შფოთვითი აშლილობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადებაა. მისით მხოლოდ აშშ-ში ორმოცი მილიონი ადამიანი, ანუ ქვეყნის მთელი მოსახლეობის ათ პროცენტზე მეტი იტანჯება. ეს დაავადება, შესაძლოა, ბევრი სხვადახვა სახით გამოვლინდეს, რომელთა შორის ყოველდღიური წუხილი და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა ყველაზე გავრცელებული ფორმებია. თუმცა, შესაძლოა, ის უფრო კონკრეტული, მოკლევადიანი მიზეზებით, მაგალითად, ხანგრძლივი მოგზაურობისთვის მზადებით, იყოს გამოწვეული.

შფოთვითი აშლილობების სხვა ტიპების მსგავსად, "როცა საქმე მგზავრობის შიშით გამოწვეულ შფოთვით აშლილობას ეხება, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს რეალური დაავადებაა", - ამბობს ქსელური თერაპიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი, ექიმი ინდრა სიდამბი. მიუხედავად იმისა, რომ "მოგზაურობაში წასვლას უმეტესწილად თავად ვწყვეტთ და ეს სახალისო და დადებით გამოცდილებად მიიჩნევა, სტრესის გამომწვევ უამრავ მიზეზს მაინც ვაწყდებით", - ამბობს ფსიქოლოგი და კალიფორნიის ქალაქ ტორანსში ალკოჰოლისა და ნარკოტიკების სამკურნალო ცენტრის დამაარსებელი, მოუ გელბარტი, - "თქვენ სასიამოვნო ადგილას კი მიდიხართ, მაგრამ იქამდე მისაღწევად აეროპორტები უნდა გაიაროთ. ამასთან, საკუთარ სახლს და შინაურ ცხოველებს შორდებით". ასეთ დროს ბევრი შემაწუხებელი და, შესაძლოა, ისეთი ირაციონალური დარდიც კი გაგიჩნდეთ, როგორიცაა "სარეცხი მანქანის გაფუჭების და ამის შედეგად სახლის წყლით დატბორვის შიში".

ფოტო: Getty / Istockphoto

ამ სავსებით ბუნებრივი ღელვის წარმოშობაზე გავლენა თქვენი დანიშნულების ადგილმაც შეიძლება მოახდინოს. "სახლიდან რაც უფრო შორს მიდიხართ და უკან დაბრუნება რაც უფრო რთულია, სტრესისთვის უფრო მეტი მიზეზი გიჩნდებათ", - ამბობს გელბარტი. მაგალითად, თუ ავადმყოფი ნათესავის სახლში მარტო დატოვება გიწევთ, თქვენი იქ არყოფნის პერიოდში მის ჯანმრთელობაზე ნერვიულობა ბუნებრივი და ჩვეულებრივი მოვლენაა. "ჩვენთვის ჩვეული, ნაცნობი რუტინის მიტოვება და უცნობ ადგილას წასვლა უამრავ შფოთვას და პრობლემას იწვევს".

ასეთი სახის შფოთვითი აშლილობა ან შიშები გამგზავრებამდე თუ უკვე გამოგიცდიათ, პირველი, რაც უნდა იცოდეთ, ისაა, რომ მარტო არ ხართ. მოგზაურთა დაახლოებით ოცდახუთმა პროცენტმა სახლის დატოვებამდე, შესაძლოა, შფოთვა განიცადოს, ამბობს ფსიქოლოგი და საკონსულტაციო ცენტრის დამაარსებელი, სანემ ჰაფიზი.

რა იწვევს მგზავრობის შიშით ნაკარნახევ შფოთვით აშლილობას?

გამგზავრებამდე შფოთვის განცდას ხელი უამრავმა სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება შეუწყოს. ბევრი სხვადასხვა მიზეზით - ფრენის შიშით თუ სამსახურისა და საყვარელი ადამიანების მიტოვებაზე ღელვით - გამოწვეული შფოთვის მეშვეობით ჩვენი ტვინი გვეუბნება, რომ იქნებ სჯობს, მატარებელში, თვითმფრინავში, ავტობუსსა თუ გემზე საერთოდ არ ავიდეთ. ბევრისთვის აეროპორტში რეგისტრაციისა და უსაფრთხოების კონტროლის გავლაც კი ერთობ სანერვიულო პროცესებია. "მგზავრთა ორმოცი პროცენტი შფოთვას თვითმფრინავის როგორც აფრენისას, ისე დაშვებისას განიცდის", - ამბობს სიდამბი. ასევე, საზღვარგარეთ გამგზავრებისას საზღვრის გადაკვეთისას საკონტროლო პუნქტის გავლაზე დარდიც შფოთვის გავრცელებული წყაროა. ბარგთან დაკავშირებით ისეთ საკითხებზე ნერვიულობამაც, როგორებიცაა დააკმაყოფილებს ის წონისა და ზომის მოთხოვნებს და დანიშნულების ადგილას ჩავა თუ არა, შესაძლოა, სტრესი გამოიწვიოს.

