2018 წლის 1 ნოემბრიდან ვიზეარის ყველა რეისს შეეხება სიახლე, რომელიც ჩასხდომის პროცედურას კიდევ უფრო გაამარტივებს: ყველა მგზავრს საშუალება ექნება, უფასო ხელბარგი ბორტზე გარანტირებულად აიტანოს.

რას გულისხმობს ცვლილება?

ავიაკომპანიის გამოცდილება მოწმობს, რომ წელიწადში 10,000-ზე მეტი რეისი ბარგთან დაკავშირებული საკითხების გამო იგვიანებს. ბოლო 5 წლის მონაცემებით კი, დანიშნულების ადგილზე მოგზაურების დარჩენის საშუალო პერიოდი დღითიდღე მცირდება. Wizz Air-ის ყოველი მესამე მგზავრი ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში მხოლოდ 3 დღით ან უფრო ხანმოკლე პერიოდით მიემგზავრება. გამომდინარე იქიდან, რომ მოგზაურობის პერიოდი მცირდება, Wizz Air-ის მომხმარებლები უპირატესობას უფრო მსუბუქ და ჭკვიანურად ჩალაგებულ ბარგს ანიჭებენ.

1 ნოემბრიდან ყველა მგზავრს საშუალება ექნება, ბორტზე აიტანოს ერთი უფასო ხელბარგი (40x30x20 სმ). მგზავრებს, რომლებიც WIZZ პრიორიტეტის სერვისით ისარგებლებენ, საშუალება ექნებათ, უფასო ხელბარგთან ერთად, თვითმფრინავის სალონში აიტანონ საგორებელი ჩანთაც (55x40x23 სმ). მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად, ავიაკომპანიამ 10კგ-იანი რეგისტრირებული ბარგის გადატანის შეთავაზება შეიმუშავა. მისი ფასი სულ რაღაც 7 ევროდან იწყება.

რა ზომის ბარგი გჭირდებათ, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მოგზაურობა. ბარგის ზომებისა და წონის სასურველი კომბინაცია ინდივივიდუალური საჭიროების მიხედვით უნდა შეარჩიოთ.

როგორ ჩავალაგო უფასო ხელბარგი, თუ 2-3 დღით მივდივარ სადმე?

ამ შემთხვევაში დამატებითი სერვისის შეძენის გარეშე შეგიძლიათ იფრინოთ. უფასო ხელბარგის ზომები 40x30x20 სია და მასში გრძელი ვიქენდისთვის სამყოფ ნივთებსა და ტანსაცმელს უპრობლემოდ ჩაატევთ.

საილუსტრაციოდ: ამ ჩანთის ზომებია 37x27x16 და ის უფასო ხელბარგის სტანდარტებში ჯდება

ფოტო: Amazon

ამ ზომის ჩანთაში შეგიძლიათ ჩადოთ: ერთი წყვილი შარვალი, ორი ზედატანი (გრძელმკლავიანი, მოკლემკლავიანი), ერთი წიგნი, 2-3 წყვილი წინდა, 2-3 საცვალი, საყოფაცხოვრებო ნივთები (სითხე ლინზებისთვის, მცირე ზომის კრემები, სავარცხელი, წამლები), ერთი წყვილი მსუბუქი ფეხსაცმელი (მაგალითად, კედები) და აუცილებელი საბუთები. თვითმფრინავისთვის კი გირჩევთ, თბილად ჩაიცვათ. ჟაკეტის ჩაცმა მნიშვნელოვან ადგილს დაგიზოგავთ.

მარტივი რჩევები:

  • ჩაიცვით ყველაზე დიდი/მძიმე ფეხსაცმელი, ჩანთაში კი ჩადეთ ის ფეხსაცმელი, რომელსაც დრეკადი ფორმა აქვს (ე.წ. ბალეტკები, სარბენი სპორტული ფეხსაცმელი, სანდლები).
  • იყიდეთ სპეციალური პატარა ბოთლები პირადი მოხმარების სითხეებისთვის. ზოგი რამ, მაგალითად კბილის პასტა შეგიძლიათ ადგილზე შეიძინოთ.
  • ეცადეთ, ყველა ტანსაცმელი, რასაც ჩადებთ, ერთმანეთს უხდებოდეს.
  • მიბაძეთ ჯოუის და ჩაიცვით მრავალფენიანი ტანსაცმელი
  • არ წაიღოთ ლეპტოპი, თუ ეს უკიდურესად აუცილებელი არაა
  • და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ აუცილებელი საბუთების გარდა, ნებისმიერი რამის ჩანაცვლება შეიძლება ადგილზევე.

