ავიაკომპანიების პილოტები ხშირად გადაღლილები არიან. ამის კარგი მაგალითი 2008 წლის შემთხვევაა, როდესაც ორივე პილოტს ჩაეძინა და თვითმფრინავი სამიზნე აეროპორტს გასცდა, რის შედეგადაც ორივე პილოტს ფრენის ლიცენზია შეუჩერდა.

კიდევ უფრო დრამატული შემთხვევა დაფიქსირდა ახლო წარსულშიც. 2017 წელს სან-ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტში გადაღლილი პილოტები კინაღამ ასაფრენ ბილიკზე არსებული მეორე თვითმფრინავის თავზე დასხდნენ.

მსხვილი ავიაკომპანიების პილოტებს მუშაობისას ხშირად მრავალი სასაათო სარტყელის გადაკვეთა უწევთ. მაგალითად, შესაძლოა, პილოტი სამსახურში ფლორიდაში დღის ხუთ საათზე გამოცხადდეს, ერთ საათში კი 5-საათიანი ფრენით კალიფორნიისკენ გაემგზავროს, სადაც ის ადგილობრივი დროით საღამოს რვა საათზე ჩავა. პატარა შესვენების შემდეგ კი, შესალოა, მოკლე ერთსაათიანი ფრენით კალიფორნიის რომელიმე სხვა ქალაქში გადაფრინდეს. ამ დროს მას უკანასკნელი ცხრა საათიდან 6,5 საათი კაბინაში ექნება გატარებული. ამ დროს მას სასაათო სარტყელი უკვე ორჯერ აქვს გამოცვლილი, მის სხეულს კი ჰგონია, რომ ღამის ორი საათია — ორი აზრი არ არსებობს, რომ ის დაღლილია. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში ფრენის დაგვიანებები და გეგმის ცვლილება არ გაგვითვალისწინებია, რაც პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია.

პილოტებს ხშირად აწუხებთ ის ფაქტი, რომ დაღლილობის ხარისხის მიუხედავად, მათ ფრენისას დასვენების უფლება არ აქვთ.

ერთ-ერთი გამოსავალი, შესაძლოა, კაბინაში ცოტა ხნით დაძინება იყოს. ეს იდეა ხალხის დიდი ნაწილისთვის, შესაძლოა, მიმზიდველად არ ჟღერდეს, თუმცა ახლა აგიხსნით, რატომ შეიძლება იყოს ეს კარგი გამოსავალი.

დაღლილობის წინასწარმეტყველება ან გამოვლენა საკმაოდ რთულია, თანაც დაღლილი პილოტებიც კი აფრენას, ფრენასა და დაფრენას უმეტესწილად წარმატებით ახერხებენ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რაიმე დარღვევა მოხდება, გამომძიებლებს იმის დადგენა, თუ რამდენად დაღლილი იყო პილოტი, ძალიან უჭირთ.

2014 წელს ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ ახალი წესები შემოიღო, რომლითაც სამუშაო საათები იმის მიხედვით შეზღუდა, თუ როდის იწყებდა ცვლას პილოტი.

ცნობილია, რომ მცირე ხნით წაძინება პილოტის სიფხიზლეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. თვითმფრინავებში, რომლებიც საკონტინენტთაშორისო ფრენებს ახორციელებენ, განთავსებულია სპეციალური საწოლები, სადაც პილოტებსა და ეკიპაჟის სხვა წევრებს დასვენება შეუძლიათ, თუმცა პატარა თვითმფრინავებში მსგავსი სივრცეები არ არსებობს. 8-საათიანი და უფრო ხანგრძლივი ფრენების დროს ბორტზე ყოველთვის იმყოფება კიდევ ერთი პილოტი, რათა მფრინავებმა როტაცია და დასვენება შეძლონ. თუმცა, შედარებით მოკლე ფრენების შემთხვევაში მსგავსი რამ არ ხდება. ასეთ დროს ორივე პილოტი ვალდებულია, რომ ფრენის განმავლობაში მუდმივად ფხიზლად იყოს.

ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, კანადა და ავსტრალია პილოტებს კაბინაში დაძინების უფლებას აძლევს. ოფიციალურად ამ პროცედურას “კონტროლირებული დასვენება” ეწოდება, რომელსაც თავისი წესები აქვს.

პილოტმა, რომელსაც დასვენება სურს, მეორე პილოტი და ეკიპაჟის წევრები წინასწარ უნდა გააფრთხილოს. ის ასევე ვალდებულია, რომ დაშვებამდე ნახევარი საათით ადრე გაიღვიძოს. გაღვიძებიდან 15 წუთის განმავლოაბაში კი მას თვითმფრინავის მართვაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს, გარდა საგანგებო შემთხვევებისა.

პილოტების დიდი ნაწილი მსგავსი ცვლილებების საჭიროებას ადასტურებს. კვლევების შემდეგ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველა პილოტმა განაცხადა, რომ კაბინაში 45 წუთით დაძინება დასაშვები უნდა იყოს.

აშკარაა, რომ დაღლილობა ავიაციის ინდუსტრიას საფრთხეს უქმნის. ალბათ დროა, რომ პილოტებს, რომლებსაც თვითმფრინავების მართვას ვანდობთ, მოვუსმინოთ და მივცეთ საშუალება, რომ საჭიროების შემთხვევაში გარკვეული წესების დაცვით დაისვენონ, ეს ფრენას საბოლოო ჯამში კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის.

Facebook კომენტარები