ფოტო: Getty

შფოთვითი აშლილობით დაავადებული ადამიანები მგზავრობის შიშით გამოწვეული სტრესის განცდის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. თუ ზოგადად შფოთვა გახასიათებთ, მოგზაურობისას წამოჭრილმა მოულოდნელმა პრობლემებმა, შესაძლოა, უსიამოვნო და ერთი შეხედვით გამოუვალ სიტუაციაშიც კი ჩაგაგდოთ.

რჩევები, რომლებიც მგზავრობის შიშით გამოწვეული შფოთვითი აშლილობის დაძლევაში დაგეხმარებათ

მგზავრობის შიშით გამოწვეულმა შფოთვითმა აშლილობამ, შესაძლოა, ყველაზე გამოცდილი მოგზაურებიც კი შეაწუხოს, მაგრამ ამ პრობლემის გადასაჭრელად და მოგზაურობით სიამოვნების დაუბრკოლებლად მისაღებად რამდენიმე გზა არსებობს.

1. აღიარეთ, რომ შფოთვითი აშლილობა გჭირთ

იმის გაცნობიერების შედეგად, რომ შფოთვა გაწუხებთ, ამოსუნთქვის და შექმნილ სიტუაციაზე დაფიქრების მეტი საშუალება მოგეცემათ. თავს ამ მდგომარეობის ბოლომდე შეგრძნების უფლება მიეცით და მას თვალი გაუსწორეთ. შემდეგ კი შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ის სიტუაციები, რაზეც ღელავთ, უმეტესწილად არც კი მოხდება. და თუ მოხდება, მათთან გამკლავებას აუცილებლად შეძლებთ.

2. მიიღეთ მეტი ინფორმაცია

ფოტო: Getty

შიშების უმრავლესობას ცოდნის ნაკლებობა ან მცდარი წარმოდგენების ქონა იწვევს. მაგალითად, ფრენის შიში, შესაძლოა, თვითმფრინავის ფუნქციონირების არცდონით იყოს გამოწვეული. სტატისტიკის მიხედვით, ფრენა ტრანსპორტირების ყველაზე უსაფრთხო ფორმაა, მაგრამ ბევრისთვის ის მანქანის მართვაზე უფრო სანერვიულოა. თუმცა თუ ამ საკითხს ღრმად შეისწავლით და გეცოდინებათ, რას უნდა ელოდეთ, შესაძლოა, მიღებული ინფორმაცია შიშის შემსუბუქებაში და ძალების მოკრებაში დაგეხმაროთ.

3. შეადგინეთ გეგმა

უთავბოლო ნერვიულობის ნაცვლად, იმაზე დაფიქრდით, თუ რომელი პრობლემაა ყველაზე შემაშფოთებელი ან რომელია უფრო მოსალოდნელი. მერე კი მისი გადაჭრის გზები დასახეთ. სათადარიგო გეგმების არსებობა ისეთი შემთხვევების მოგვარების საშუალებას მოგცემთ, რომელთა გაკონტროლებაც თქვენს ძალებს არ აღემატება.

4. ჩამოწერეთ სია

ფოტო: Getty

ბევრ ადამიანს ისეთი მარტივი რამ, როგორიც თვითმფრინავის აფრენამდე მოსაგვარებელი საქმეების და ჩასალაგებელი ნივთების გრძელი სიის ჩამოწერაა, შფოთვის შემსუბუქებაში შეიძლება დაეხმაროს. ამ ყველაფრის მოფიქრებას რამდენიმე წუთი დაუთმეთ, შემდეგ კი სია შეადგინეთ. როგორც კი რომელიმე პუნქტს შეასრულებთ, მაშინვე გადახაზეთ ის. ზოგჯერ ადვილად მოგვარებად საქმეებზე ერთბაშად ფიქრი საოცრად სტრესულია. ასეთ დროს პატარა პროგრესის ვიზუალურად დანახვაც კი რაიმეს დავიწყების შიშით გამოწვეული შფოთვის შემსუბუქებაში შეიძლება დაგეხმაროთ.

