ინდონეზიის სახელოვანი კომოდოს კუნძული 2020 წლიდან ტურისტებისთვის დახურულ ზონად გამოცხადდება. ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც 2019 წლის მარტში პოლიციამ კომოდოს დრაკონის ბრაკონიერთა ჯგუფი დააკავა. ინდონეზიური გამოცემის Tempo თანახმად, სამთავრობო გადაწყვეტილება ძალაში 2020 წლის იანვრიდან შევა, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი აკრძალვა — მათთვის უცნობია.

კომოდის დრაკონი დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე დიდი ხვლიკია — მისი სიგრძე 3 მეტრს, ხოლო წონა 70 კგ-ს აღწევს. ამ გიგანტურ არსებებს საოცრად შხამიანი ნერწყვი აქვთ და მათ შესაძლოა ადამიანებსაც შეუქმნან საფრთხე. თუმცა, მსოფლიო ცხოველთა ფონდის მონაცემებით დედამიწაზე სულ რაღაც 6 000 კომოდოს დრაკონი შემორჩა და ისინი მხოლოდ კომოდოს ეროვნულ პარკში ბინადრობენ. ამ გასაოცარი არსებების ნაწილისათვის საცხოვრებელი სივრცე სწორედ ეს ინდონეზიური კუნძული გახლავთ.

კუნძულის ტურისტებისთვის ჩაკეტვის გადაწყვეტილება ინდონეზიის გარემოს დაცვის სამინისტრომ მიიღო. მიზეზი კონტრაბანდისტთა ჯგუფის დაკავება აღმოჩნდა — მათ 41 კომოდოს დრაკონი ჰყავდათ მოპარული შავ ბაზარზე გასაყიდად. თითოეული მათგანის ფასი 35 000$-ს აღწევს.

ტურისტული მორატორიუმი ძალზე წაადგებათ კონსერვაციონისტებს, რომლებიც ხვლიკების საარსებო გარემოს გამოიკვლევენ და ეცდებიან მათი კვებისთვის საჭირო ენდემური ნარგავები შეინარჩუნონ. მეცნიერებს ასევე იმედი აქვთ, რომ ამ ღონისძიების შემდგომ კომოდოს დრაკონთა პოპულაცია გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ტურისტების საყვარელი პოპულარული სივრცე კონსერვაციული მიზნებით დაიკეტა. 2017 წელს ტაილანდმა ტურისტებისთვის განუსაზღვრელი დროით დახურა მისი 4 კუნძული, რათა ამით ადგილობრივი მარჯნის რიფები დაეცვა.

ინდონეზიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ კომოდოს დრაკონის ნახვა ინდონეზიაში ტურისტად ყოფნისას შეუძლებელია. დამთვალიერებლებისათვის მხოლოდ კომოდოს კუნძული იხურება — აქ ამ გიგანტური ხვლიკების რაოდენობა 1 800-ს აღწევს. ტურისტებს მათი ნახვა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სხვაგანაც შეუძლიათ, მაგალითად რინკასა და გილი მოტონგის კუნძულებზე.


გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.

Facebook კომენტარები