ალბათ, ხშირად გიოცნებიათ მოგზაურობაზე შორეულ პლანეტებსა თუ სამყაროებში, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ დედამიწა სავსეა ისეთი სიურეალისტური ადგილებით, რომლებიც არამიწიერ ლანდშაფტებს მოგვაგონებს — დაწყებული მთვარისებრი ხეობებიდან, დასრულებული წყალქვეშა გამოქვაბულებით.

წარმოგიდგენთ 20 ადგილს, რომელთა სტუმრობისას თავი სხვა პლანეტებზე გეგონებათ.

1. უადი რუმი — იორდანია

ფოტო: media.cntraveler.com

იორდანიის სახმრეთით არსბეული UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი კლდეების, გამოქვაბულების, ვიწრო ხეობების, ბუნებრივი თაღებისა და მარსის მსგავსი წითელი ქვიშის ლანდშაფტებით გამოირჩევა.

2. ფლაის გეიზერი, შავი კლდის უდაბნო — ნევადა

ფლაის გეიზერი შემთხვევით შეიქმნა, როდესაც 1964 წელს ადამიანის მიერ შექმნილი ჭიდან ცხელმა წყალმა ამოხეთქა. მასში გახსნილმა მინერალებმა გეიზერის გარშემო მთისა და ტერასების ჩამოყალიბება გამოიწვია, რომელიც დღემდე იზრდება. გეიზერიდან ამოფრქვეული წყალი სიმაღლეში დაახლოებით 1.5 მეტრს აღწევს. მის არამიწიერი შესახედეობის ფერებს კი წყალმცენარეებს უნდა ვუმადლოდეთ.

3. ლაქებიანი ტბა კლილუკი — ოსოიუსი, კანადა

ფოტო: media.cntraveler.com

ბრიტანული კოლუმბიის უნდაბნოში არსებული ეს უცნაური ტბა დიდი რაოდენობით მინერალებს შეიცავს (მათ შორის კალციუმს და ნატრიუმის სულფატს). ზაფხულში, როდესაც ტბიდან წყალი ორთქლდება, მინერალები მის ზედაპირზე 300-ზე მეტ განცალკევებულ ლაქად ვლინდება — აქედან გამომდინარეობს ტბის სახელიც.

4. ვაჟოლეტის კოშკები — იტალია

გარდა იმისა, რომ ეს კოშკები ძალიან ფოტოგენურია, ისინი ბევრი ალპინისტის დასაპყრობი მწვერვალების სიებშიც იკავებენ ადგილს.

5. ლასენის ვულკანური ეროვნული პარკის მოხატული დიუნები — კალიფორნია

წითელი და ნარინჯისფერი მოხატული დიუნები, რომლებიც ვულკანური ფერფლის დაჟანგული ფენებისგან წარმოიქმნა, სინდერ კონის ვულკანის ჩრდილშია განლაგებული. ვულკანი და მასთან არსებული დიუნები 1650 წლის ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა.

6. სალარ დე უიუნი — ბოლივია

მსოფლიოში უდიდესი მლაშობი დაბლობი 10 მილიარდ ტონა მარილს შეიცავს და 10 500 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ეს დამშრალი ტბა რამდენიმე პრეისტორიული ტბის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა.

7. ბრომოს ვულკანი — აღმოსავლეთი იავა, ინდონეზია

იქიდან გამომდინარე, რომ ბრომოსთან მიღწევა არც ისე რთულია და ეს ადგილი მზის ამოსვლის ეპიკური ხედებით გამოირჩევა, იგი აღმოსავლეთ იავას ბრომო ტენგერ სემერუს ეროვნულ პარკში ყველაზე ცნობილი ვულკანია.

8. ნატრონის ტბა — მონდული, ტანზანია

ფოტო: media.cntraveler.com

ეს მარილიანი ტბა, ერთი შეხედვით, ნამდვილად ლამაზია, მაგრამ მისი საშინლად დაბალი pH-ისა და 60 °C-მდე ტემპერატურის გათვალისწინებით, ამ ადგილას დასვენებას არ გირჩევდით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აქ არსებული მილიონობით ალისფერი წყალმცენარე ფლამინგოებს იზიდავს და ნატრონის ტბას მათი გამრავლების მთავარ ადგილად აქცევს.

9. ვაიტომოს ციცინათელების გამოქვაბული — ახალი ზელანდია

ვაიტომოს გამოქვაბულებში ათასობით ბიოლუმინესცენტური ლარვაა, რომლებიც ლორწოს გრძელ ზოლებს ტოვებენ, რაც ცოტა ამაზრზენად ჟღერს, თუმცა ულამაზესი სანახავია და მიწიერ ირმის ნახტომს მოგაგონებთ.

10. ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკი — ნამიბია

წითელი ქვიშის დიუნები და ჩონჩხისებრი ხეები ნამიბიის უდაბნოში ჩვენს პლანეტაზე მარსთან მიახლოებული ლანდშაფტის საინტერესო მაგალითია.

11. ვულინგიუანი — სანგჯიაჯი, ჩინეთი

ფოტო: media.cntraveler.com

აქ 250 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე ათასობით ქვიშაქვის ბოძია განლაგებული, რომლებიც ერთგვარ ბუნებრივ ცათამბჯენებს წარმოადგენენ. გასაკვირი არაა, რომ Avatar-ში პანდორას სამყაროს მთავარი ინსპირაცია სწორედ ეს ადგილი იყო.

12. შონდონგი — ვიეტნამი

შონდონგს, მსოფლიოს უდიდეს გამოქვაბულს, საკუთარი მცენარეული საფარი აქვს. აქ მზის სინათლზე ზედაპირზე არსებული ხვრელებიდან აღწევს, ნესტის კონდენსაციის შემდეგ კი მის ჭერზე ღრუბლებიც კი ჩნდება. სხვა სიტყვებით, ეს დედამიწის ქვეშ, ცალკე არსებული პატარა სამყაროა.

13. იეკუსაურლუონი, ვანტაიოკიულის ეროვნული პარკი — ისლანდია

იეკუსაურლუონის მყინვარული ტბის სანაპიროზე არსებული შავი ვულკანური ქვიშა ნაპირზე გამორიყულ ყინულებს მკვეთრ ფონს უქმნის. ეს ადგილი ისლანდიის ბუნებრივ საოცრებად მიიჩნევა.

14. სოკოტრა — იემენი

ერთი შეხედვით, არამიწიერი დრაკონის სისხლის ხეები სოკოტრას კუნძულზე ისე გამოიყურებიან, თითქოს ისინი დედამიწაზე სხვა პლანეტიდან ჩამოიტანეს.

15. დიდი პრიზმული წყარო, იელოუსტოუნის ეროვნული პარკი — ვაიომინგი

ფოტო: media.cntraveler.com

როგორც სახელიდან ჩანს, აშშ-ს უდიდესი ცხელი წყარო კაშკაშა ფერების მქონე ცისარტყელას ბეჭედს მოგვაგონებს.

16. დოს ოხოს — ტულუმი, მექსიკა

გამოქვაბულისებრ წნოტს ორი შესასვლელი აქვს — სწორედ აქედან მიიღო მან დასახელება დოს ოხოს (ესპ. ორი თვალი). ეს შესანიშნავი ადგილია წყალქვეშ ცურვის მოყვარულებისთვის, აკვალანგით მყინთავებისთვის და ზოგადად, თავზეხელაღებული ადამიანებისთვის.

17. დალოლი — ეთიოპია

მარილის წარმონაქმნების, ცხელი მჟავა წყაროების და აირის გეიზერების გეოლოგიური საოცრებათა სამყარო მსოფლიოში ერთ-ერთი უცხელესი ადგილია, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა 35°C-ს აღწევს.

18. მთვარის ხეობა — ჩილე

ოდესმე მთვარეზე ფეხის დადგმაზე თუ გიოცნებიათ, შეგიძლიათ ატაკამას უდაბნოს ესტუმროთ, რომელიც ჩვენი თანამგზავრის ზედაპირისგან დიდიად არ განსხვავდება. წლების მანძილზე ეროზიის შედეგად აქ არსებულმა უსწორმასწორო მწვერვალებმა და მშრალი მდინარის ხეობებმა ფორმა იცვალა და ეს ადგილი მთვარის ზედაპირს დაემსგავსა.

19. ლენსოის მარანეინსისის ეროვნული პარკი — ბრაზილია

ბრაზილიის ლენსოის მარანეინსისის ეროვნული პარკი დედამიწის სხვა არც ერთ ადგილს ჰგავს. წვიმიანი სეზონი (დაახლოებით ივნისის დასაწყისში) ყველა ღრმულს წყლით ავსებს და იგი ან წყალში ჩაძირულ უდაბნოს, ან ქვიშიან ტბას მოგაგონებთ, რაც თქვენს აღქმაზეა დამოკიდებული.

20. თეთრი უდაბნო — ფარაფრა, ეგვიპტე

ფოტო: egyptianstreets.comegyptianstreets.comegyptianstreets.com

ის, რაც ერთი შეხედვით შეიძლება ცივი, თოვლიანი ლანდშაფტი გეგონოთ, სინამდვილეში დასავლეთ ეგვიპტის საშინლად ცხელი რეგიონია. უდაბნო ცნობილია ქარისმიერი ეროზიის შედეგად ფორმაშეცვლილი ქვის წარმონაქმნებით, რომლებიც დროში გაყინულ გიგანტური სოკოს ღრუბლებს მოგვაგონებენ.

Facebook კომენტარები