5. გადმოიწერეთ დამაწყნარებელი აპლიკაცია

რელაქსაციის ან მედიტაციის რამდენიმე წუთიც კი გულისცემის და არტერიული წნევის შემცირებასა და შფოთვის ჩახშობაში დაგეხმარებათ. არსებობს უამრავი აპლიკაცია, რომელიც რელაქსაციაში ხელს შეგაშველებთ. თანაც, როცა ის მობილურში გაქვთ, ანერვიულების ან შფოთვის გრძნობისთანავე შეგეძლებათ მისი გამოყენება. თავის დამშვიდება ის უნარია, რომლის გამომუშავებაც სრულიად შესაძლებელია.

6. ხელბარგში თავშესაქცევი ნივთები ჩაალაგეთ

ფოტო: Getty

ჰაფიზი ყურადღების გადასატანად ბორტზე თავშესაქცევი საგნების ატანას გვირჩევს. "ხელბარგში კროსვორდები ან გასაფერადებელი წიგნები ჩაალაგეთ, გადმოიწერეთ გასართობი წიგნები ან ფილმები. არ უყუროთ ან არ წაიკითხოთ არაფერი ისეთი, რაც მკვლელობას, ტერორიზმს, თვითმფრინავის ჩამოვარდნას, ხანძარს, სიკვდილს ან ნებისმიერ სხვა საშიშ თემას ეხება. ის, რასაც კითხულობთ, უსმენთ ან უყურებთ სასიამოვნო განცდებს უნდა აღგიძრავდეთ. შიშისგან და პანიკისგან თავის დასაღწევად ყურადღების გადატანა საუკეთესო საშუალებაა".

7. მოერიდეთ ალკოჰოლს და კოფეინს

კოფეინის შემცველი სასმელების მიღებამ, შესაძლოა, აღგაგზნოთ, რაც შფოთვისთვის დამახასიათებელი განცდაცაა. ალკოჰოლის მიღებამ კი, შესაძლოა, თქვენი მგრძნობელობა დააქვეითოს. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ის ყურადღების გადატანაში გეხმარებათ, მაგრამ, სინამდვილეში, ის შემეცნებითი უნარების დარღვევას და ორგანიზმის დეჰიდრაციას იწვევს - ეს კი ის ორი მდგომარეობაა, რომელსაც მგზავრობისას განსაკუთრებით უნდა აარიდოთ თავი.

8. თან გქონდეთ ქაღალდის პარკი

ფოტო: Getty

ლანჩისთვის განკუთვნილ ამ პარკებს პანიკური შეტევის დაწყების შემთხვევაში, შეიძლება, მნიშვნელოვანი დანიშნულება გაუჩნდეთ და მალევე დაგამშვიდოთ. დაჯექით და ის ცხვირ-პირზე ისე აიფარეთ, თითქოს ჟანგბადის ნიღაბი იყოს. შემდეგ კი ასიდან უკუთვლა დაიწყეთ და თან შეძლებისდაგვარად ნელა და ღრმად ისუნთქეთ. პანიკური შეტევისას სუნთქვას მკერდით იწყებ და ის ზედაპირული ხდება. ჩვენ მუცლის კუნთებიდან უნდა ვისუნთქოთ, რათა ფილტვებიდან ჩასუნთქული ჟანგბადის სანაცვლოდ ორგანიზმიდან ნახშირორჟანგი სრულად გამოვდევნოთ. თუმცა ეგრეთ წოდებული მუცლის სუნთქვა დამატებით ძალისხმევას საჭიროებს და პანიკური შეტევისას განცდილი ძლიერი ტკივილის დროს ადამიანთა უმეტესობა ასე ღრმად სუნთქვას ვერ ახერხებს. ქაღალდის პარკში მუცლით უფრო ღრმა და ნელ სუნთქვას შეძლებთ, უკუთვლა კი ყურადღების გადატანის ერთგვარი გზაა, რომელიც დამშვიდებაში გვეხმარება. გარდა ამისა, იმ ჰაერის ჩასუნთქვა, რომელიც პარკში უკვე ამოისუნთქეთ, სხეულში ნახშირორჟანგის კონცენტრაციას გაზრდის. ეს ჰიპერვენტილაციის ჩახშობაში დაგეხმარებათ და სისხლში ნახშირორჟანგის და ჟანგბადის შემცველობის ბალანსს აღადგენს.

9. გაკვნიტეთ ყინულის კუბები

თუ ქაღალდის პარკის მეთოდი თქვენთვის მოსახერხებელი არაა, სიდამბი ენერგიის ფოკუსირებისთვის და დაძაბულობის გასაფანტად ყინულის კუბების დაღეჭვას გირჩევთ.

