შოტლანდია-საქართველოს რაგბის მატჩზე დასასწრებად და ქართველი სპორტსმენების საგულშემატკივროდ ქართველი გულშემატკივარი, სანდრო დათიშვილი საქართველოდან შოტლანდიაში ველოსიპედით ჩავიდა.
მართალია, ფავორიტი გუნდის საგულშემატკივროდ ადამიანები ხშირად მიემგზავრებიან ხოლმე ერთი ქვეყნიდან მეორეში, თუმცა, სანდრომ ამისთვის გაცილებით რთული გზა აირჩია და პირველი ივნისიდან დღემდე არც მეტი, არც ნაკლები 5,358 კილომეტრი გაიარა.
"რაგბი საქართველოში ძალიან პოპულარული სპორტია, მაგრამ ქართველები ყოველთვის ვერ ახერხებენ საკუთარი გუნდის გულშემატკივრობას მაშინ, როდესაც თამაშები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იმართება", — ამბობს სანდრო BBC Scotland News-სთან ინტერვიუში.
25 წლის სანდროს, რომელიც სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, პროფესიით კი არქიტექტორია, ამხელა მანძილზე ველოსიპედით აქამდე არასდროს უმოგზაურია.
ის აი, ასე ემზადებოდა თბილისიდან გასამგზავრებლად:
ქართველ მოგზაურს ძალიან უნდოდა მსოფლიოსთვის დაენახვებინა, რომ ქართველებს საკუთარი გუნდის გულშემატკივრობა ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია და ამისთვის სულაც არ გასჭირვებია ველოსიპედით დღეში 120 კილომეტრი გაევლო.
საბოლოო მიზნამდე სანდრომ თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, გერმანიაში, სერბეთსა და ავსტრიაში იმოგზაურა. გერმანიაში აღებული ვიზის საშუალებით კი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა. საბოლოოდ, 4 სექტემბერს ის შოტლანდიის დედაქალაქში, ედინბურგში იმყოფებოდა.
სანდროს იმედი აქვს, რომ ქართველ სპორტსმენებთან შეხვედრის შესაძლებლობაც მიეცემა.
საქართველოსა და შოტლანდიას შორის თამაში დღეს, 6 სექტემბერს გაიმართა და ანგარიშით 43:16 შოტლანდიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.