მოგზაურობის დაგეგმვისას დანიშნულების ადგილს ყველა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით არჩევს: იქნება ეს უცხო კულტურა, ადგილობრივი სამზარეულო, თბილი კლიმატი, იშვიათი ისტორიული ძეგლები თუ საშოპინგოდ მისაღები ფასები. თუმცა, ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად ყველასთვის საერთო ინტერესებში შედის, მაგრამ არის ისეთი დეტალებიც, რომელთა გამოც რომელიმე გეოგრაფიულმა წერტილმა შეიძლება ძალიან მიგიზიდოს, მაგრამ ამას ყველას სათანადოდ ვერ აუხსნი, რადგან უბრალოდ ვერ გაგიგებენ.

მაგალითად, რომელიმე გულმხურვალე მკითხველს მხოლოდ იმიტომაც კი შეიძლება უნდოდეს კონკრეტულ ქალაქში მოგზაურობა, რომ საყვარელი მწერლის სახლ-მუზეუმი მოინახულოს. სწორედ ასეთი დაინტერესება შეიძლება ჰქონდეს ისეთ ადამიანსაც, რომელსაც კატები უყვარს: თუ ზოგიერთ მოგზაურს სეირნობისას მომხიბვლელი არქიტექტურა უხარებს გულს, ფისომოყვარულებს ქუჩაში კატების ხილვა და მათზე მოფერება მოჰგვრიდა დიდ სიამოვნებას.

ეს სურვილი სულაც არ არის ფანტასტიკის ჟანრი, მეტიც, არაერთი ქვეყანა და ქალაქი არსებობს, სადაც კატები ძალიან უყვართ, განსაკუთრებული სითბოთი ზრუნავენ მათზე და შესაბამისად, ასეთი ქალაქების ქუჩებშიც თავისუფლად მონავარდე კატებს ხშირად გადააწყდებით. ამ სტატიაში სწორედ ისეთი ხუთი ქალაქის შესახებ გიამბობთ, სადაც მოგზაურობა ფისომოყვარულებისთვის განსაკუთრებით ჯადოსნური იქნება.

1. რომი, იტალია

განუმეორებელი ისტორიული ძეგლებისა და ანტიკური კულტურული ნიმუშების გვერდით რომში ათი ათასობით კატა თანაცხოვრობს, რომლებსაც ადგილობრივები განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობიან. როგორც ამბობენ, კატები იქ ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროს სარგებლობდნენ დიდი პოპულარობით. შესაბამისად, იტალიის ამ მშვენიერ ქალაქში მოგზაურობისთვის ფისომოყვარულებს სპაგეტისა და პიცის დაგემოვნებასთან ერთად კიდევ სხვა საბაბიც აქვთ.

ფოტო: Public Domain

2. სტამბოლი, თურქეთი

სტამბოლი შეიძლება თურქეთის არა, მაგრამ კატების დედაქალაქი ნამდვილად არის: ალბათ, რთული სათქმელია, ამ ქალაქში უფრო ბევრ რაჰათ-ლუხუმს გადააწყდებით თუ ქუჩაში ბინადარ კატას. თანაც თხუთმეტ მილიონიანი მაცხოვრებლების სრული უმრავლესობა მათ მეფურად ექცევა: ქუჩის ნებისმიერ კუთხეში შეხვდებით მათთვის განკუთვნილ წყლითა და საკვებით სავსე ჯამს.

ფოტო: Getty

3. კატების სოფელი, ტაივანი

ტაივანში არც მეტი, არც ნაკლები არსებობს სოფელი, რომელშიც მცხოვრები განსაკუთრებით დიდი რაოდენობის კატების გამო მას კატების სოფელი უწოდეს. იქ კატებს იმდენად დიდ პატივს სცემენ, რომ გზებზე სპეციალური ნიშნებიცაა, რომლებიც მძღოლებს ფრთხილად მოძრაობისკენ მოუწოდებს, რათა კატებს შემთხვევით არ დაეჯახონ.

ფოტო: Own work

4. სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი

1942 წელს სანქტ-პეტერბურგში ვირთხებისგან გავრცელებულმა ჭირმა მოსახლების დიდ ნაწილს სასიცოცხლო საფრთხე შეუქმნა, თუმცა მაშინ ქალაქი სწორედ კატებმა გადაარჩინეს და ვირთხების დიდი ნაწილი გაანადგურეს. მას შემდეგ კატები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობენ იქ და მათ ყველაზე უჩვეულო ადგილებშიც კი გადააწყდებით: კაფეებში, მუზეუმებსა თუ გემებზე.

ფოტო: Wikipedia

5. ტოკიო, იაპონია

ალბათ, ერთი კონკრეტული ქალაქის დასახელება სულაც არ არის საჭირო, რადგან მთელი იაპონია ცნობილია კატების სიყვარულით: ლიტერატურაში თუ მხატვრობაში მათ ხშირად აღწერდნენ და გამოსახავდნენ. ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება მათ მიმართ დღემდე შემორჩენილია, რის გამოც ტოკიო მათთვის ძალიან მეგობრული ადგილია და სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან კატა შემოგხვდებათ. თანაც არა მხოლოდ ნამდვილი კატები: ეს ხომ Hello Kitty-ს სამშობლოა!

ფოტო: Shutterstock

გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze