ბათუმის საიმიჯო ფოტოებმა ესტონელებისა და ლატვიელების ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც ტალინისა და რიგის ქუჩებში აჭარის ფოტოებით დაბრენდილი ტრამვაი გამოჩნდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

კამპანია აჭარის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ხორციელდება. საქართველოს კურორტის სურათებით გაფორმებული ტრამვაი ესტონეთისა და ლატვიის დედაქალაქებში წლის ბოლომდე იმოძრავებს.

აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები წელს ერთდროულად BBC-ის, Euronews-ისა და Deutsche Welle-ს ეთერშიც ტრიალებდა. წელს პირველად აჭარის შესახებ რეკლამის ჩაშვება National Geographic-ისა და Travel Channel-ის სატელევიზიო ეთერშიც იგეგმება.

27 ივნისს, ესტონეთის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდება და ის ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. ჩარტერული ფრენები წელს ასევე, დაგეგმილია ვილნიუსიდან და ვარშავიდან.

Facebook კომენტარები