10. სახეზე ცივი წყალი შეისხით

სახეზე ცივი წყლის შესხმა პანიკური შეტევისას კლასიკური დასამშვიდებელი მეთოდია. კვლევამ აჩვენა, რომ სახეზე ცივი წყლის მოხვედრა პარასიმპათიკური სისტემის ვაგუსის ნერვს ასტიმულირებს. ეს სისტემა სუნთქვასა და გულისცემას აკონტროლებს. როცა სხეული სახეზე ცივ წყალს შეიგრძნობს, იმის მოლოდინში, რომ ის წყალქვეშ მოხვდება და მალე სუნთქვაც შეუძლებელი გახდება, გულისცემა და სუნთქვის სიხშირე მნიშვნელოვნად მცირდება.

11. ჯანსაღად იკვებეთ

ფოტო: Shutterstock

მედიცინის ალტერნატიული ფორმა, აიურვედა, სათავეს გონებისა და სხეულის კავშირის შესახებ შექმნილ უძველეს ინდურ სწავლებაში იღება. ამ მიდგომის მიხედვით, დარიჩინის, ძირასა და კოჭას მიღება ნერვების დაწყნარებაში დაგეხმარებათ. ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არაა, კვების რაციონში დარიჩინის მსგავსი სუნელების შემოღებას შეუძლია თუ არა შფოთვითი აშლილობის სიმპტომების შესუსტება, თუმცა ამ მეთოდს მომხრეები ნამდვილად ჰყავს. შფოთვითი აშლილობის საკვებით შემსუბუქებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე აბების მიღებას, მაგრამ, შესაძლოა, ეს მაინც უკეთესი გამოსავალი იყოს. "გამოჯანმრთელების სწრაფი მეთოდების ძიება და წამლებზე დამოკიდებულება არ არის ის გზა, რომელიც უნდა აირჩიოთ", - ამბობს სიდამბი. ამის ნაცვლად, დიდ მოგზაურობამდე რამდენიმე დღით და კვირით ადრე დასვენებისა და სწორი კვების გზით საკუთარ თავზე ზრუნვა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

12. მიმართეთ შემცნებით ქცევით თერაპიას

შემცნებითი ქცევითი თერაპია ფსიქოლოგთან საუბარს მოიაზრებს. მას შეუძლია ძლიერი ეფექტი მოახდინოს იმაზე, თუ როგორ რეაგირებთ სტრესულ სიტუაციებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოჯანმრთელების სწრაფი მეთოდი ნამდვილად არაა, ის მგზავრობაზე წარმოდგენის შეცვლაში დაგეხმარებათ და მოულოდნელად წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის მარტივ გზებს გასწავლით. "თუ ფიქრების შეცვლას მოახერხებთ, რეაგირების და ქცევის შეცვლასაც შეძლებთ", - ამბობს ჰაფიზი.

13. ჩაიტარეთ ჰიპნოთერაპია

ფოტო: Patrick Heagney / Istockphoto

თუ ფრენის შიში ძალიან ძლიერია, აეროფობიის კლინიკაში ან ჰიპნოთერაპიით მკურნალობაზე დაფიქრდით. ეს ინტენსიური მეთოდი ფობიის დაძლევაში დაგეხმარებათ. შიშის დასამარცხებლად მის გამომწვევ მიზეზებში უნდა გაერკვეთ. ამის დადგენა ჰიპნოზის საშუალებითაა შესაძლებელი. ჰიპნოტისტი დროთა განმავლობაში შეძლებს თქვენი გონების ისე შეცვლას, რომ შიში მოგეხსნათ და ფრენას როგორც დადებით გამოცდილებას, ისე შეხედოთ. შედეგად, ფესვებგამდგარი ფობიის დაძლევას მოახერხებთ.

14. ექიმს მედიკამენტები გამოაწერინეთ

თუ ყველა სხვა არაფარმაკოლოგიურმა მიდგომამ გიმტყუნათ, იმის დროა, რომ ექიმმა შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტები გამოგიწეროთ. ბენზოდიაზეპინების ჯგუფის წამლები, რომლებიც კლონაზეპამს და ლორაზეპამს შეიცავენ, ინტენსიური შფოთვის და პანიკის თავიდან ასაცილებლად სწრაფად მოქმედებენ. თუმცა ეს მედიკამენტები მიჩვევას იწვევს, ამიტომაც მათი გამოყენება რეკომენდირებულია პანიკის ექსტრემალური გამოვლინებისას, როცა ფობიის ინტენსიურ შეტევას განიცდით. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ის ალკოჰოლთან ერთად არ უნდა მიიღოთ. გელბარტი ამბობს, რომ მას ჰყოლია რამდენიმე პაციენტი, რომელსაც ეს მედიკამენტები ერთხელაც არ გამოუყენებია. მათ, უბრალოდ, ის ფაქტი ამშვიდებთ, რომ ჯიბეში უდევთ წამალი, რომლის მიღებასაც საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze