ჩეხი ტურისტები საქართველოს მხარდამჭერი მაისურებით — ამ შინაარსის ფოტო მოგზაურთა კლუბში ფეისბუქმომხმარებელმა, მაკა მელიქიშვილმა გაავრცელა.

ფოტო: Maka Melikishvili / მოგზაურთა კლუბი

“ვენიდან მოფრინავდა გუშინ ჩეხების 15-კაციანი ჯგუფი. კითხვაზე, რატომ გაცვიათ ეს მაისურები-მეთქი, ვიცით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ძალიან გვიყვარს საქართველო და ყველამ იცოდეს, სად მივდივართო! P.S. ბევრმა უცხოელმა იფრინა ჩემთან ერთად და არის რაღაც სიამაყის გრძნობის მომენტი!” — დაწერა მაკა მელიქიშვილმა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს სანქციები დაუწესა და ფრენები აკრძალა, მოქალაქეებმა ტურისტული ინდუსტრიისა და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე დაიწყეს ზრუნვა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში გააქტიურდა კამპანია #SpendYourSummerInGeorgia. კამპანიის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით ტურისტებს მიაწვდინონ ხმა რუსულ ემბარგოზე და ჩვენი ტურისტული პოტენციალი გააცნონ.

მათ ინიციატივას უერთდებიან ქართველი ემიგრანტებიც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ბუკლეტების გავრცელებას და ტურისტების მოზიდვას აპირებენ სამშობლოში ეკონომიკის გასაძლიერებლად.

აქცია #სირცხვილია და 20 ივნისის აქცია

საქართველოში ანტისაოკუპაციო აქციები #სირცხვილია 26-ე დღეა მიმდინარეობს. სამოქალაქო პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტმა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსულ ენაზე განცხადების გაკეთებამ გამოიწვია. შედეგად, გავრილოვმა საქართველო დატოვა, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. რუსეთმა საქართველოს “დასჯა განიზრახა” და სანქციების ბერკეტი აამოქმედა: რუსულ ავიახაზებს საქართველოში ფრენა აუკრძალა, რამდენიმე ღვინის ექსპორტიორი კომპანია დაბლოკა და აქციები “რუსოფობიად” მოიხსენია. ამის პარალელურად, დიპლომატიურმა კორპუსმა და მოქალაქეებმა ტურისტების მოზიდვის მიზნით დაიწყეს კამპანია #spendyoursummeringeorgia.

პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას წინ უსწრებდა 20 ივნისის ღამე, როცა შსს-ს სპეციალურმა რაზმმა აქცია ძალის გამოყენებით რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა. მათი პოზიციით, იგეგმებოდა საქართველოს პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე შტურმი და დამხობა. დაშლის დროს დაშავდა ასობით ადამიანი, მათგან ორმა თვალი დაკარგა, ერთ-ერთი კი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში, სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. შედეგად, აქციები ამ დრომდე გრძელდება შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადაგომის მოთხოვნით.

20-21 ივნისის მოვლენებს საქართველოს პროკურატურა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იძიებს.

Facebook კომენტარები
kompensacia frenebze
kompensacia frenebze