საზოგადოებრივი ტრანსპორტით ორ დაშორებულ პუნქტს შორის გადაადგილება მშვიდი და სასიამოვნო პროცესი, ალბათ, მხოლოდ ჩვენს საოცნებო სცენარსა და ფილმებშია. რეალურად კი უცნაურ, დაძაბულ და ხშირად იუმორით სავსე სიტუაციებთან გვიწევს გამკლავება, რომელთა ლოგიკის დანახვაც ხანდახან ცალკე თავგადასავალს უდრის.
თუ სხვადასხვა მიზეზის გამო მიკროავტობუსით გადაადგილება ხშირად გიწევს და თან შემთხვევით ადამიანებთან თუნდაც დროის გასაყვანად დაახლოება შენი ძლიერი მხარე არ არის, მაშინ ქვემოთ ჩამოთლილი რვა დეტალი შენთვის ნაცნობი და ახლობელი იქნება.
1. დანიშნულ დროს ავტოსადგურს ვერ დატოვებ
თუ ბილეთზე გარკვევით წერია, რომ გამგზავრების დრო შუადღის 12 საათია, მიკროავტობუსის ძრავა არათუ ცოტა ხნით ადრე, არამედ კარგა დროის გასვლის შემდეგაც კი არ ამუშავდება, ისევე როგორც აქილევსი ვერასდროს დაეწევა კუს. ძველი ბერძნები უფრო მარტივად ამოხსნიდნენ ამ უკანასკნელ პარადოქს, ვიდრე თანამედროვე ქართველი მგზავრები შეძლებენ მიკროავტობუსის მუდმივი არაპუნქტულობის საიდუმლოს გაგებას.
რატომ არ შეიძლება, რომ არავინ აგვიანებდეს? რატომ არ გაიღვიძა ერთმა მგზავრმა 10 წუთით ადრე? რატომ არ შეამოწმა მეორემ გაზის გამათბობელი, როცა პირველად გამოვიდა სახლიდან? ან თავად მძღოლი რატომ არ ჩქარობს დანიშნულების პუნქტამდე განსაზღვრულ დროზე მისვლას? ან რა იქნებოდა ქართველის ხსნებისას პირველი ასოციაცია სტუმარმასპინძლობასთან ერთად პუნქტუალობაც ყოფილიყო? ამ კითხვებზე პასუხი თამარ მეფის საფლავივით დაკარგულია, მპოვნელი კი ჯერ არ ჩანს.
2. თავადვე ხარ საკუთარი თავის უსაფრთხოების ღვედი
თუ ღმერთებს ცეცხლი მოჰპარე, წყალზე გაიარე, ლარი დაასტაბილურე, დრაკონი მოათვინიერე და საბოლოოდ, ადგილი მძღოლის გვერდით დაიმსახურე, შეიძლება სიხარული იმედგაცრუებამ გადაგიფაროს, როცა აღმოაჩენ, რომ უსაფრთხოების ღვედი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და უბრალოდ "ყოველი შემთხვევისთვისაა".
ერთი მხრივ, ვაღიარებთ და ვიზიარებთ იმ ფაქტს, რომ უსაფრთხოების ღვედი ნამდვილად მნიშვნელოვანი გამოგონებაა, რომელიც ფატალური შემთხვევებისა და დაზიანებების რისკს საგრძნობლად ამცირებს. მეორე მხრივ კი, მიკროავტობუსში ფეხის შედგმისთანავე ადამიანთა უმეტესობა ჯადოსნური ოპტიმიზმით ივსება, რასაც "ჩვენ რა უნდა დაგვემართოს, კაცო" ჰქვია. იმედის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა ის განცდა უფრო ხშირად მრჩება, რომ ტრანსპორტში მრავლად გამოფენილი ხატების იმედი უფრო აქვთ, ვიდრე საყოველთაოდ აღიარებული უსაფრთხოების წესებისა.
3. წარსულის, აწმყოს თუ მომავლის ხმები არასდროს ჩუმდება
მგზავრობის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ თუ ისე გადაიღლები, რომ ჩაგთვლემს, ამას იუმორინას გრძელი და რიტმული ტაში შეგიქებს. ამავდროულად კი ფიქრებში გართული მრავალფეროვანი იდეების ნაკლებობაზე ნამდვილად ვერ დაიწუწუნებ, რადგან ყოველ აზრს ფონად გაჰყვება რუსულები და ჩქარები, რუსულები და ნელები, ქართულები და სატრფიალოები და კიდევ უსასრულო რაოდენობის მსგავსი კომბინაცია. თან ეს ყველაფერი იმდენად ხმამაღალია, რომ ყურსასმენებიც ვერ აბრკოლებს ამ კეთილხმოვანებას და საყვარელი მუსიკის მოსმენასთან ერთად იმაზეც გიწევს ფიქრი, მაინც რამდენი ალოდინეს ერთ-ერთი სიმღერის გმირი.
4. მხიარული და ყოვლისმცოდნე მძღოლები
გურიაში ჭირის ან ლხინის სუფრას თუ შესწრებიხარ, თავიკაცის სუპერ შესაძლებლობების შესახებაც გეცოდინება: მან ზუსტად იცის რა, სად, როდის, ვინ, რამდენი და როგორ. ჩვენს სცენარში მძღოლები ამ ფუნქციას უფრო განზოგადებული სახით ირგებენ. მათთან არასდროს მოიწყენ, რადგან სამყაროს თითქმის ყველა საიდუმლო ამოხსნილი აქვთ და მზად არიან, ეს ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ. ძნელია, მათ არ დაეთანხმო, როცა ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს გულწრფელად განიხილავენ, თუმცა ამას მეტად უცნაური და დამაინტრიგებელი შეთქმულების თეორიები მოჰყვება ხოლმე. რაც ყველაზე მთავარია, მათ ზუსტად იციან, როგორ გამონახონ გადავსებულ მიკროავტობუსში კიდევ დამატებით 30 ადგილი ყველა შემხვედრი მგზავრისთვის.
5. სუფრის ტრადიციას ვერც გრძელ გზაზე აარიდებ თავს
მოგზაურობისას თუ რიკოთის უღელტეხილის გავლა გიწევს, 15-წუთიანი შესვენება 40-წუთიან ქეიფად შეიძლება გადაიქცეს და ამ ამბავმა საერთოდაც არ უნდა გაგაკვირვოს. ქართველები რომ ყველგან ნაცნობების პოვნასა და ახალი კონტაქტების გაჩენაზე ვართ ორიენტირებულნი, არავისთვისაა უცხო. თან ამისთვის დრო ყოველთვის გამოინახება და პურმარილით დაგვირგვინებაც საჭიროა. მთელი ეს ცერემონიალი კი ისე სწრაფად სრულდება, ნებისმიერ დახელოვნებულ ივენთ-მენეჯერსაც რომ შეშურდება. მთავარია მონდომება და ყველა აუცილებელი კერძი გამოჩნდება, თან არც ეტიკეტი და სადღეგრძელოთა თანმიმდევრობა დაირღვევა.
სახლისკენ რამდენადაც უნდა გეჩქარებოდეს, რამდენი საქმეც უნდა გელოდებოდეს, შეუძლებელია, ამ პროცესში ადამიანთა გულწრფელობამ და საერთო მხიარულების შეგრძნებამ შენს განწყობაზეც არ იმოქმედოს: გინდა თუ არა, შენც ამ კულტურის ნაწილი ხარ.
6. ქართული ტრანსპორტი ფიზიკის კანონებს არ სცნობს
თუ გგონია, რომ 22 მგზავრზე გათვლილი მიკროავტობუსის პარამეტრები მართლა მხოლოდ ამდენ ადამიანს იტევს, თავს ისულელებ. საქართველოში მიკროავტობუსს ნახევარი პლანეტის დატევაც შეუძლია, მთავარია, ამის მსურველი გამოჩნდეს. დამატებითი ადგილები კი იქ ჩნდება, სადაც ამას ვერც კი წარმოიდგენდი. მეტიც — თუ მედგრად არ იდგები, ეშმაკმა უწყის, ერთი ადგილიდან თავადაც სად მოგიწევს გადაჯდომა, ვინ აღმოჩნდება შენს კალთაში და ა.შ.
ასე რომ, გამგზავრებამდე კარგად უნდა დაფიქრდე, მიკროავტობუსის მოულოდნელად განახევრებულ სივრცეში რამდენად შეძლებ გადარჩენას.
7. პირადი სივრცე უნდა დაივიწყო
არასდროს იცი, როგორი თანამგზავრი შეგხვდება: შეიძლება, ძალიან გაგიმართლოს და თანამოაზრე იპოვო, რომელიც უბრალოდ დროის სწრაფად გაყვანაზე ოცნებობს. ამის საპირისპირო შემთხვევაში კი, შენს მობილურში ცალი თვალით ჩაჭყეტილი და პირადი შეტყობინებების მოყვარული მკითხველი შეიძლება მოგიჯდეს გვერდით. მოწყენილობის მოსაკლავად, შეგიძლია, ამ მოთვალთვალის შესახებ მეგობარს მისწერო კიდეც და რეაქციას დაელოდო. აზარტისთვის გახსოვდეს, რომ გასაქცევი არსად გაქვს.
8. პირადი ჯოჯოხეთის რეპეტიცია
ეს პუნქტი იმ ადამიანებს გვეხება, რომლებიც მგზავრობას რთულად ვეგუებით: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან სხვა სიმპტომები გვაწუხებს. თუმცა ამ მძიმე წუთებშიც კი, რაღაც შინაგანი მორალის გამო, არ გვინდა ისედაც შეფერხებული მგზავრები კიდევ უფრო შევაწუხოთ და გაჩერება მოვითხოვოთ. უსიამოვნო პროცესს მხოლოდ ის თუ გვაძლებინებს, როცა ვხვდებით, რომ სხვებიც ჩვენს დღეში არიან.
ამ დროს კი გონებაში ეგოიზმი და სინანული ერთმანეთს ებრძვის. ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც მგზავრობა ფეხით სეირნობაზე რთული არაფრითაა? თან სიმღერისა და ცეკვის ხასიათიც კი აქვთ. და რატომ მე? რატო ისინი არ არიან ჩვენს ადგილზე? იქნებ ყველაფერი იმის ბრალია, 3 წლის წინ კამათში დამარცხება რომ არ ვაღიარეთ და სიჯიუტის გამო პრინციპულად არ დავთმეთ პოზიცია, ან იმისთვის ვისჯებით, რომ პლანეტას სხვებთან ერთად წარმატებულად ვანადგურებთ? ვინ იცის...
ბოლოს კი სამყარო ისევ მშვენიერი ხდება, როცა ამ ბრძოლაში გადავრჩებით და სამშვიდობოს მივაღწევთ, ანუ უბრალოდ დანიშნულების პუნქტამდე მივალთ.