იორდანიულ ავიაკომპანია Fly Jordan-ს ხვალ, 30 აგვისტოს იორდანიიდან საქართველოში ჩარტერული ფრენა აქვს დაგეგმილი, თუმცა, ფრენაზე ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან ამ დრომდე არ მიუღია. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა, თამარ გუნდაძემ On.ge-ს უთხრა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში On.ge-ს დაუდასტურეს, რომ Fly Jordan-ისთვის ფრენების უფლების მინიჭებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ. მათი თქმით, ამ თემაზე განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.

“ავიაკომპანიას იორდანიიდან საქართველოში ფრენების შესრულებისთვის ნებართვაზე დაბრკოლება არასდროს ჰქონია. თუმცა, 26 აგვისტოს, არაოფიციალურად და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამოქალაქო ავიაციამ უარი განაცხადა დაშვების ნებართვის გაცემაზე. ხვალინდელ ფრენას 150 მდე ადამიანი ელოდება, ისინი საქართველოში 25 აგვისტოს ტურისტული ვიზიტით ჩამოფრინდნენ”, — ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, თამარ გუნდაძე.

ის აღნიშნავს, რომ სააგენტო ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს უჭერს მხარს და მათ ფრენებზე თანხმობას ამ მიზეზით არ აძლევს. გუნდაძის თქმით, იორდანიამ ჯორჯიან ეარვეისს ფრენაზე უარი უთხრა, ვინაიდან, იორდანიის მოთხოვნაა, მგზავრების 30 პროცენტი ტურისტი იყოს, რასაც ქართული ავიაკომპანია არ ასრულებდა. მისი ვარაუდით, ამ მიზეზით ეუბნება სააგენტო იორდანიის ავიაკომპანიას ფრენებზე უარს.

გუნდაძე დასძენს, რომ Fly Jordan-ის მგზავრების 100 პროცენტი ტურისტია და საავიაციოს მხრიდან პროცესის გაჭიანურება გაუგებარია. ის მიიჩნევს, რომ ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემა მთავრობებმა უნდა გადაწყვიტონ და ამით კერძო ბიზნესი არ უნდა დაზარალდეს.

Facebook კომენტარები