როგორ მოვიქცე, თუ ერთკვირიანი მგზავრობა მაქვს დაგეგმილი?

ფოტოებზე გამოსახული ჩანთა 50x35x20 სმ-ია და მითითებულ ზომებში ჯდება

თუ უფრო ხანგრძლივი პერიოდით მიემგზავრებით და უფასო ხელბარგის ზომაში ფიზიკურად ვერ ჩაეტევით, საუკეთესო არჩევანი Wizz პრიორიტეტის სერვისის შეძენა იქნება. მისი დახმარებით თვითმფრინავის სალონში როგორც უფასო ხელბარგის, ასევე სამგზავრო ჩანთის ატანას შეძლებთ. რომ არაფერი ვთქვათ პრიორიტეტულ რეგისტრაციასა და ჩასხდომაზე. Wizz Priorirty-ს სერვისის ღირებულება 5-10 ევროა.

ამგვარად, იმ ზემოთნახსენები ყვითელი ჩანთის გარდა, საგორებელი ჩანთის ატანასაც შეძლებთ თვითმფრინავში (55x40x23 სმ).

Wizz პრიორიტეტის შეძენის შემთხვევაში შეგიძლიათ უფასო ხელბარგი ლეპტოპის ან სხვა ტიპის ტექნიკის წასაღებად გამოიყენოთ, გორგოლაჭებიან ჩემოდანში კი გაცილებით მეტი ტანსაცმელი ჩაალაგოთ, ვიდრე წინა შემთხვევაში. არ იცით, ადგილზე პირსახოცს დაგახვედრებთ თუ არა ვინმე? შეგიძლიათ თავისუფლად ჩადოთ პირსახოცი. ან სულაც ორი წყვილი ფეხსაცმელი, ერთი - შედარებით აკადემიური, მეორე კი - ქალაქში სახეტიალოდ. ჩაალაგეთ მეტი შარვალი, მოცულობითი და თბილი ტანსაცმელი და ცოტა ადგილიც მოიტოვეთ საჩუქრებისთვის. უკანა გზაზე გამოგადგებათ.

მგზავრებს, რომელთაც 10 ოქტომბრამდე დაჯავშნეს 1 ნოემბრის შემდომ დაგეგმილი რეისები და არ სარგებლობენ WIZZ პრიორიტეტის სერვისით, საშუალება ექნებათ, გადაიტანონ 10კგ რეგისტრირებული ბარგი. ხოლო მგზავრებს, რომელთაც რეგისტრირებული ბარგი აქვთ შეძენილი, ავიაკომპანია WIZZ პრიორიტეტის სერვისით უზრუნველყოფს.

რა კომბინაცია ავირჩიო გრძელი მგზავრობისთვის?

წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: თქვენ ერთკვირიან ან უფრო ხანგრძლივ მოგზაურობაში მიფრინავთ. მეგობრებმა, რომლებიც დანიშნულების ადგილას გხვდებიან, გულით გთხოვეს, ქართული ღვინო ჩაუტანოთ. ხელბარგისა და ბარგის რა კომბინაცია იქნებოდა ასეთი სიტუაციისთვის ზედგამოჭრილი?

ამ შემთხვევაში შეგიძლიათ Wizz პრიორიტეტის გარეშეც გახვიდეთ ფონს და ხელბარგის გარდა, რეგისტრირებული 10-კგ-იანი ბარგი აიღოთ. მისი ფასი რეისის მიხედვით 7 ევროდან იწყება და მასში შეგიძლიათ სითხეებიც ჩააწყოთ.

თუ კიდევ უფრო მეტი სივრცე გჭირდებათ ან გსურთ, მეგობართან ერთად გაინაწილოთ ბარგი, შეგიძლიათ Wizz პრიორიტეტიც შეიძინოთ და რეგისტრირებული 10, 20 ან 32-კილოგრამიანი ჩანთაც. თქვენზე უკეთ არავინ იცის, რა დაგჭირდებათ მოგზაურობაში.

ბარგის ახალი პოლიტიკა კიდევ უფრო მეტადაა მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული და უფრო კომფორტულ და სწრაფ ჩასხდომას უზრუნველყოფს. ამასთან, შემცირდება თვითმფრინავის გაფრენის დაგვიანების შემთხვევების რაოდენობაც, ბორტზე კი ხელბარგის ადგილი ყოველთვის მოიძებნება.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze