, ნაყინის ინოვაციური რგოლების დასაგემოვნებლად შეგიძლიათ ეწვიოთ East Point-ს.

Ice ‘N Roll-ისთვის მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი 2017 წლის ბიზნეს დაჯილდოებაში იღებენ მონაწილეობას. წარმატებული კომპანიის შემქმნელები იმ ადამიანებს შორის არიან, რომლებიც #გააზიარეწარმატების ფარგლებში დამწყებ სტარტაპერებს მოტივაციას აძლევენ და ამის პარალელურად, დაჯილდოებაში მნიშვნელოვანი პრიზის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ #გააზიარეწარმატება – ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით, წელს მეორედ გაიმართება. შვიდ ნომინაციაში კონკურსანტების რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და ის ვებგვერდზე businessaward.ge-ზე მიმდინარეობდა.

Facebook კომენტარები